თავშესაფრისთვის ევროპაში - რა ემუქრება უვიზო რეჟიმს
ბერლინის ერთ-ერთ უბანში, სიმწვანეში ჩაფლულ მდიდრულ კერძო სახლებს შორის ორი კორპუსი დგას, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ლტოლვილები ცხოვრობენ. საერთო საცხოვრებლის წინ კახა (სახელი შეცვლილია) მხვდება. შენობაში შესასვლელად დაცვასთან რეგისტრაციას გავდივართ. თითო მაკონტროლებელი ასევე ყველა სართულზეა. მესამე სართულზე ავდივართ და პატარა ოთახში შევდივართ. აქ ყველაფერია, რაც ცხოვრებისთვის არის საჭირო: საწოლი, მაგიდა, საწერი მაგიდა, მომცრო აბაზანა-ტუალეტი. მაგიდაზე ხილი აწყვია.
27 წლის კახა აქ 2017 წლის ნოემბრიდან ცხოვრობს. იგი გეია. მისი თქმით, მან ეს 10 წლის ასაკში გააცნობიერა და იმთავითვე იცოდა, რომ საქართველოში მას ასე ცხოვრება არ გამოუვიდოდა. კახა ერთ-ერთია იმ მრავალი მიგრანტიდან, ვინც ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით ისარგებლა, გადაწყვიტა ბედი ეცადა და ევროპაში თავშესაფარი ეპოვა.
მან ქუთაისი-ბერლინის ბილეთი იყიდა და გერმანიაში შემოსვლისთანავე ლტოლვილის სტატუსი ითხოვა. ახლა მას ხელზე თვეში 109 ევროს აძლევენ, უზრუნველყოფენ საკვებით და ქალაქში სამგზავრო ბილეთით. ახლახანს გერმანული ენის კურსებზე დაიწყო სიარული, რომლებიც ასევე გერმანიის მთავრობის მიერ ფინანსდება. მისი ცხოვრება ნელ-ნელა კალაპოტში დგება.
“საქართველოში მუდმივ დისკრიმინაციას განვიცდიდი, სამსახურებიდან მაგდებდნენ. ბოლო სამსახური რესტორანში მიმტანობა იყო. მორიგი კონფლიქტის შემდეგ მე იქ მითხრეს, რომ ასეთები არ სჭირდებათ. ერთხელ მთვრალმა კლიენტმა ისე მცემა, მოტეხილი ყბით საავადმყოფოში აღმოვჩნდი”, – ჰყვება კახა.
იგი ამტკიცებს, რომ საქართველოდან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციას გამოექცა.
“ჩვენც გვაქვს ღირსეული ცხოვრების უფლება. ჩვენი იუსტიციის მინისტრი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის დისკრიმინაცია და ყველაფერი კარგადაა. ჩემს ქვეყანაში კარგად რომ მეცხოვრა, ჩემს ოჯახთან დავრჩებოდი. ახლა შემიძლია მშვიდად დავიძინო, მშვიდად ვჭამო და არ ვიფიქრო იმაზე, რომ დღევანდელი დღე გადავიტანე, არავინ მცემა, შეურაცხყოფა არ მომაყენა, ჩემი საიდუმლო არ გაუგია… აქ თავისუფლად ვსუნთქავ”.
კახას საქართველოდან წამოსვლის კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა – იგი აივ-ინფიცირებულია. ბერლინში ჩამოსვლისთანავე მას ტუბერკულიოზიც აღმოაჩნდა. ახლა კრიზისი დაძლეულია – იმ დღიდან, რაც თავშესაფარზე განცხადება შეიტანა, მას მკურნალობის კურსი უტარდება.
ვიზალიბერალიზაცია და მისი შედეგები
წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებს თავისი საზღვრები გაუხსნა. თუმცა, ვიზალიბერალიზაცია ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარი ევროპული არჩევანის ერთგულების დამტკიცებას ცდილობს, რთულ გამოცდად რჩება. საქართველო ევროპაში ჰუმანიტარული მიგრაციის მხრივ ქვეყნების ათეულში აღმოჩნდა.
ფაქტები:
2018 წლის იანვარში ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მისაღებად საქართველოს 1748 მოქალაქემ მიმართა, თებერვალში – 1650, მარტში – 1613 (შედარებისთვის, 2016 წლის მარტში განაცხადების რაოდენობამ 541 შეადგინა, 2017 წლის მარტში – უკვე 753).
გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური უწყების (BAMF) მონაცემებით, 2017 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფრის თხოვნით 3462 განაცხადი შეიტანეს. 2018 წლის იანვარ მარტში – 1633. ამგვარად, საქართველო ლტოლვილის სტატუსის მაძიებელთა რაოდენობის მიხედვით ერიტრეასა (1839) და სომალის (1360) შორის აღმოჩნდა. თუმცა, ბოლო მონაცემებით, 2018 წლის იანვრიდან მაისამდე განაცხადების რაოდენობა მუდმივად მცირდებოდა და მაისში მხოლოდ 174 შეადგინა.
ლტოლვილის სტატუსის მოპოვებას თავშესაფრის მთხოვნელ საქართველოს მოქალაქეთა ძალიან მცირე ნაწილი – 2 პროცენტზე ნაკლები ახერხებს.
ყოველი ადამიანის ისტორია, რომელმაც სამშობლოს დატოვება გადაწყვიტა, ინდივიდუალურია. მხოლოდ ამ ადამიანმა იცის, ეს გადაწყვეტილება რამ მიაღებინა. თუმცა, ჩვენი გმირების ისტორიებში საერთო ტენდენციებიც იკვეთება. დიკსრიმინაციის გარდა, მთავარ მიზეზებად ისინი სამშობლოში მიუწვდომელ ჯანდაცვასა და უბრალოდ სიღარიბეს ასახელებენ.
მიგრანტების დაყოფა დროის მიხედვითაც შეგვიძლია: ვიზალიბერალზიაციამდე და მის შემდეგ.
60 წლის ბონდო ფიფიას ქალაქ კემნიცის (ყოფილი კარლ-მარქს-შტადტის) ონკოლოგიურ კლინიკაში შევხვდით, სადაც იგი კიბოს მკურნალობს. იგი აფზახეთიდან დევნილია და ფოთში ცხოვრობდა. მაც არც სამსახური და არც სტაბილური შემოსავალი გააჩნდა.
ბონდო მკურნალობისთვის საჭირო თანხების სახელმწიფოსგან მიღებას ამაოდ ცდილობდა. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხები მკურნალობას არ ჰყოფნიდა. მან ყველაფერი გაყიდა და 6 ათასი ლარი შეაგროვა, თუმცა ესეც საკმარისი არ აღმოჩნდა. და მაშინ მან ბოლო, სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადადგა.
“2017 წლის აპრილში ევროპაში წასვლა გადავწყვიტე. ცოცხალმკვდარი ვიყავი, ხელები მიკანკალებდა. დორტმუნდში მარტო ჩავფრინდი. იქ ავტობუსზე დავჯექი და როგორც შემეძლო, ხალხის გამოკითხვა დავიწყე. რუსულის მცოდნე ქალბატონი შემხვდა და კემნიცში წასვლა მირჩია, რადგან აქ ბევრი რუსულენოვანია”, – ჰყვება ბონდო.
იგი ჯერ ლტოლვილთა ბანაკში მოხვდა, გამოკვლევების შემდეგ კი საავადმყოფოში დააწვინეს. ამან გადაარჩინა – მისი თქმით, საქართველოში რომ დარჩენილიყო, ჯერ კიდევ შვიდი თვის წინ მოკვდებოდა. იგი გერმანიის ძალიან მადლიერია: “სულ ვამბობ, რომ ორი სამშობლო მაქვს – აფხაზეთი და კემნიცი. აქ მეორედ დავიბადე”.
ბონდო ამბობს, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას აპირებს.
ბონდოსგან განსხვავებით, გიორგის (სახელი შეცვლილია) დაბრუნების გეგმები არ გააჩნია, რადგან მისი მოზარდი შვილის ჯანმრთელობა გერმანელი ექიმების ხელშია. მის შვილს თანდაყოლილი დაავადება აქვს და ასაკთან ერთად მისი მდგომარეობა რთულდებოდა. გიორგი და მისი შვილი გერმანიაში 2016 წლის ბოლოს ჩამოვიდნენ და თავშესაფარი ითხოვეს.
“ჩემი მეუღლე სკოლის მასწავლებელია, მე მალიარი ვარ, რემონტებს ვაკეთებ. მაგრამ თანხები არ გვყოფნიდა, რომ შვილისთვის რეგულარულად გვემკურნალა, ეს მთელი ცხოვრება უნდა ვაკეთოთ. გავიგე, რომ კემნიცში ლტოლვილთა დიდი ბანაკია, ამიტომაც აქ ჩამოვედი”.
