საქართველოში 4 ოქტომბერს დაგეგმილია მასშტაბური აქცია, რომელმაც ხელისუფლება უნდა დაასრულოს. რა ვიცით ამ დროისთვის?
4 ოქტომბრის აქცია
2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ამავე დღეს თბილისში დიდი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და არჩევნებში მონაწილე ორი ოპოზიციური პარტია ხალხს საარჩევნო უბნებთან ეპატიჟება. აქციის ორგანიზატორები და ბოიკოტში მყოფი პარტიები პირიქით – ამომრჩევლებს მოუწოდებენ, საარჩევნო უბნების ნაცვლად აქციაზე მივიდნენ.
ამ თარიღს საქართველო ხვდება ოპოზიციონერი ლიდერებით ციხეში. ამ დროისთვის ციხეშია ექვსი ოპოზიციონერი ლიდერი – ფაქტობრივად ყველა, ვინც აქტიურ საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული.
4 ოქტომბერთან დაკავშირებით საზოგადოებაში, მათ შორის, აქციის მომხრეებშიც, ბევრი კითხვაა – რა მოხდება ამ დღეს? ამავე დღეს უნდა დაემხოს „ქართული ოცნება“? არსებობს ამისთვის რამე გეგმა? რამდენად გონივრულია ამხელა მოლოდინების შექმნა? და რა ხდება მაშინ, თუ ეს დღე ერთ რიგით აქციად იქცა? არიან ორგანიზატორები მზად იმ სასოწარკვეთილებისა და ნიჰილიზმისთვის, რაც ამას მოჰყვება? ეს რეჟიმს კიდე უფრო მეტად ხომ არ გააძლიერებს? და ა.შ.
ამ სტატიაში JAMnews-ი აჯამებს, ყველაფერს, რაც ვიცით (ან არ ვიცით) 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე?
რა ვიცით აქციის ორგანიზატორებზე
4 ოქტომბრის აქციას ერთი კონკრეტული ორგანიზატორი არ ჰყავს. მაგრამ, რამდენიმე ადამიანი მაინც გამოკვეთილად აქტიურობს, მათ შორის, მომღერალი პაატა ბურჭულაძე.
საოპერო მომღერალი, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში 2016 წლიდან არის ჩართული. 2016 წლის მაისში მან დაარსა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ და საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. მაშინ ბლოკმა პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ, ბურჭულაძე პოლიტიკაში მაინც დარჩა.
ქვეყანაში მიმდინარე პროევროპულ პროტესტში ბურჭულაძე მისი დაწყებისთანავე ჩაერთო. ყოველ საღამოს დგას თბილისში, რუსთაველის გამზირზე. მის სახელზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 34 ჯარიმა აქვს გამოწერილი, „გზის უსაფუძვლოდ გადაკეტვის“ საფუძვლით. თანხის ჯამური ოდენობა 170 ათასი ლარია (63 ათასი $).
ახლა პაატა ბურჭულაძე მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერია. ეს მოძრაობა სპონტანურად, პროევროპული პროტესტის პერიოდში დაფუძნდა. ამ მოძრაობის გარშემო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან გაერთიანებული. ისინი ამბობენ, რომ სურთ „საქართველო ივანიშვილის გარეშე“.
კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ბოლო პერიოდში მთლიანად 4 ოქტომბრის აქციის გარშემოა ფოკუსირებული, ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილია.
ახლა ის პატიმარია. იგი 11 სექტემბერს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) დააკავა. მას ორი ბრალი წაუყენეს.
სუს-მა ჯერ თქვა, რომ ხაბეიშვილი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ს) თანამშრომლებისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით – სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით. (ეს ხალხი, ე.წ. სპეცრაზმელები არბევდნენ სასტიკად თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. ხაბეიშვილი საჯაროდ, ყველა ეთერით, სპეცრაზმელებს 200 ათას დოლარს ჰპირდებოდა, თუ ისინი უარს იტყოდნენ აქციების დარბევაზე). შემდეგ გაირკვა, რომ ხაბეიშვილს კიდევ ერთი მუხლით წაუყენეს ბრალი – სსკ-ის 317-ე მუხლით – ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისთვის.
ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს და განსაკუთრებით მკაცრად სჯიან. პოლიტიკოსს აკრძალული აქვს ყველანაირი კავშირი გარესამყაროსთან – ციხიდან დარეკვა, წერილების გამოგზავნა, პაემნებით სარგებლობა.
დაპატიმრების მომენტში ხაბეიშვილმა თქვა, რომ მისი დაპატიმრება 4 ოქტომბერს უკავშირდება: „მაკავებენ იმიტომ, რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს, შეუძლია ივანიშვილის დამარცხება“.
აკრძალვებამდე ხაბეიშვილმა მოასწრო ერთი წერილის გამოგზავნა ციხიდან. ამ წერილის მიხედვით, ის 4 ოქტომბრის გამარჯვებაში დარწმუნებულია:
„ივანიშვილი რეალურად დაგვეხმარა ამ დაკავების აქტით, მან დაგვარწმუნა, რომ ის უკვე დამარცხებულია. მდინარაძემ ირწმუნა, რომ მარცხდებიან და ამიტომ ამიყვანეს მძევლად. ამაზე უკეთ როგორ გვანიშნონ, რომ გამარჯვება მონდომებაზე და ერთი ხელის გაწვდენაზეა“, – წერს იგი.
„ვიწყებთ 4-ში, ვამთავრებთ 4-ში“ – ვინ რას ელის და როგორ უყურებს ამ აქციას
„4 ოქტომბერს იწყება და მთავრდება ყველაფერი“, – ყველა ეთერში ამბობს პაატა ბურჭულაძე.
„აქამდე ყოველთვის იყო, რომ შეიკრიბებოდნენ, “დაგვინიშნეთ ახალი არჩევნების” ძახილით, გამოვიდოდა 200 ათასი ადამიანი და წავიდოდა სახლში. 4 ოქტომბერს ასე არ იქნება. როგორ უნდა მივცეთ ამას საშუალება, რომ ხალხი კიდევ წავიდეს სახლში? 4-ში ვიწყებთ და 4-შივე ვამთავრებთ, 4 ოქტომბერს მივაღწევთ ჩვენ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა”, – თქვა 3 სექტემბერს მან „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ბურჭულაძე აქციაზე 200-დან 300 ათასამდე ადამიანს ელოდება. ის ამბობს, რომ აქციას სამი ლოკაცია ექნება და სამი საკითხი გადაწყდება. ლოკაციებს ჯერ არ ამხელს, საკითხებიდან ამხელს მხოლოდ ერთს:
„პირველი საკითხი იქნება ის, რომ გინდა თუ არა ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში ჩაიბაროს ქართველმა ხალხმა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იტყვის კი. იმ მომენტიდან საქართველოს ვიბარებთ ჩვენ ხელში. 4-შივე მოხდება საზოგადოებისთვის მინისტრთა კაბინეტის შეთავაზება, გამოცხადდება ტექნიკური მთავრობა. რაც შეხება მეორე და მესამე საკითხს, ამას მოგვიანებით გეტყვით. ვფიქრობ, ეყოფათ ჭკუა, რომ სროლა არ ატეხონ“.
ბურჭულაძის ამ დაპირებას ოპოზიციაშიც და პროტესტის მონაწილეებშიც ბევრი უყურებს სკეპტიკურად. თავდაპირველად ეს ოპოზიციაში განხეთქილების მიზეზადაც იქცა. ბევრმა, მათ შორის, აქციის მომხრე ოპოზიციონერებმაც თქვეს, რომ წინასწარ დაანონსებული რევილუციები არ არსებობს და ხალხში მოლოდინების შექმნა არასწორია.
