ადვოკატი: მსაჯულებმა გაამართლეს ტაქსისტი, რომელმაც პუტინისტები გომბორზე დატოვა. რას ამბობს პროკურატურა
ტაქსისტი რომელმაც პუტინისტები გომბორზე დატოვა
ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, მსაჯულებმა გაამართლეს ტაქსისტი, რომელმაც პუტინისტი რუსები გომბორზე დატოვა. მისი ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად, 12-ით 0-ის წინააღმდეგ, უდანაშაულოდ ცნეს რუსეთის ორი მოქალაქის მიმართ ეთნიკური ნიშნით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული ტაქსის მძღოლი – ამირან ბოკუჩავა. ბრალდებულს სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
თუმცა სხვა ვერსია აქვს პროკურატურას. მათი განმარტებით, “იანდექსის” ტაქსის მძღოლმა ლიტვისა და რუსეთის მოქალაქეები თბილისის აეროპორტიდან მშრალ ხიდამდე მიიყვანა და სანაცვლოდ 23 ლარის ნაცვლად 195 ლარი მოსთხოვა. როგორც უწყება აკონკრეტებს, მგზავრებმა მძღოლს საკითხის გადასაწყვეტად პოლიციაში მისვლა შესთავაზეს, მაგრამ მან მანქანის კარი ჩაკეტა და ისინი გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით წაიყვანა, გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ლარი მოსთხოვა. პროკურატურის ცნობითვე, მგზავრები მანქანიდან გადახტნენ, რის გამოც ერთ-ერთმა მათგანმა დაზიანება მიიღო.
ადვოკატის ვერსია
“ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ რუსებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა არ არის დანაშაული. მინდა, მადლობა გადავუხადო ხალხს, ჩვენ დღეს, ხალხის სახელით დავამარცხეთ რუსული იმპერიალიზმი”. – წერს ჩომახაშვილი.
ადვოკატის ინფორმაციით, ამირან ბოკუჩავას რუსეთის მოქალაქეები თბილისის აეროპორტიდან მიჰყავდა და მას მგზავრებმა უკრაინული სიმღერის ჩართვა აუკრძალეს. ამის შემდეგ, ამირან ბოკუჩავამ ისინი გომბორზე წაიყვანა და იქ დატოვა.
“რუსები სასამართლოს ატყუებდნენ, ძალით წაგვიყვანაო, რეალურად ძალით არ წაუყვანია – მოატყუა და უთხრა, გომბორიდან წადით ფეხით სასტუმროშიო, გაბრაზდნენ და უჩივლეს. რეალურად, რუსებმა როგორც სჩვევიათ, დაამცირეს ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ბრალდება ამბობდა, რომ უკრაინული მუსიკის რუსებისთვის სპეციალურად ჩართვა დისკრიმინაციააო. ნაფიცმა მსაჯულებმა ჩათვალეს, რომ ეს არ იყო არც დისკიმინაცია და არც თავისუფლების აღკვეთა”. – განმარტავს ადვოკატი Facebook-ზე.
● საქართველო და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – რატომ ასოცირდება ქვეყანა “შავ ხვრელთან”?
● რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 600-ზე მეტი კომპანია დააფუძნეს. ბინადრობის უფლება 2.000 მოქალაქეს მიენიჭა
● რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას სამოქალაქო სექტორიც ითხოვს
პროკურატურის ვერსია
9 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ტაქსის მძღოლს რუსი ტურისტებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვას არ ედავებოდნენ:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, 2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 04:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი, კომპანია „იანდექსის“ აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით, თბილისში მშრალი ხიდის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ სასტუმრომდე იმგზავრეს, სადაც ბრალდებულმა მათ მგზავრობის საფასურად 195 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა აპლიკაციაში მითითებულ მგზავრობის ღირებულებას – 23 ლარს.”
პროკურატურის მტკიცებით, მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, რა დროსაც მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს, ხსენებულით განაწყენებულმა ბრალდებულმა კი დაძრა ავტომანქანა და გაემართა უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. როგორც უწყებაში ამბობენ, მძღოლმა დაზარალებულები პოლიციის განყოფილების ნაცვლად, მანქანის გაუჩერებლად, ჩაკეტილი კარებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა.
“ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან, თუმცა ბრალდებულმა სცადა არ მიეცა დაზარალებულებისთვის ამის საშუალება და კვლავ დაძრა ავტომანქანა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა ავტომანქანიდან და სახისა და კიდურების არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. ავტომანქანიდან მგზავრების გადახტომისა და გაქცევის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.” – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ადვოკატის მხრიდან მსგავსი “სიცრუის ტირაჟირება” არღვევს ეთიკის ნორმებს:
“მოვუწოდებთ აღნიშნული ცრუ ინფორმაციის ავტორებს, თავი შეიკავონ საზოგადოებისთვის სენსიტიური თემების გამოყენებით ყალბი ამბების შექმნისგან და გავრცელებისგან.”