გერმანიაში ლტოლვილის ცხოვრება თავდაპირველად საკმაოდ რთული აღმოჩნდა – სამი თვე გიორგი და მისი შვილი ლტოლვილთა ბანაკში “კონტეინერში” ცხოვრობდნენ. შემდეგ მათ საცხოვრებლად ბინა გამოუყვეს, ოჯახს გაერთიანების საშუალება მისცეს, ყველას ერთად თვეში 1300 ევროს უხდიან.
გიორგის და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსი არ გააჩნიათ, მხოლოდ ქვეყანაში 2018 წლის ოქტომბრამდე ყოფნის უფლება აქვთ. გაუგრძელებენ თუ არა ამ უფლებას, არ იციან. ეს იმაზეცაა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა გიორგი იმის დამტკიცებას, რომ საქართველოში მისი შვილის მკურნალობისთვის თანხის გადახდა მოუწევს. იგი ამბობს რომ ეს პრობლემაა – მთავრობას ასეთი საბუთის გაცემა არ სურს. გარდა ამისა, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება გერმანიის შესაბამის უწყებებს აწვდის ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ყველა სახის მკურნალობა უფასოა და ამიტომ თავისუფლად შეიძლება ყველა ლტოლვილის უკან გაშვება, ვისაც მკურნალობა სჭირდება.
33 წლის ნელისთვის (სახელი შეცვლილია) გზა ლტოლვილობიდან სამუშაო ვიზის მიღებამდე საკმაოდ რთული იყო. იგი უკვე მეოთხე წელია გერმანიაში ცხოვრობს. ერთი წელია, რაც ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მედდად დაიწყო მუშაობა.
ნელი აფხაზეთიდანაა. ომის შემდეგ იგი ჯერ რუსეთში აღმოჩნდა, მოგვიანებით კი საქართველოში დაბრუნდა. ნელი გათხოვდა, ორი შვილი ეყოლა. მისი თქმით, ოჯახს საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. თუმცა, მოგვიანებით ბიზნესი გაკოტრდა, ნელის კი ბევრი პირადი პრობლემა გაუჩნდა, რის გამოც ქვეყნის სამუდამოდ დატოვება გადაწყვიტა. ნაცნობების დახმარებით მან “ტაქსისტი” იპოვა, რომელმაც 4 ათას ევროდ ბერლინში გადაიყვანა.
“როდესაც ჩამოვედით, ჯიბეში სულ 10 ევრო მქონდა დარჩენილი. აქ არავინ მყავდა, იძულებული გავხდი თავშესაფრის თხოვნით მიმემართა. არ ვიცი, ეს როგორ გამოვიდა, მაგრამ დარჩენის უფლება მომცეს. ჯერ ოფიციანტად ვმუშაობდი, პარალელურად ვსწავლობდი და მედდის პროფესიას დავეუფლე – აქ ეს ძალიან მოთხოვნადი და კარგად ანაზღაურებადი პროფესიაა. დღეისთვის ჩემი თავის და ოჯახის შენახვა შემიძლია”, – ამბობს ნელი.
საქართველოში დაბრუნებაზე იგი არ ფიქრობს.
რა ელის უვიზო მიმოსვლას?
2018 წლის თებერვლიდან გერმანელმა პოლიტიკოსებმა განგაშის ზარი შემოჰკრეს. ბუნდესტაგის წევრმა ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციიდან სტეფან მაეირმა გაზეთ “ველტთან” ინტერვიუში “თავხედური და მიუღებელი” უწოდა უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევას საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან. მისი თქმით, ისინი ცდილობენ მიიღონ თავშესაფარი გერმანიაში, რათა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით ისარგებლონ, მაგრამ ამ განცხადებებს წარმატების შანსები არ გააჩნია.
