80 ლარი სიგარეტის ნამწვისთვის. თბილისში ნაგვის დაყრაზე ჯარიმები ამოქმედდა
გაზიარება
გაზიარება
დღეიდან თბილისის ქუჩებში ნაგვის დაყრა უფასო აღარ იქნება. 3 აპრილიდან თბილისის ცენტრალურ უბნებში შავქურთუკიანი ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც მოქალაქეებს და კომპანიებს ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის დააჯარიმებენ.
პირველ ეტაპზე „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები მხოლოდ თბილისის ცენტრალურ უბნებში და ტურისტულ ადგილებში იმოძრავებენ.
თავდაპირველად 20 ინსპექტორი იქნება. პირველი ორი კვირა ისინი ჯარიმებს არ გამოწერენ – მოქალქეებს ინფორმაციას მიაწვდიან და მომავალ ჯარიმებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ.
ჯარიმები კი მკაცრია და ყველანაირ ნაგავს ეხება – სიგარეტის ნამწვავს, ცელოფანის პარკს, ქაღალდს, საჭმლის ნარჩენებს და ცხოველების ფეკალიებსაც.
2 კგ-მდე ნარჩენით (მათ შორის, სიგარეტის ნამწვითაც) გარემოს დანაგვიანება – 80 ლარით დაჯარიმდება. ხოლო თუ ნაგავი შენობიდან გადმოაგდეთ, საერთოდაც 100 ლარის გადახდა მოგიწევთ.
2 კგ-ზე მეტი ნაგვის ქუჩაში დატოვება – 150 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. იგივე რაოდენობის ნაგვის შენობიდან გადმოყრის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია.
ახალი რეგულაციების მიხედვით, ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით დაჯარიმდება. თუ მეპატრონე დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას, მას არ დააჯარიმებენ.
სპეციალური სანქციებია საბურავებით გარემოს დანაგვიანებისთვის – თუ თქვენ ერთიდან ხუთამდე ძველ საბურავს სადმე ქუჩაში დატოვებთ, 150 ლარით დაჯარიმდებით. ხოლო, თუ ხუთზე მეტ საბურავს გადაყრით ქუჩაში – 500 ლარით. ეს რეგულაცია ველოსიპედის საბურავებს არ ეხება.
სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება : ფიზიკურ პირს – 400 ლარი დაუჯდება, იურიდიული პირს კი -1000 ლარი.
ინსპექტორები პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტურისტულ ზონებში, პარკებში, სკვერებში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ფეხით იმოძრავებენ. თუმცა, ეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან მძღოლებს. მაგალითად, თუ ქვეითი ინსპექტორი დაინახავს, რომ მოქალაქემ მანქანიდან ისროლა სიგარეტის ნამწვავი, მას შეუძლია შეატყობინოს საპატრულო პოლიციას, რომელიც თავის მხრივ ამ მძღოლს დააჯარიმებს.
ინსპექტორებს ფოტო და ვიდეო კამერები ექნებათ, ამიტომ დამრღვევებს თავის მართლება გაუჭირდებათ.