2016 წელს თბილისში 709 ხე მოიჭრა
2016 წელს თბილისში მერიის ნებართვით 709 ხე მოიჭრა, ამის შესახებ ორგანიზაცია IDF–ის ანგარიშშია ნათქვამი.
მოჭრილი ხეებიდან 500 დაზიანებულად არის შეფასებული, 209 კი – ჯანმრთელად.
დაზიანებულად შეფასებული ხეების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, 5-ჯერ გაიზარდა, რაც გარემოს დამცველთა თქმით, საეჭვოა. მაგალითად, 2013 წელს მოჭრილი 946 ხიდან დაიზანებულად შეფასდა მხოლოდ 36.
გარემოსდამცველთა აზრით, ხეების დაზიანებულად შეაფსებას მერია ჯანმრთელ ხეებზეც გასცემს, რათა სამშენებლო კომპანიებს მათი მოჭრა გაუადვილდეთ და ამას საზოგადოების პროტესტი არ მოჰყვეს.
ხეების დიდი უმრავლესობა თბილისში სწორედ სამშენებლო კომპანიების მოთხოვნით იჭრება. ხის მოჭრის ნებართვას მერია გასცემს. 2013-2016 წლებში გაცემული 583 ნებართვიდან 392 შემთხვევაში მითითებულია, რომ ხეების მოჭრაზე ნებართვა გაიცა უშუალოდ მშენებლობასთან დაკავშირებით.
მიმდინარე წელს, ხეების მოჭრა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაადვილდეს, რადგან ქართულ ბაზარზე ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა სამშენებლო კომპანიამ “ემ კვადრატმა” პარლამენტს მიმართა ინიციატივით, რომ სამშენებლო კომპანიებს ხმელი ხის მოჭრაზე კომპენსაციის ვალდებულება მოეხსნათ.
“ეს ინიციატივა ქმნის კორუფციის რისკს. სამშენებლო კომპანია შეიძლება გაურიგდეს მერიის ჩინოვნიკს, ჯანმრთელი ხეები გამოაცხადონ გამხმარად და უპრობლემოდ მოჭრან,” – აცხადებს IDFI-ს ანალიტიკოსი გიორგი ხატიაშვილი.
ქალაქ თბილისში ხეების მოჭრაზე ნებართვების გაცემით თბილისის მერიამ 2011-2016 წლებში შემოსავლის სახით სულ 1,947,282 ლარი მიიღო.
გასულ წელს თბილისში ხეების ჩეხვის წინააღმდეგ ათობით აქცია გაიმართა.