“ლტოლვილის სტატუსის მაძიებელთა რაოდენობის სამჯერ ზრდასთან დაკავშირებით, მოქმედების დრო დადგა. თუ ეს მოვლენები დროულად არ შეჩერდება, ევროკავშირმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას მოქმედება შეუძლია და გააუქმოს უვიზო რეჟიმი (საქართველოს მოქალაქეებისთვის)”, – განაცხადა მაიერმა.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის ინტეგრაციის მინისტრმა იოაჰიმ შტამპმა კი გერმანიის ფედერალურ მთავრობას ზომების მიღება მოსთხოვა. თავის წერილში იგი აღნიშნავდა, რომ თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა საქართველოდან გაიზრდა, მათი ნაწილი კი კრიმინალურ საქმიანობას ეწევა. გარდა ამისა, გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული პრობლემების რაოდენობა ლტოლვილთა ბანაკებში.
ბერლინის მიგრანტთა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზიაციის, კლუბ “დიალოგის” ხელმძღვანელი ნატალია რესლერი გვიხსნის, რომ ხშირად სტატისტიკის მონაცემები საერთო კონტექსტის გათვალისწინების გარეშე მოჰყავთ.
“მაგალითად, სტატისტიკა გვეუბნება, რომ ბოლო რვა თვის განმავლობაში ჩრდილო რეინ ვესტფალიის მიწაზე საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნები სამჯერ გაიზარდა. ეს ძალიან შთამბეჭდავად ჟღერს და მედიაც ამ თემას აშუქებს. სინამდვილეში კი ასეთი მოთხოვნა თუ 145 იყო, გახდა 740. ეს რიცხვი რომ სხვა ქვეყნებიდან ათასობით მოთხოვნას შევადაროთ, ზღვაში წვეთია”
ექსპერტის თქმით, ნეგატიური ინფორმაციის ტალღა ძირითადად ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის, ბატენ ვიუტენბერგის და ბავარიის მიწებიდან მოდის.
“მაგრამ, არ მგონია, უვიზო რეჟიმი გაუქმდეს. არის რამდენიმე მექანიზმი, რაც ახლა გერმანიამ შეიძლება აამოქმედოს. არის დროებითი შეჩერების მექანიზმი. გარდა ამისა, შეიძლება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს (დღეისთვის საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს საფრანგეთმა, ნორვეგიამ, ბულგარეთმა, ირლანდიამ და ავსტრიამ – JAMnews), რაც დეპორტაციის პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან არის მონდომება, ხელისუფლება თანამშრომლობს გერმანიის მთავრობასთან და ეს ძალიან ფასდება”, – განმარტავს რესლერი.
ბერლინში მოქმედი მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი ოლგა გულინა მიიჩნევს, რომ მართალია, უვიზო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეთა ნაკადი გაზარდა, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ, თუმცა საფუძველი უვიზო რეჟიმის გაუქმებისთვის ჯერჯერობით არ არსებობს.
“პოლიტიკოსებმა ევროპულ დონეზე ოფიციალურად განაცხადეს, რომ ასეთი რამ შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ საქართველო შეწყვეტს თანამშრომლობას და რეადმისიის პირობებს არ შეასრულებს. რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანები, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე, უკან უნდა დაბრუნდნენ. თუ საქართველო ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გააგრძელებს და განახორციელებს მძლავრ საინფორმაციო კამპანიას, ვიზალიბერალიზიაცია არ გაუქმდება”.
ორგანიზაცია Berliner AIDS-Hilfe-ს მიგრანტებთან მუშაობის კოორდინატორი სერჯიუ გრიმალსკი თავის დაკვირვებებს გვიზიარებს. მისი თქმით, თუ ადრე (2000-ანი წლების განმავლობაში) საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში იშვიათობა იყო, დღეს მათი რაოდენობა შესამჩნევად გაზრდილია.
“ჩემი კლიენტების (აივ-ინფიცირებული მიგრანტების) ჯგუფში თვეში მაქსიმუმ 3-5 ქართველი იყო. ვიზების გაუქმების შემდეგ ხუთი სამუშაო დღიდან ორს მთლიანად ქართველებს ვუთმობ. მაგალითად, ამ კვირაში შვიდი ქართველი მყავს, იქედან ოთხი ახალჩამოსულია”.
ვიზალიბერალიზაცია და კრიმინალი
დამნაშავეობა საქართველოს მოქალაქეთა შორის და მომძლავრებული “ქართული მაფია” ევროპული, განსაკუთრებით გერმანული მედიის ერთ-ერთი პოპულარული თემა გახდა. ჩვენ გერმანიის ფედერალურ კრიმინალურ პოლიციას მივმართეთ და ბოლო 4 წლის სტატისტიკა გამოვითხოვეთ, მათ შორის უცხო ქვეყნების მოქალაქეთა მერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით.
