კომენტარი: რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი უკრაინაში და როგორ დასრულდება ის რუსეთისთვის
უკრაინის კონტრშეტევა: რა არის შემდეგი
უკრაინელებმა კონტრშეტევის შედეგად 10 სექტემბერს ერთ დღეში გაათავისუფლეს ტერიტორია, რომლის დასაპყრობად რუსეთს ორი თვე დასჭირდა. ამ მნიშვნელოვან მომენტამდეც კი, ბევრი ანალიტიკოსი ამბობდა, რომ გარდამტეხი მომენტი ბრძოლაში მალე დადგებოდა.
რა შეიძლება მოხდეს შემდეგ? როდის და როგორ დასრულდება ომი? გთავაზობთ სემ გრინის და ვლადისლავ ინოზემცევის კომენტარებს.
კომენტარი
სემ გრინი, ლონდონის კინგს კოლეჯის რუსული ინსტიტუტის დირექტორი. მისი Twitter-ის კომენტარის ძირითადი თეზისები.
სუნთქვისშემკვრელი და შთამაგონებელი. უპირველეს ყოვლისა, ეს ამბები აჩვენებს, თუ რამდენად რთულია ჩვენთვის ამ ომის ანალიზი.
ჯერ კიდევ გუშინ, დასავლურ პოლიტიკურ წრეებში – მათ შორის აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ექსპერტებსა და ოფიციალურ პირებს შორის – კონსენსუსი იყო, რომ რუსეთი ვერ იმარჯვებდა ამ ომში, მაგრამ ამავე დროს, ვერც უკრაინა იგებდა.
ძნელი იყო ვინმეს პოვნა, ვისაც სჯეროდა, რომ უკრაინას შეეძლო მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა ტერიტორიების დაბრუნებაში.
დასავლეთში ომით დაღლილობის მზარდი ნიშნები იყო. მათაც კი, ვინც ყოველთვის უკრაინას უჭერდა მხარს, დაიწყეს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის გზების ძიება.
ახლა არავინ იცის, კიდევ სადამდე შეუძლიათ უკრაინულ ძალებს წინსვლა, რა იმპულსის შექმნა შეუძლიათ და როგორ შეცვლის ეს ომის ხასიათს.
მაგრამ უცებ, საუბრები იმაზე, რომ ომი გამოფიტვამდე გაგრძელდება, შეწყდა.
ომი არ არის წრფივი განტოლება ტყვიებითა და ბომბებით. ეს ემოციური ფენომენია და მეტწილად გარემოებითი.
ომში – ისევე როგორც პოლიტიკაში – იმის დაჯერება, რაც შემდეგ მოხდება, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე რეალურად მომხდარი.
მაცდურია იმის ვარაუდი, რომ ომის გუშინდელი ვერსია არასწორი იყო და რომ ამ ომის შედეგი ახლა დამოკიდებული იქნება რუსეთის უნარზე, დაუპირისპირდეს უკრაინის შეტევას.
ანალოგიურად, წამახალისებელი ისტორიები უკრაინის არმიის გაძლიერებისა და რუსული თავდაცვითი ხაზების განადგურების შესახებ დღეს მართალია, მაგრამ ხვალ შეიძლება, არასწორი იყოს.
სულ მცირე, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ვარაუდი, რომ ომის მომავალი არის ხაზოვანი პროექცია იმისა, რასაც დღეს ვხედავთ – როგორიც არ უნდა იყოს ეს.
და არის მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ომის მომავლის წინასწარმეტყველების მცდელობა.
საქმე იმაშია, რომ წინასწარმეტყველება აკავშირებს პოლიტიკას ფიქციასთან და იწვევს არასწორ მოლოდინებს.
უკრაინის კონტრშეტევა: რა არის შემდეგი
- კომენტარი: ევროკავშირს შეუძლია მიიღოს უკრაინა, მოლდოვა და საქართველო
- “შიშველი ხელებით ჯოჯოხეთში”: ქალაქი კრემენჩუკი დაბომბვის შემდეგ
- როგორ ეხმარება Facebook-ი პუტინს და სხვა ავტორიტარ ლიდერებს საინფორმაციო ომში
კომენტარი
ვლადისლავ ინოზემცევი, რუსი პოლიტოლოგი. მისი კომენტარის მთავარი თეზისები გამოცემა Republic–ში
თავისთავად, ერთი ქვეყნის ჯარების შეჭრა მეორე ქვეყანაში ომის გამოცხადების გარეშე არ არის რაღაც ორიგინალური. შეერთებულმა შტატებმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 80-ზე მეტჯერ განალაგა თავისი ჯარები საკუთარი საზღვრების მიღმა. ბოლოს შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად ომი მტერს 1941 წელს გამოუცხადა.
