82 ხმით არცერთის წინააღმდეგ - ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძე აირჩია. მას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
“ნინო ქადაგიძის კანდიდატურის მხარდაჭერა არის წარსულთან ზავი და მე მოგიწოდებთ, რომ გადადოთ ეს საკითხი, არ დაუჭიროთ მხარი და არ უყაროთ კენჭი ამ კანდიდატურას,” – განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ბესელიას თქმით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურის განხილვა ნაჩქარევად და პროცედურების დარღვევით მოხდა.
ლევან გოგიჩაიშვილმა კი აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა, რათა ნინო ქადაგიძის კანდიდატურა “გაეპარებინა”.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა პარლამენტს 2020 წლის 11 მარტს წარუდგინა. 2019 წლის 12 დეკემბერს, პარლამენტმა ის უვადოდ აირჩია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.
ნინო ქადაგიძე იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხელმძღვანელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინა თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან 2018 წლის 2 აგვისტო გადადგა. გადადგომის ოფიციალურ მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.