მაგალითად, პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ ის 4 ოქტომბერზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. მეტიც, „მავნებლობად მიაჩნია სასოწარკვეთილი მოსახლეობისთვის ამ მოლოდინის შექმნა“:
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ რეჟიმი ძალიან დასუსტებულია, დრო მის წინააღმდეგ მუშაობს და მარცხდება. სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებ როცა ვამბობ, რომ ივანიშვილის უკუთვლის წამმზომი ჩართულია და მისი მარცხი არა – თუს, არამედ – როდის, საკითხია… რუსთაველი 4 ოქტომბერსაც უნდა გადაიკეტოს. აქცია კარგია. ცუდია მოქალაქეთა მოლოდინების აბუჩად აგდება. ეს არანაირად არ ეხმარება ნდობის აღდგენას ამომრჩეველსა და პოლიტიკურ სპექტრს შორის. ვიბრძვით გამარჯვებამდე და არა 0293837615 ოქტომბრამდე“,- წერს იგი სოციალურ ქსელში.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ახლა მთავარი ოპოზიციური კოალიციაა, რომელიც არალეგიტიმური ხელისუფლების ბოიკოტში დარჩა და არჩევნებში არ მონაწილეობს. ამ პარტიას ოთხი ლიდერი ჰყავს და ოთხივე მათგანი ახლა ციხეშია. ბოლო მათგანი, კოალიციაში შემავალი პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, 15 სექტემბერს, სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის ბანერზე „რუსის“ მიწერისთვის.
კოალიციის გარეთ დარჩენილი წევრები და მხარდამჭერები 4 ოქტომბრის აქციაზე წავლენ. ეს კოალიცია არ ცდილობს მომხრეებში დიდი მოლოდინი შექმნას:
„საერთო პროტესტით უნდა ვიაროთ წინ. 13 სექტემბერს, 27 სექტემბერს, 4 ოქტომბერს, ყველანი გარეთ უნდა ვიყოთ, სანამ არ დავასრულებთ ამ რუსულ რეჟიმს“,- თქვა დაკავებამდე ელენე ხოშტარიამ.
4 ოქტომბერს სიფრთხილით უყურებენ თბილისის უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეებიც. ის ხალხი, ვინც უკვე თითქმის 300 დღეა ქუჩაში დგას.
“რეჟიმის დამხობა” 4-ში საღამოს და მანამდე – 3-ში ბატონი ბ.ივანიშვილის გაქცევა – შეიძლება ძალიან ბევრს სწყურია, მაგრამ ამის წინასწარ გამოცხადება რეჟიმს შესაძლებლობას აძლევს მანამდე გაგვისწორდეს და წარუმატებლობის შემთხვევაში, მეორე დღიდან დანერგოს ტოტალური სასოწარკვეთილება და ნიჰილიზმი. და ამ მდგომარეობიდან საზოგადოების გამოსაყვანად ჩვენ დაგვჭირდეს კიდევ უფრო დიდი დრო“, – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი საჯარო მოხელე დავით ჩხეიძე. ის პროტესტის აქტიური მონაწილეა და სამსახურიდან პროტესტის გამო გაათავისუფლეს.
„ქართული ოცნების“ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიებიდან ორმა – პარტიამ „ლელო – ძლიერი საქართველო“ და ყოფილი პრემიერმინისტრის პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს. მათ საერთო კანდიდატები დაასახელეს.
როგორ უყურებენ 4 ოქტომბრის აქციას ეს პარტიები, ბოლომდე მკაფიო არ არის.
პარტია „ლელო“ ვერ ხედავს პრობლემას, მისი მხარდამჭერი დილით საარჩევნო უბანზე წავიდეს, საღამოს აქციაზე. მაგრამ, კონკრეტულ პასუხებს, მაგალითად, რა როლი ექნებათ ამ აქციაზე, ან მათი ლიდერები თუ მივლენ, გაურბის.
„ჩვენ ამ აქციის ორგანიზატორები არ ვართ, არ ვართ იმ გუნდში და არც ვიცით, ვინ არის ორგანიზატორი. ჩვენ ვართ მოქალაქეების გაერთიანება, რა თქმა უნდა, ვისაც აქვს სურვილი, მას შეუძლია, მივიდეს. პროტესტი აბსოლუტურად არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენი მომხრეები დილით იყვნენ საარჩევნო ყუთებთან და შემდეგ, საღამოს მივიდნენ“, – თქვა პარტია „ლელოს“ წევრმა, ლანა გალდავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. გალდავა ახლა ამ ორი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია თბილისის ისტორიულ უბანში, მთაწმინდაზე.