მაგრამ უკრაინასა და რუსეთს შორის შეტაკება უნიკალური მოვლენაა ბოლო 75 წლის განმავლობაში.
- ეს არის პირველი დიდი ომი ევროპაში, რომელიც დაიწყო პოსტიმპერიული კოლაფსის კონტექსტში. იუგოსლავიაში, ტაჯიკეთში, სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში ომები აწარმოეს ახალმა სახელმწიფოებმა, რომლებმაც ვერ მიიღეს აღიარება ვერც ერთმანეთისგან და ვერც საერთაშორისო საზოგადოებისგან.
რუსეთსა და უკრაინას შორის სასაზღვრო ხელშეკრულება თითქმის 20 წლის წინ გაფორმდა.
- პირველად სულ მცირე 1973 წლის შემდეგ, ომში საფრთხის წინაშე დგას მოწინააღმდეგეების არსებობა. არაბეთ-ისრაელის ომების დროიდან მოყოლებული, მთელი სახელმწიფოს „დესუვერენიზაცია“ არასოდეს ყოფილა შემტევი მხარის მიზანი.
- ამ ომში დამარცხებით აგრესორს ემუქრება სოციალური და პოლიტიკური კატასტროფა, პოლიტიკური რეჟიმის სრული დემონტაჟით – რუსეთის დამარცხების შემთხვევაში პუტინი და მისი გარემოცვა ხელისუფლებაში ვეღარ დარჩებიან. და ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
- 1990-იანი წლების დასაწყისიდან პირველად საერთაშორისო საზოგადოებამ აშკარად დაიკავა აგრესიის მსხვერპლის მხარე. მტერს შეუძლია არაერთი ქვეყნის ნეიტრალიტეტის იმედი ჰქონდეს, მაგრამ არა მათი დახმარების.
- “დიახ, რუსეთი დამარცხდება”. ოსი სამხედროების საუბარი ბიბილოვთან
- მოსაზრება: ეროვნული სირცხვილის დღე
- მოსკოვი აფხაზეთს ემუქრება – შესაძლებელია თუ არა ვითარების ნორმალიზება? ექსპერტის ანალიზი და ვიდეო
ომის ხანგრძლივობა და მისი მსხვერპლი
უკრაინის კონტრშეტევა: რა არის შემდეგი? ფრთხილი ოპტიმიზმი.
არსებული სიტუაციიდან „ჩვეულებრივი“ გამოსავალი არ არსებობს და აი, რამდენიმე არგუმენტი:
- რუსმა სამხედროებმა და დაქირავებულებმა ჩაიდინეს ასობით სამხედრო დანაშაული, რასაც მოჰყვა ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი. ეს ყველაფერი უკრაინისთვის საშინელს და მიუღებელს ხდის თვით ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისთვის დატოვების იდეასაც კი.
- 2014 წლიდან პუტინი ხალხში საკუთარ პოპულარობას მჭიდროდ უკავშირებს უკრაინის ტერიტორიის „მცოცავ ანექსიას“. რადგან ბოლო ათი წლის განმავლობაში ის მოსახლეობას სხვა მიღწევას ვერ უჩვენებს, უკრაინაში ვერ გაიჭედება.
ომის დასრულების ნებისმიერი ვარიანტი, გარდა უკრაინის სახელმწიფოებრიობის დანგრევისა, რუსეთისთვის არ განიხილება.
- უკრაინელი ხალხისთვის დღეს არის სამამულო ომი. უკრაინა თავის ათასწლიან ისტორიაში უნიკალურ პერიოდს გადის – ქვეყანა ირჩევს არა სხვა ბატონს, არამედ საკუთარ თავისუფლებას. ამავდროულად, მზარდი მსხვერპლი მხოლოდ შურისძიების მზარდ წყურვილს იწვევს.
- უკრაინას ყველანაირი მხარდაჭერა აქვს დასავლეთის ქვეყნებიდან – თითქმის ყველა თანხმდება, რომ უკრაინის დამარცხების თავიდან აცილება თავისუფალი სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა.
დღემდე უკრაინამ მიიღო ან მიღების პროცესშია 45 მილიარდი დოლარის იარაღი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსული არმიის რამდენიმე წლის განმავლობაში იარაღსა და საბრძოლო მასალის შესყიდვაზე გაწეული ხარჯები.
დასავლეთის ეკონომიკური და სამხედრო-ტექნოლოგიური უპირატესობა რუსეთზე იმდენად დიდია, რომ მოსკოვმა რეალურ გამარჯვებაზე არც კი უნდა იოცნებოს.
