სამხრეთ კავკასია რუსეთისთვის გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ანალიზი ბაქოდან
შეზღუდული რესურსები ამჟამად ხელს უშლის რუსეთს დომინანტური როლი შეასრულოს სამხრეთ კავკასიაში, მოსკოვი რეგიონის ახალ რეალობაში საკუთარი ინტერესების განსაზღვრის პროცესშია. ამის შესახებ ბაქოში მდებარე სამხრეთ კავკასიის ანალიტიკური ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი. აზერბაიჯანელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, თურქეთს აქვს ყველანაირი პერსპექტივა, გახდეს ლიდერი ამ რეგიონში.
- მოსკოვი აფხაზეთს ემუქრება – შესაძლებელია თუ არა ვითარების ნორმალიზება? ექსპერტის ანალიზი და ვიდეო
- კომენტარი: ევროკავშირს შეუძლია მიიღოს უკრაინა, მოლდოვა და საქართველო
სამხრეთ კავკასიის ანალიტიკურმა ცენტრმა ბაქოში, რეგიონში არსებული ვითარებისა და მასზე რუსეთის გავლენის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. JAMnews ამ მასალას მცირე შემოკლებით აქვეყნებს.
რუსეთი და სამხრეთ კავკასია
“სამხრეთ კავკასიის სამეზობლოა რუსეთი, თურქეთი და ირანი – იმპერიული წარსულის მქონე ქვეყნები. ამჟამად რუსეთი სამხრეთ კავკასიაში კონკურენციას უწევს როგორც თურქეთს და ირანს, ასევე შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს.
სსრკ-ს დაშლის შემდეგ, სამხრეთ კავკასია რუსეთმა მიიღო როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი. შემთხვევითი არ არის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობას არეგულირებს არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო, არამედ ამ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც.
1990-იან წლებში რუსეთმა პრიორიტეტი დასავლეთთან ურთიერთობას მიანიჭა და სამხრეთ კავკასია უკანა პლანზე გადაწია. რეგიონული კონფლიქტები გაყინული იყო და შუამავლობის მცდელობის მიუხედავად, მოგვარების პროცესში პროგრესი არ ყოფილა.
ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წინა პლანზე წამოიწია პოსტსაბჭოთა სივრცემ. 2005 წელს გამოსვლისას პუტინმა სსრკ-ს დაშლას „საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა.
შემდგომ წლებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობამ დაჩრდილა ურთიერთობა სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რომლებთანაც რუსეთი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობდა.
მიუხედავად რეგიონის მნიშვნელობისა და მოსკოვის ძალისხმევისა, ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან დღემდე არათანაბრად ვითარდება.”
სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კლასიფიკაცია რუსეთის ფედერაციის თვალსაზრისით
„მაქსიმალისტური მოლოდინები – სომხეთი. ეს ქვეყანა პოზიციონირებულია, როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) და კოლექტიური უსაფრთხოების (ОДКБ) წევრი.
გიუმრიში რუსეთის 102-ე სამხედრო ნაწილია განთავსებული, ერებუნში კი რუსეთის საჰაერო ძალები. რუსეთი იცავს სომხეთის საზღვრებს მეზობელ ირანთან და თურქეთთან, ასევე ქვეყნის საჰაერო სივრცეს.
2007 წელს, ირან-სომხეთის გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლამდე, რუსეთი მთლიანად ამარაგებდა სომხეთს ბუნებრივი აირით. „არმგოსგაზპრომის“ 80 პროცენტი რუსული „გაზპრომის“ საკუთრებაა, მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს რუსული „ინტერ რაო“ აკონტროლებს, ხოლო სომხურ ელექტროქსელს სომხური წარმოშობის რუსი მილიარდერი, სამველ კარაპეტიანი მართავს.
სომხეთის რკინიგზა 2038 წლამდე იჯარის წესით გადაეცა რუსულ კომპანია “სამხრეთ კავკასიის რკინიგზას.” სომხეთში მოქმედი სამი მობილური ოპერატორიდან ორი რუსულია. რუსეთი არის სომხეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი.
