სომხეთი: როგორ ეხმარებიან ადამიანები და ცხოველები ერთმანეთს
“კენტავრი” – ცხოველთა უნიკალური თავშესაფარია სომხეთში. აქ ავარჯიშებენ უსახლკარო, მიტოვებულ და ოდესღაც ნადირობის შემძლე ცხოველებს, შემდეგ კი მათი დახმარებით უსასყიდლოდ უტარდებათ თერაპია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – მათ შორის ბავშვებს სომხეთის ბავშვთა სახლებიდან.
2008 წლიდან “კენტავრი” ახორციელებს ჰიპოთერაპიას (თერაპიას ცხენებთან კომუნიკაციით და ცხენოსნობით) როგორც მოზრდილებში, ისე ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვებისთვის; ასევე ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. რამდენიმე წლის წინ ცენტრმა დაიწყო თერაპიის ჩატარება ძაღლების დახმარებით – ძირითადად აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის.
თავშესაფრის დამფუძნებელი ჰასმიკ ხოჰანისიანი ცენტრსა და ჯერ არ ახდენილ ოცნებებზე საუბრობს.
- „კიბო განაჩენი არ არის. მე ის დავამარცხე“. ვიდეოისტორია ერევნიდან
- მშობლებს, რომლებმაც ომის დროს შვილი დაკარგეს, სომხეთში უფასო რეპროდუქციულ დახმარებას სთავაზობენ
- 90 წამი: ბავშვთა სახლების აღსაზრდელთა ცხოვრება სრულწლოვანების შემდეგ
ყველაფერი ღიმილით დაიწყო
„ახლა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ 24 წლამდე ძაღლების საშინლად მეშინოდა. როდესაც ინგლისში ვსწავლობდი, საერთოდ არ ვფიქრობდი შშმ პირებზე ან უსახლკარო ცხოველებზე. ყველაფერი ჟურნალისტური მასალით დაიწყო – გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო კონკურსში, რომელიც სწორედ ინგლისში გაიმართა. მომიწია ნარკვევის დაწერა ცხენებზე და ცხენოსნობაზე. ჩემი ესე იყო ბიჭზე, რომელიც ვარჯიშის დროს ცხენით დაეცა. ცხენმა ფეხი მოიტეხა, რის შემდეგაც მას ევთანაზია ჩაუტარდა, თვითონ ბიჭი კი ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. კონკურსში მეორე ადგილი დავიკავე.
შემდეგ მომეცა მოხალისეობის შესაძლებლობა – მომვლელის თანაშემწის პოზიციაზე შევიტანე განაცხადი. არ მიმიღეს, რადგან არანაირი სამუშაო გამოცდილება არ მქონია“, – იხსენებს ჰასმიკ ხოჰანისიანი.
მას მაშინ ვერ წარმოედგინა, რომ ეს აუხდენელი ოცნება მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლიდა.
ჰასმიკის სომხეთში დაბრუნება დაუგეგმავი იყო, მას მამა მოულოდნელად გარდაეცვალა. ემოციების ვერ გამოხატავდა და საკუთარ თავს გამუდმებით ანუგეშებდა სიტყვებით: „ძლიერი უნდა იყო“. ამან მთლიანად გაანადგურა ჰასმიკი. ამის მერე მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა “გულის გადასაყოლებლად” ცხენოსნობა ურჩია:
„იპოდრომზე დავიწყე სიარული. ერთი წლის შემდეგ, ცხენზე მჯდომს პირველად გამეცინა – მაშინ მივხვდი, რომ ცხოველებს შეუძლიათ არამარტო მე დამეხმარონ.”
ამ დროს ის უკვე მუშაობდა ჟურნალისტად, ასევე იყო მოხალისე ხარბერდის სპეციალიზებულ ბავშვთა სახლში, სადაც შშმ ბავშვები ცხოვრობენ. და, რა თქმა უნდა, მან დაიწყო მთელი ხელფასის დახარჯვა იმაზე, რომ ბავშვთა სახლიდან ბავშვები ცხენებთან მიეყვანა.
იმ დროს მან თითქმის არაფერი იცოდა ჰიპოთერაპიის შესახებ და დაიწყო სპეციალისტებისა და იპოდრომების ძებნა, სადაც ტარდება ცხენებით თერაპია. აღმოჩნდა, რომ სომხეთში არც ერთი მსგავსი ადგილი არ იყო. ჰასმიკმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერს თავად შექმნიდა:
„მაშინ ჟურნალისტური კრიზისი მქონდა – ვერაფერს ვწერდი. გადავწყვიტე ცოტა ხნით მიმეტოვებინა ეს სფერო და საქართველოში წავსულიყავი. იქ მე ვსწავლობდი დიმიტრი ძვერავასთან, რომელმაც პირველმა „ჩამოიტანა“ ჰიპოთერაპია საბჭოთა კავშირში.
სალმა – პირველი გადარჩენილი ცხოველებს შორის
ერთხელ ჰასმიკი ეწვია სოფელ უშის, სადაც მისი ერთ-ერთი მწვრთნელი მრავალი წლის წინ კერძო იპოდრომზე მუშაობდა. ცხენები იქ მოუვლელი იყო და პატრონს გაუხარდა, რომ ვიღაცას მაინც მოუნდა მათზე ზრუნვა.