- რუსეთს დღეს პრობლემები აქვს ჯარის შევსებასთან და განადგურებული ტექნიკისა და დახარჯული საბრძოლო მასალის გამოცვლასთან დაკავშირებით, მაგრამ მის სამხედრო ინდუსტრიას შეუძლია აწარმოოს და მოახდინოს საკმარისი იარაღის მოდერნიზება პოზიციური ომის ჩასატარებლად. მოსკოვს ამისთვის სამყოფი თანხა კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ექნება.
ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ომი შეიძლება კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდეს, მით უმეტეს, რომ მხარეთა ძალთა ბალანსი დღეს თანაბრად გამოიყურება.
რა თქმა უნდა, ასეთი პროგნოზი მსხვერპლისა და ზარალის დიდ რაოდენობას ითვალისწინებს.
სხვადასხვა შეფასებით, რუსული მხარის ზარალი უკვე 50 ათას ადამიანს აჭარბებს. და თუ ომი კიდევ ერთი წელი გაგრძელდება, მათ რაოდენობა შეიძლება 150-170 ათასი გახდეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ახლა უფრო და უფრო ნაკლებად გაწვრთნილი ჯარისკაცები გავლენ ბრძოლაში.
უკრაინის მხრიდან ზარალი უკვე აღწევს, ვფიქრობ, ნახევარ მილიონ ადამიანს. მხოლოდ მარიუპოლში 100 000-მდე ადამიანი დაიღუპა ან უკვალოდ გაუჩინარდა. ასე რომ, ერთ წელიწადში მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება გაორმაგდეს.
უკრაინა ამ ომს არ წააგებს, მაგრამ ის შესაძლოა თითქმის მთლიანად განადგურებული და სისხლისგან დაცლილი გამოვიდეს.
ზარალი უკვე 1 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. ომის დასასრული იქნება აღდგენის პერიოდის დასაწყისი, რომელიც გაგრძელდება მრავალი წლის განმავლობაში.
როგორი იქნება ომის შემდგომი სამყარო?
უკრაინის ომი აძლიერებს უნიპოლარულ სამყაროს: დასავლეთმა დაკარგა ილუზია, რომ შესაძლებელია მშვიდობიანად თანაცხოვრება ავტორიტარულ რეჟიმებთან.
2010-იანი წლების შუა პერიოდისთვის რუსეთმა მიაღწია უზარმაზარ თავისუფლებას:
- დაანაწევრა საქართველო.
- მოახდინა ყირიმის ანექსია.
- შექმნა მარიონეტული რესპუბლიკები დონბასში.
- მას პრაქტიკულად უფლება მიეცა რომ სირიაში, ბაშირ ალ-ასადის ტერორისტულ მთავრობას დახმარებოდა, რომელიც არ დაეცა.
- ღიად დაამყარა კონტაქტები ავღანეთის ხელისუფლებაში მოსულ თალიბანთან.
ასეთ პირობებში გათამამდნენ სხვა რევიზიონისტული ძალებიც, განსაკუთრებით ჩინეთი, რომელმაც საკმაოდ ხმამაღლა დაიწყო ოცნება ტაივანის „დაბრუნებაზე“.
შესაბამისად, ომის მთავარი შედეგი იქნება დასავლური სამყაროს საზღვრების გაძლიერება, მისი მოკავშირეების დამატებითი შეიარაღება და რაიმე მნიშვნელოვანი ნეიტრალიტეტის უარყოფა (რაც უკვე ჩანს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების მაგალითზე).
რუსეთის საზღვრებთან ახალი რკინის ფარდა დაიდგმება და ჩინეთის ირგვლივ სერიოზული თავდაცვითი ალიანსები აშენდება.
დასავლეთისთვის კონფლიქტის ღირებულება რამდენიმე ტრილიონი დოლარი იქნება, მაგრამ საბოლოოდ დასავლური ცივილიზაცია გახდება უფრო შეკრული და ტექნოლოგიურად განვითარებული.
რა მოუვა რუსეთს?
კრემლის თავზე უკრაინის დროშა არ აფრიალდება. ასევე, ნაკლებად სავარაუდოა რუსეთის დაშლა.
დიდი ალბათობით, არსებულ პირობებში სამხედრო დამარცხება გამოიწვევს არსებული რეჟიმის ძლიერ გამკაცრებას.
ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შეიძლება ჰქონდეს უკიდურესად სავალალო შედეგები რუსეთისთვის, მაგრამ დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს არ იქნება დიდი ტრაგედია.
2022 წლის თებერვალში რუსეთმა თავისი პოსტსაბჭოთა იმიჯით მოაწერა ხელი საკუთარ სიკვდილს. ის ვერ შეცვლის სამყაროს, მაგრამ თავად გადავარდება წარსულში და დაშლის იმ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც ბოლო დრომდე პასუხობდა რუსეთის მოქალაქეების დიდ უმრავლესობას.