მინიმალისტური მოლოდინები – აზერბაიჯანი. ეს ქვეყანა – თუმცა არ არის ЕАЭС-სა და ОДКБ-ს წევრი – მიზნად არ ისახავს გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი.
ბაქო რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს. აზერბაიჯანის პროგნოზირებად პოლიტიკას პუტინის მმართველობის დროს რუსეთი ადეკვატურად შეხვდა. მაშინაც კი, თუ აზერბაიჯანის ზოგიერთი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი არ შეესაბამება კრემლის პოზიციას, ისინი საფრთხეს არ უქმნიან რუსეთის უსაფრთხოებას.
ტერიტორიული საფრთხე – საქართველო. ეს ქვეყანა პოზიციონირებულია, როგორც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი.
სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანას – საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას – რუსეთი განიხილავს, როგორც საფრთხეს მისი უსაფრთხოებისთვის – იქ ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებისა და ამ სახელმწიფოების ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გამოყენების შესაძლებლობის გამო.
მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლამ ქვეყნის ურთიერთობა ნატოსთან და ევროკავშირთან გააღრმავა. 2007 წელს საქართველოდან განდევნეს რუსული სამხედრო ბაზები – გარდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებისა. 2008 წლის „ხუთდღიანი ომი“ რუსეთის მიერ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე სეპარატისტული რეჟიმების დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდა.
ივანიშვილის გამარჯვებამ ნაწილობრივ აღადგინა ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ საქართველო დასავლური ვექტორიდან ბოლომდე არ გათიშა.
თბილისმა ასევე ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან და 2014 წელს მიიღო ნატოსთან „გაძლიერებული თანამშრომლობის“ პაკეტი.”
რბილი ძალის დაბალი ეფექტურობა
„რუსეთის რბილი ძალის დაბალი ეფექტურობა (ეკონომიკური და ჰუმანიტარული) ხელს უშლის მოსკოვს ურთიერთობების დამყარებაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან.
ამ მიზეზით, რუსეთი ცდილობს ჩაერიოს ამ სახელმწიფოების საშინაო საქმეებში და ცდილობს მათი საგარეო პოლიტიკა საკუთარი ინტერესებს მოარგოს.
ასეთი მცდელობების წარუმატებლობა რუსეთს აიძულებს იყოს უფრო მეტად პრაგმატული. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში ახალი ბალანსის შექმნით, რეგიონულ სახელმწიფოებთან პარტნიორობით და დასავლეთის მონაწილეობის გარეშე.”
სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიული მდებარეობის დადებითი და უარყოფითი მხარეები
„გეოგრაფიული თვალსაზრისით, რუსეთი, თურქეთი და ირანი კავშირში არიან სამხრეთ კავკასიასთან. ამ ქვეყნების მეტოქეობა და თანამშრომლობა – რომლებიც სირიის კრიზისის მთავარი მოთამაშეები არიან – გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიაზეც.
რუსეთის გეოპოლიტიკური კონკურენტებისთვის – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის – სამხრეთ კავკასია ასევე მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ცენტრალურ აზიასთან წვდომის კუთხით.
ცენტრალურ აზიასთან ერთად სამხრეთ კავკასია რუსეთზე ზემოქმედების მოსახერხებელ ბერკეტად ითვლება. ამ თვალსაზრისით, ძალების ადეკვატური ბალანსი ამ რეგიონში რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.”
ძალთა ბალანსი სამხრეთ კავკასიაში
„სსრკ-ს დაშლის შემდეგ 30 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს ზოგადად რუსეთი ადგენდა. ამ პერიოდში სამხრეთ კავკასიის სამმა სახელმწიფომ – აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ სხვადასხვა დონის ურთიერთობები დაამყარეს რეგიონის სამ მეზობელ ქვეყანასთან – რუსეთთან, თურქეთთან და ირანთან.
მათემატიკურად, ძალთა ბალანსი რეგიონში შეიძლება შემდეგნაირად დახასიათდეს:
- რუსეთი +2, -1. ალიანსი სომხეთთან (+), სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანთან (+), ნულოვანი ურთიერთობა საქართველოსთან (-).