ფაქტები:
გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა მიერ ჩადენილი რეგისტრირებული დანაშაული
2014 წელი – 6,501
2015 წელი – 8,085
2016 წელი – 7,598
2017 წელი – 7, 671
საქართველოს მოქალაქეები ძირითადად ქურდობებში არიან ეჭვმიტანილნი – ბინების გაქურდვიდან მაღაზიებში ქურდობებსა და ველოსიპედების მოპარვამდე.
სტატისტიკის შესწავლისას ვხედავთ, რომ, ჯერ ერთი, 2017 წელს საქართელოს მოქალაქეთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე 2016 წელს, თუმცა უფრო ნაკლები, ვიდრე 2015-ში. შესაბამისად, უვიზო რეჟიმს კრიმინალის დონეზე არ უმოქმედია, ყოველ შემთვევაში 2017 წელს.
და მეორე – ქართული კრიმინალი გერმანიაში მოწინავე პოზიციებს სულაც არ იკავებს. ყველაზე წინ გერმანიის მეზობლები პოლონელები არიან. ევროკავშრის მოქალაქეებს შორის ასევე რუმინეთი, საბერძნეთი და იტალია ლიდერობენ. სხვ ქვეყნების მოქალაქეებიდან – სირიელები და ერაყელები. ალბანეთი და კოსოვო – ასევე არა ევროკავშირის წევრი პატარა ქვეყნები, ამ “რეიტინგში” საქართველოს ბევრად წინ უსწრებენ.
ბერლინის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი კარსტენ მილიუსი ჩვენთან საუბრისას შეეცადა აეხსნა, როგორ აღიქვამს ქართული კრიმინალის პრობლემას გერმანული საზოგადოება.
“ვერ ვიტყვით, რომ ქართველები განსაკუთრებით გამოირჩევიან. რა თქმა უნდა, როდესაც იზრდება თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა, ყოველთვის მოიძებნება ხალხი, ვინც გადაწყვეტილების მოლოდინის პერიოდს იყენებს კრიმინალისთვის. საქართველო პატარა ქვეყანაა, თანაც გერმანიისგან შორს მდებარეობს. გერმანული პრესისთვის ეს ერთგვარი ეგზოტიკის ნიშანია».
მისი თქმით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორედ ბინების ქურდობა, (რასაც ყველაზე ხშირად სწორედ ქართველებს აბრალებენ), ძალიან სენსიტიური, ინტიმური სფეროა და ზოგიერთი ადამიანისთვის სექსუალურ ძალადობას უტოლდება. ის დაზარალებულთა შიშებს ძალიან ღრმად ეხება.
“ეს ძალიან პოლიტიკური თემაცაა, ის მოსახლეობის მიერ საკუთარი უსაფრთხოების სუბიექტურ აღქმას ეხება. როდესაც დასავლეთ გერმანიაში დაიჭირეს ქურდების ჯგუფი საქართველოდან, ეს გახდა თემა, რომელსაც პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა”.
თანაც, სწორედ ბინის ქურდობების გამოძიება და დამნაშავეთა დაკავება ყველაზე რთულია.
სერჯიუ გრიმალსკი მიიჩნევს, რომ მიგრაციას საქართველოდან აქვს დანაშაულის პოტენციალი, ისევე როგორც მიგრაციას ნებისმიერი ღარიბი ქვეყნიდან. თუმცა, მას არ სჯერა, რომ მასზე ვიზალიბერალიზაციამ იმოქმედა:
“ახალჩამოსულებმა ჯერ ქვეყანა არ იციან, ვერ ერკვევიან მენტალობაში და ა. შ. დამნაშავე რომ იყო, მსხვერპლს უნდა იცნობდე. კრიმინალები საქართველოდან აქ ვიზალიბერალიზაციემდეც იყვნენ”.
ასევე ფიქრობს ნატალია როსლერიც:
“ვფიქრობ, სავიზო რეჟიმის გაუქმებამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო კრიმინალს. სიმართლის მარცვალი ამაში არის. მაგრამ, ამის გაზვიადება ისე, რომ მთელ ქართულ დიასპორას დაღი დაასვა, სასაცილოა”.