“ასე რომ, ხუთი წლის განმავლობაში, ყოველგვარი საბუთების გარეშე, მე და ჩემი მეგობრები ვზრუნავდით ცხოველებზე უშიში, შემდეგ კი მათმა პატრონმა გადაწყვიტა ცხენების გაყიდვა. ჩვენ მოვახერხეთ ფონდების მობილიზება, მათი დარწმუნება და შევძელით ცხენების ყიდვა. ამის შემდეგ, მოულოდნელად გამოჩნდა ქველმოქმედი – სომეხი ამერიკიდან, რომელმაც 50 ათასი დოლარი შემოგვწირა იმისთვის, რომ საკუთარი ტერიტორია შეგვეძინა და ცხოველთა თავშესაფარი დაგვეარსებინა. შემდეგ მე მივხვდი – მთელ სამყაროს სურს, რომ ეს რეალობად იქცეს”, – ამბობს ჰასმიკი.
პირველი ცხენი, რომელიც მან 13 წლის წინ გადაარჩინა, იყო სალმა. როგორც ჰასმიკი ამბობს – მან სალმა ფაქტობრივად ჯალათს გამოსტაცა დანის წვერიდან.
„სალმა ყველაზე მახინჯი ცხენი იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. მას სძულდა კაცები და გოგრები. ჯერ კიდევ კანკალებს გოგრის დანახვაზე. სანამ სალმას ჯალათი გაყიდდა, მას მხოლოდ გოგრას აჭმევდა.
13 წლის წინ დავდექი ჩემი პირველი ცხენის წინ და ვკითხე: “რას ვაპირებთ შემდეგ?” სალმამ კი თავი დახარა და ამოისუნთქა, თითქოს მიხვდა, რომ ვერავის საოცნებო ცხენი ვერ იქნებოდა. მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რომ ასობით ბავშვს დაეხმარებოდა – თითქოს განუხორციელებელ დედობრივ სიყვარულს გასცემდა – ბავშვებს ჯდომას, დგომას, სიარულს, ლაპარაკს და სიცილს ასწავლიდა.”
უსახლკარო ცხოველებმა დაიწყეს ადამიანების მკურნალობა
სალმა პირველი იყო ასობით უბედური ცხოველიდან, რომლებიც მოგვიანებით თავშესაფარში გამოჩნდნენ. ორი წლის განმავლობაში ჰასმიკმა შეიფარა 300-მდე მიტოვებული და ტანჯული ძაღლი, განკურნა ისინი და “კარგ ხელს” მიაბარა.
„უმეტეს ქვეყნებში მაწანწალა ძაღლებს არ მკურნალობენ. ადამიანებს ზოგჯერ არ ესმით, რატომ სწირავენ ფულს უსახლკარო ცხოველების საჭიროებებისთვის, მაგრამ მე მივხვდი: თუ ძაღლები დაიწყებენ ადამიანების რეალურ დახმარებას, ადამიანებიც იფიქრებენ, რომ მათი ხარჯი გამართლებულია“, – განმარტავს ჰასმიკი.
სამი წლის შემდეგ პროფესორი სომხეთში ჩამოვიდა. „უსახლკარო თერაპევტების“ დანახვისას მან განაცხადა, რომ ქუჩის ძაღლები სომხეთში განსხვავდებიან სხვებისგან. მაგრამ ჰასმიკი დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი მოთმინებასა და სიყვარულზეა დამოკიდებული.
”ეს ყველაფერი სიყვარულზეა. მე თვითონ მიკვირს ხოლმე, რომ დღეს, როცა ასე გართულდა ცხოვრება, როგორ გვენდობიან, მხარს გვიჭერენ, გვჩუქნიან ფულს ცხოველების გამოსაკვებად თუ სამკურნალოდ.
მე არ შემიძლია მიყვარდეს ცხოველები და არ მიყვარდეს ადამიანები. მე არ მესმის იმ ცხოველთა უფლებების დამცველების, რომლებიც ადამიანების და ცხოველების სიყვარულს ერთმანეთს უპირისპირებენ.
მიყვარს ცხოვრება ყველა მისი გამოვლინებით და მჯერა, რომ ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ყველა სიცოცხლისთვის ღირს ბრძოლა.”
დღეს “კენტავრის” თავშესაფარში 4 ცხენი, 42 ძაღლი, რვა კატა და ერთი კუ ცხოვრობს.
„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე იმის ნახვა, თუ როგორ იცვლება ადამიანების ცხოვრება: ზოგიერთ სოფელში, სადაც ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვი სკამის კიდეზე მჯდომი ცხოვრობს, რომელიც სახლიდანაც კი არ გამოჰყავთ, რადგან მისი ინვალიდობის რცხვენიათ, და მხოლოდ დილის შვიდ საათზე მიჰყავთ თერაპიაზე, რათა ის ვერავინ დაინახოს. გადის თვეები და ის პირველ ნაბიჯებს დგამს.
და, რაც არ უნდა რთული იყოს ეს სამუშაო, მე მას არაფერში გავცვლიდი.“ – ამბობს ჰასმიკი.