სომხეთის სოციალურ ქსელებში ნარკოტიკები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება
სომხეთში ნარკობიზნესი ონლაინ რეჟიმში გადავიდა. მხოლოდ Telegram-ზე 1200-ზე მეტი ონლაინმაღაზია გაჩნდა, რომლებიც ყველანაირ ნარკოტიკს პრობლემების გარეშე ყიდიან. საშუალოდ, ყოველ 1 წუთში, ამ პლატფორმებზე ნარკოტიკებს 400-დან 600-მდე ადამიანი ეძებს.
ინტერნეტში ნარკოტიკების გავრცელების შესახებ და იმის შესახებ, თუ ვინ ხდება ამ ხელმისაწვდომი „სიამოვნების“ მსხვერპლი – ექსპერტები და ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან.
“თქვენ გესმით, რომ ცხოვრობთ უცხო ადამიანთან”
ლილიტი თანახმაა საუბარზე, მაგრამ არა საკუთარ სახლში, რადგან მათ, უკვე დიდი ხანია სტუმრები აღარ ჰყავთ. ერთი წლის წინ, მისი ოჯახი იყო ერთ-ერთი იმ ათასობით ოჯახიდან, ვისაც არასდროს სმენოდა ნარკოტიკების შესახებ. მამა მეცნიერია, დედა ინჟინერი, ორი შვილი, რომლებიც მხოლოდ აბედნიერებდნენ მათ – “მშობლები ამაყობდნენ ჩვენი მიღწევებით” – უნივერსიტეტებში ჩაბარება, წარჩინებით დამთავრება.
„ყოველთვის შორს ვიყავი იმ აზრისგან, რომ მხოლოდ დისფუნქციური ოჯახებიდან გამოსული ან პრობლემური ბავშვები არიან ნარკოტიკებზე დამოკიდებული. მივხვდი, რომ ეს ბოროტება ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. ჩემი ძმა 24 წლის იყო – ამ ასაკში ცოტა ადამიანი ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდში მოზარდები უფრო მიდრეკილნი არიან ნარკოტიკების ან სხვა დამოკიდებულებისკენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ“, – ამბობს ლილიტი.
მან პირველმა შენიშნა, რომ მისი ძმა შეიცვალა: ის თითქმის აღარ ლაპარაკობდა, მისი განწყობა მოულოდნელად მკვეთრად გაუარესდა – გულგრილიდან ემოციურ მწვერვალებამდე. იმ დროს ოჯახის ცხოვრებაში საგანგაშო ცვლილებები არ ყოფილა და ლილიტს ეჩვენებოდა, რომ მის ძმას სასიყვარულო პრობლემები ჰქონდა:
„ის საათობით იკეტებოდა თავის ოთახში, საერთოდ არ ლაპარაკობდა, არ ჭამდა. თანდათან შეწყვიტა გარეგნობაზე ზრუნვა, თუმცა ის ასეთი არასდროს ყოფილა. შემდეგ დაიწყო გაუთავებელი კონფლიქტები და სკანდალები. ჩემი ძმა, რომელსაც აქამდე ხმა არ ამოუღია, ჩემს თვალწინ ურჩხულად იქცა. მივხვდი, რომ სრულიად უცხო ადამიანთან ვცხოვრობდი“.
ძმის მეგობარმა უამბო იმის შესახებ, რაც მის თავს ხდებოდა. ლილიტი დარწმუნებით ამბობს რომ, რომ არა მისი მეგობრების სიკეთე და ყურადღება, დასასრული საშინელი იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ მისი ძმა თვეების განმავლობაში იყენებდა სინთეტიკურ ნარკოტიკს. სულ მალე ვალები დაედო, სამსახური დაკარგა.
„ჯერ კიდევ არ მესმის, როგორ გაება ჩემი ძმა ამ ხაფანგში. არც ერთ მის მეგობარს არ აქვს ეს პრობლემა. მეტიც, რომ არა მათი გულწრფელობა და პატიოსნება, არც კი მინდა ვიფიქრო, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მეგობრებმა ჯერ ძმასთან დალაპარაკება სცადეს – ეს იყო ბოლო სასოწარკვეთილი მცდელობა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ძმამ მეგობრებთან იჩხუბა და დღემდე უარს ამბობს მათთან ურთიერთობაზე. მაგრამ ახლა, მგონი, აღარ ბრაზობს, უბრალოდ რცხვენია“, – ამბობს ლილიტი.