სხვა გზა
საქართველოს ბევრი მოქალაქე ევროპაში მოსახვედრად არა “ლტოლვილობას”, არამედ სხვა გზას ირჩევს. 35 წლის ნინო ყაველაშვილისთვის ევროპაში დამკვიდრების გზა გრძელი, თუმცა საიმედო იყო. ბევრი თანამემამულის მსგავსად, იგი გერმანიაში 17 წლის წინ Au-pair პროგრამით ჩავიდა, რომელიც გერმანულ ოჯახში ცხოვრებას და ბავშვების მოვლის პარალელურად ქვეყნის ენისა და კულტურის შესწავლას ითვალისწინებდა. შემდეგ მან უნივერსიტეტში ჩაბარება და კარგი სამსახურის პოვნაც შეძლო.
საქართველოდან ლტოლვილთა ნაკადის ზრდისა და ქართული კრიმინალის თემა მას საკმაოდ აშფოთებს. იგი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება უსამართლოა.
“ის, რომ ქართველები ჩამოდიან, ძალიან კარგია და ეს ასეც უნდა იყოს. ის, რომ ზოგჯერ არასწორ გზას ირჩევენ, ეს არის არასწორი, საშინელი, სავალალო გადაწყვეტილება. მაგრამ არ მგონია, რომ ეს რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიზეზი უნდა გახდეს. იმიტომ, რომ არიან სხვა ქართველები, რომლებიც სხვაგვარად ცხოვრობენ, ამდიდრებენ გერმანულ საზოგადოებას, რომლებიც უყვართ გერმანელებს, რომლებსაც უყვართ გერმანელები. უბრალოდ უსამართლობაა ფოკუსის ნეგატივზე გადატანა”.
საქართველოს ძალისხმევა
არჩილ ყარაულაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი JAMnews-ისთის მიცემულ კომენტარში ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს “საქართველოს მთავრობის უდიდესი ძალისხმევის და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის ხელშესახებ შედეგსა და მონაპოვარს” უწოდებს.
მან აღნიშნა, რომ საქართველო სრულად ასრულებს რედამისიის ვალდებულებას, რაც ევროკომისიის ანგარიშებიც არის აღნიშნული. მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს მიგრაციის სტატისტიკას და ტენდენციებს, ასევე, 2015 წლიდან აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მოსახლეობისთვის ევროპაში უვიზო მოგზაურობის შესახებ. ამჟამად მიმდინარეობს კამპანიის მესამე ეტაპი, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ინფორმირებას ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენების ნეგატიური შედეგების შესახებ.
უკვე მიღებულია კანონი, რომელიც გვარის შეცვლის პროცედურებს ართულებს – რაც იყო ერთ-ერთი “ხვრელი” მათთვის, ვისაც დეპორტაციის შემდეგ ევროპაში დაბრუნება სურდა. განიხილება სხვა ინიციატივებიც, რომლებიც დარღვევების შესაძლებლობას შეზღუდავს.
დამნაშავეობასთან ბრძოლის მხრივ საქართველოს მთავრობა წარმატებით თანამშრომლობს ევროპოლთან, Eurojust-თან და საზღვრების დაცვის ევროპულ სააგენტო FRONTEX-თან.
ამ ყველაფერმა, საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ხელი შეუწყო უვიზო რეჟიმის დარღვევების შემცირებას.
“უნდა ვნახოთ, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზომები რამდენად იქნება აღსრულებადი და გარდა ამისა, იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში, სამწუხაროდ, ეკონომიკური ვითარება ისეთია, რომ ადამიანები იძულებულები არიან, ეძებონ საარსებო შესაძლებლობები სხვაგან, არ მგონია, რომ ეს ზომები საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებლების ნაკადს შეაჩერებს”, – გვითხრა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა.
“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი კი მიიჩნევს, რომ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში ზოგადად გაზრდილი კრიმინალია. ასევე ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ გააჩნიათ ევროპაში ლეგალურად მუშაობის უფლება, რის გამოც ისინი თავშესაფრის მოთხოვნის უფლებას ეკონომიკური მიზნებისთვის იყენებენ.
“ეს არის ძალიან მწვავე პრობლემა და ცხადია, რაღაც ბიუროკრატიული ხვრელების ამოქოლვა მიზეზებს ვერ გამოასწორებს”, – მიიჩნევს კანდელაკი.
მისი აზრით, მთავარი, რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს – ნამდვილად ებრძოლოს კრიმინალს და უმუშევრობის პრობლემა მოაგვაროს.