„ლელოსგან“ განსხვავებით, ყოფილი პრემიერის პარტიის დამოკიდებულება ნაკლებ ბუნდოვანებას ტოვებს.
„ჩვენ არ ვიქნებით 4 ოქტომბერს აქციაზე”,- განაცხადა “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა 17 სექტემბერს.
“კედელზე თავის რახუნი და მუქარები, ეს არის პროცესის ხელოვნურად რადიკალიზაცია. არჩევნები არის ერთადერთი, ყველაზე სწორი პროცესი“, – თქვა მან.
როგორ უყურებს ამ აქციას ხელისუფლება
„ქართული ოცნება“ ცდილობს შეიქმნას იმიჯი, რომ ამ აქციის მიმართ არანაირი სერიოზული მოლოდინი არ აქვს და არასერიოზულად უყურებს. ისინი იმეორებენ პროპაგანდისტულ, ანტიდასავლურ გზავნილს, რომ „ოპოზიცია გარე დავალებებს ასრულებს“. ამბობენ, რომ ოპოზიციას არ აქვს საკმარისი გავლენა და რესურსები, რომ ამ აქციას ხელისუფლების ცვლილება მოჰყვეს და 4 ოქტომბერს კვლავ „ქართული ოცნება“ იზეიმებს დამაჯერებელ გამარჯვებას.
„გაცხადებულია, რომ მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეს ყველაფერი არის გარედან მართული. ვხედავთ შეხვედრებს მათთან გარედან, ვხედავთ მათ ვიზიტებს და დააანონსეს კიდეც, რომ ამ დღეებშიც აპირებენ საზღვარგარეთ წასვლას. ეს კიდევ ერთი გამწვავებაა“, – ამბობს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
შიგადაშიგ ისმის მუქარებიც.
„თუ იმედი აქვთ, რომ პროვოკაციებითა და სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენით შეიძლება, ფონს გავიდნენ, რა თქმა უნდა, არავინ არ მისცემს არავის ამის საშუალებას“, – თქვა „ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
„აბა, გაბედონ რამე კანონის წინააღმდეგ – გაეცემათ შესაბამისი პასუხი და უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი, ცხადია, კანონის ფარგლებში“, – ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე.
ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ სოციალურ ქსელში ბევრი წერდა, რომ როგორც ჩანს 4 ოქტომბრის აქციის წარმატების „ქართულმა ოცნებამ“ უფრო დაიჯერა, ვიდრე პროტესტის მონაწილეებმა. ისინი წერდნენ, რომ ამ დაჭერით „ოცნებამ“ აქციის ორგანიზატორების საქმე გააკეთა და ხალხში 4 ოქტომბრის მნიშვნელობა გაზარდა.
“ბიძინას მიერ ლევან ხაბეიშვილის დაპატიმრება, ბაჩო ახალაიას, როგორც „ტერორისტის“ ხელახალი დაპატიმრებისთვის პროპაგანდისტული შემზადება ჩემთვის ერთ რამეს ნიშნავს: ბიძინას რევოლუციის მართლა ეშინია. ის 4 ოქტომბერს რეჟიმის „მშვიდობიანი დამხობის“ დაანონსებას გაცილებით უფრო სერიოზულად უყურებს, ვიდრე რეჟიმის მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილი (სავარაუდოდ. უმრავლესობა, ჩემი ჩათვლით). თავისი ქმედებებით ის ხელს უწყობს იმას, რომ ხაბეიშვილის დანიშნული ოთხოქტომბრობა უფრო მნიშვნელოვან თარიღად იქცევა, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა”, – დაწერა სოციალურ ქსელში პოლიტოლოგმა გია ნოდიამ.
4 ოქტომბრის აქცია