როდესაც გაიგეს რა ხდებოდა მათი შვილის თავს, მშობლებმა სცადეს დაერწმუნებინათ იგი, სპეციალისტებთან წაყოლოდა. ის წინააღმდეგი იყო. ლილიტი ამბობს, რომ ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პრობლემა გასაიდუმლოებულიყო, მაგრამ სომხეთში ვერაფერს დამალავ – ასეთი ჭორები ელვის სისწრაფით ვრცელდება. ძალიან მალე ლილიტის ოჯახი მიხვდა, რომ მათ მეგობრები აღარ ჰყავდათ:
„ძმის დამოკიდებულება რაღაც სტიგმად იქცა, ჩემი ნათლიისა და დეიდის, დედაჩემის დის გარდა არავინ დაგვრჩა. ხალხს ეშინოდა, არ სურდათ მათ შვილებს ჩვენთან ურთიერთობა ჰქონოდათ, და, გულწრფელად რომ ვთქვათ, მე მესმის მათი. მაგრამ ასეთ შემთხვევებში ადამიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, არავინ არის დაზღვეული. ბოლოს და ბოლოს, არც ერთი მშობელი არ ამოწმებს რას აკეთებს მათი ზრდასრული შვილი სოციალურ ქსელებში.“
მორიგი სკანდალის შემდეგ ლილიტის ძმა მკურნალობაზე დათანხმდა. რამდენიმე თვე საავადმყოფოში იწვა, ახლა კი მკურნალობა სახლში გრძელდება. გოგონა ამბობს, რომ მათი ცხოვრება აღმავლობისა და დაცემის სერიას წააგავს, მაგრამ ექიმები ირწმუნებიან, რომ ყველაზე უარესი უკან დარჩა:
„ახლა მშობლებზეც ვღელავ – მათი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ისინი იზოლირებულები, მორცხვები არიან. დედაჩემს სერიოზული დეპრესია ჰქონდა, მამა საერთოდ არავისთან ურთიერთობს. არ ვიცი, შეძლებს თუ არა ჩვენი ოჯახი ამ ყველაფრის გადალახვას, მაგრამ ვიცი, რომ გამოუსწორებელი დანაკარგები გვაქვს. სულ მცირე, სულის სიმშვიდე აღარ დაგვიბრუნდება. ”
„ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი იზრდება, მათ შორის სულ უფრო მეტი ახალგაზრდაა“
სომხეთში, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 7570 ადამიანი დარეგისტრირდა ნარკომანიის სამკურნალო ეროვნულ ცენტრში. 2021 წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 7100 იყო, 2020 წელს – 7209.
ბოლო წლებში სომხეთში ნარკომომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა, ამბობს ნარკომანიის სამკურნალო ეროვნული ცენტრის დირექტორი სურენ ნაზინიანი.
„მათ 70 პროცენტი 30-50 წლისაა. მაგრამ ბოლო ხანებში, ცხადია, რომ ნარკოტიკების მოხმარება გაახალგაზრდავდა და უკვე ხშირია მოზარდებშიც. რეგისტრირებულთა შორის 170 ქალია. საერთო რიცხვში შედიან არა მხოლოდ ისინი, ვინც მკურნალობენ, არამედ სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებით ექსპერტიზაზე გაგზავნილი პირებიც.“
ცენტრი ეხება ქიმიურ და არაქიმიურ ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მკურნალობასაც. 2020 წლიდან პაციენტებს სთავაზობენ არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ სოციალურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას, რაც, ექსპერტების აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია.
აქ მკურნალობა უფასოა – როგორც მედიკამენტებით, ასევე ფსიქოლოგიური მომსახურებით. ცენტრი მუშაობს არა მხოლოდ პაციენტებთან, არამედ მათ ოჯახებთანაც.