- თურქეთი +2, -1. ალიანსი აზერბაიჯანთან (+), სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან (+), ნულოვანი ურთიერთობა სომხეთთან (-).
- ირანი +3. მას დიპლომატიური ურთიერთობა აქვს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან, მაგრამ არ არსებობს სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობა.
რუსეთსა და თურქეთს ჰყავთ თითო მოკავშირე, ერთი სტრატეგიული პარტნიორი და ერთი პრობლემური სახელმწიფო, მაგრამ მთავარი განსხვავება ისაა, რომ თურქეთისთვის პრობლემური ქვეყანა (სომხეთი) რუსეთის მოკავშირეა, ხოლო რუსეთისთვის პრობლემური ქვეყანა (საქართველო) თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია.
ამ მდგომარეობამ შეიძლება სამხრეთ კავკასია რუსეთსა და თურქეთს შორის ახალი მეტოქეობის ტერიტორიად აქციოს. მაგრამ აზერბაიჯანის ფაქტორი, რომელიც არის თურქეთის მოკავშირე და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, ქმნის აუცილებელ სტაბილურობას რეგიონში.”
რა შეიცვალა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ?
„ყარაბაღის მეორე ომის შედეგებმა გარკვეულწილად შეცვალა ძალთა ბალანსი:
- თურქეთის მოკავშირემ დაამარცხა რუსეთის მოკავშირე და აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა;
- რუსეთმა, რომელსაც აქვს სამხედრო ბაზები სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე, 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, თავისი სამშვიდობო ძალები განათავსა აზერბაიჯანშიც;
- რეგიონის მეზობლებისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მონაწილეობით ყალიბდება 3+3 ფორმატი. ეს ფორმატი, რომელშიც აშშ და ევროკავშირი არ არის ჩართული, რუსეთის ინტერესებში შედის;
- სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივები არსებობს.
პოსტკონფლიქტური პერიოდის უცნაურობები
„პოსტკონფლიქტურ პერიოდში სომხეთმა გადადგა ნაბიჯები, რომლებიც არ შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს. ფაშინიანმა შუამავლად მოიწვია ევროკავშირი და ამის შემდეგ, რუსეთის შუამავლობის როლი, რომელიც ზუსტად ერთი წელი იყო კრემლის მონოპოლიაში, შესუსტდა.
სომხეთმა შეანელა რუსეთის შუამავლობით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება და უპირატესობას ანიჭებს ევროკავშირის როლს.
2022 წლის თებერვლიდან კი რუსეთმა თავისი ყურადღება და რესურსები უკრაინისკენ მიმართა.
ასეთ პირობებში, სომხეთის უარზე რუსეთისთვის მიენიჭებინა სპეციალური უფლებები ზანგეზურის დერეფანზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემები წარმოიშვა. რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონულ პროცესებში ერთნაირად ვერ მონაწილეობს, არის სამმხრივი შეთანხმების პირობების შესრულებისა და რეგიონული კომუნიკაციების გახსნის მომხრე.
ამგვარად, შეზღუდული რესურსები ამჟამად ხელს უშლის რუსეთს დომინანტური როლი შეასრულოს სამხრეთ კავკასიაში, მოსკოვი სამხრეთ კავკასიის ახალ რეალობაში საკუთარი ინტერესების განსაზღვრის პროცესშია. ეს არის კრემლის დუმილის მთავარი მიზეზი.
პოსტკონფლიქტური პერიოდის კიდევ ერთი პარადოქსი არის ის, რომ აზერბაიჯანი რუსეთისთვის ყველაზე პროგნოზირებადი სახელმწიფო გახდა სამხრეთ კავკასიაში. გეოსტრატეგიული პერსპექტივები და ეკონომიკური მიზანშეწონილობა აიძულებს რუსეთს, გაითვალისწინოს რეგიონის ქვეყნების პოზიცია და, პირველ რიგში, აზერბაიჯანის პოზიცია“.