„კვლევები აჩვენებს, რომ ნარკოდილერების მთავარი სამიზნე თინეიჯერები არიან, გაყიდვების უმეტესობა ინტერნეტის საშუალებით ხდება. ამ კუთხით ბევრი სამუშაოა გასაწევი, საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამები და ცნობიერების ამაღლება. დღეს ახალგაზრდები და არასრულწლოვნები დიდ დროს ატარებენ ინტერნეტში, სადაც ნარკოტიკები ხელმისაწვდომია სხვადასხვა აპლიკაციებისა და სოციალური პლატფორმების საშუალებით.
სამართალდამცავები თავის საქმეს აკეთებენ, მაგრამ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განათლება. ადრე თუ გვიან ისინი ნარკოტიკების შესახებ სხვადასხვა წყაროდან იგებენ, მაგრამ როგორ? იქნებ მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებით ვაცნობოთ ბავშვებს, რომ ნარკოტიკების შეთავაზების შემთხვევაში მათგან იყოს წინააღმდეგობა“, – ამბობს სურენ ნაზინიანი.
ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა გამოწვეულია ახალი სინთეტიკური ნარკოტიკების გავრცელებით, განმარტავს ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტანტი ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის დარგში გევორგ ფაშიკიანი. მათი აღმოჩენა ძნელია და ორგანიზმისთვის შედეგები შეუქცევადად უარყოფითია.
„არის კიდევ ერთი საფრთხე: ამ ახალმა ნარკოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ფსიქიკური აშლილობა. პირველი გასინჯვის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს მწვავე ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც სტაციონარული მკურნალობა გარდაუვალია. ძალიან ხშირად, ასეთი დარღვევები ქრონიკულია.“ – ამბობს ექსპერტი.
ვინ და როგორ ყიდის ნარკოტიკებს ინტერნეტით
„ნარკოდისპანსერი“, „ნარკოლოგი“, „ლუსი“, „პროფესორი“ – ეს არის ოთხი იმ 1200 ტელეგრამ-არხიდან, რომლებითაც სომხეთში ნარკოტიკები იყიდებოდა და რომლებიც სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს. მაგრამ საბოლოო ჯამში, ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობა თითქმის უკონტროლოა.
ნარკოტიკების გაყიდვის მთელი პროცესი ონლაინ ხდება – შეკვეთის განთავსებიდან და გადახდიდან – ქეშის შესახებ ინფორმაციის გადაცემამდე, საიდანაც შეგიძლიათ აიღოთ „საქონელი“. იქ არა მხოლოდ გამყიდველი, არამედ მყიდველიც ანონიმურად რჩება.
2020 წელს, პოლიციის ინფორმაციით, ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გავრცელების პროცესში 15 ათასზე მეტი ადამიანი იყო ჩართული. ერთ-ერთმა დაკავებულმა პოლიციას განუცხადა, რომ სამალავში მიტანილი თითოეული პაკეტისთვის – საიდანაც მყიდველს საქონელი უნდა აეღო – კრიპტოვალუტაში სამიდან ოთხ დოლარს იღებდა. ახალგაზრდამ ისიც თქვა, რომ ამ სამუშაოსთვის თვეში ათას დოლარს იღებდა.
2022 წელს პოლიციამ სოციალური ქსელების საშუალებით ნარკოტიკების რეალიზაციის 20-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინა.
“გმობა პრობლემას არ წყვეტს”
ლილიტი ამბობს, რომ ძმასთან ურთიერთობა აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო, მაგრამ მან ისწავლა, რომ ის არ უნდა განსაჯოს. ფსიქოლოგთან მუშაობამ ხელი შეუწყო მათ შორის ურთიერთგაგებას და მიხვედრას იმისას, რომ დამოკიდებულებას არა როგორც არჩევანს, არამედ როგორც დაავადებას უნდა შეხედოს.
„ჩვენ არ ვგმობთ ჩვენს ახლობლებს, როდესაც მათ აქვთ, მაგალითად, კიბო ან გულის დაავადება. ნარკომანიაც დაავადებაა. დიახ, ძალიან მძიმე და ძნელად სამკურნალო, მაგრამ დაავადება. ჩვენ, ნათესავები უნდა დავეხმაროთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს და არ მივატოვოთ ისინი.” – თვლის ლილიტი.