30 წელი ბერლინის კედლის გარეშე. გერმანელი ექსპერტები განვლილ წლებს აფასებენ
„ჩვენ ერთი ხალხი ვართ!“ (Wir sind das Volk). 30 წლის წინ, 1989 წლის ნოემბერში, ამ ლოზუნგის ქვეშ გამოვიდა აღმოსავლეთ გერმანიის – გდრ-ის – ქუჩებში ასობით ათასი დემონსტრანტი.
1989 წლის 9 ნოემბერს დაინგრა ბერლინის კედელი – ქალაქის, გერმანელი ერისა და მთელი კონტინენტის გაყოფის სიმბოლო.
მაგრამ დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის რეალური გაერთიანება ხანგრძლივი და მტანჯველი პროცესი გამოდგა, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა.
პასუხი კითხვაზე „რატომ?“ – გერმანელი ჟურნალისტებისა და ექსპერტების კომენტარებში.
გდრ, როგორც სტალინის გეგმა
გერმანიის ორ – აღმოსავლეთ და დასავლეთ – ნაწილად გაყოფა დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და გერმანიის ფაშისტური რეჟიმის დამარცხებისთანავე, 1945 წელს.
მაშინ გერმანიის ტერიტორიაზე შეიქმნა ე.წ. ოკუპირებული ზონები. დასავლეთში ამ ზონებს აკონტროლებდნენ ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული ძალები. აღმოსავლეთში – საბჭოთა კავშირი.
• სტალინის “დიდი ტერორი”. ყველაზე მარტივი კითხვები 1937 წელზე
• 10 მითი მეორე მსოფლიო ომში სტალინის როლის შესახებ
• „საბჭოთა დღე“ – მოსკოვში გამოჩნდა ჯგუფი, რომელიც საბჭოთა სოციალისტურ კავშირს აცოცხლებს
სსრკ-სა და დასავლელ მოკავშირეებს შორის დაწყებული დაპირისპირება მალევე ცივ ომში გადაიზარდა. დასავლური ქვეყნები ფორსირებულად ცდილობდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნას. აღმოსავლეთში კი 1949 წლის 7 ოქტომბერს გამოცხადდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის – გდრ-ის შექმნა.
ამ დროიდან 1961 წლამდე, როდესაც აშენდა ბერლინის კედელი, აღმოსავლეთიდან დასავლეთ გერმანიაში გაიქცა მილიონზე მეტი ადამიანი – გდრ-ის თითქმის ყოველი მეათე მცხოვრები.
1952 წელს გდრ-ის ხელისუფლებამ შექმნა ხუთკილომეტრიანი აკრძალული ზონა საზღვრის გასწვრივ. შემდეგ გაჩნდა დანაღმული ტერიტორია და ასევე გაიცა გაქცეულების მისამართით ცეცხლის გახსნის ბრძანება.
შემდეგ კი აშენდა ბერლინის კედელი და გდრ-ის დატოვება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა.
როგორ დაიძრნენ აღმოსავლეთი და დასავლეთი გერმანია კვლავ ერთმანეთისკენ
1980-იანი წლების შუაში სსრკ-ში დაიწყო „პერესტროიკა“, გარკვეული დემოკრატიული ნორმების საბჭოთა ცხოვრების სტილში დანერგვის მცდელობა. მაშინვე არა, მაგრამ ამან გდრ-შიც მოახდინა ცვლილებების სტიმულირება.
1989 წლის 4 ნოემბერს, ბერლინში, ალექსანდერპლაცის მოედანზე, დაახლოებით, 400 ათასი დემონსტრანტი გამოვიდა სიტყვის თავისუფლების, ხელისუფლების გადადგომისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. მთელ გდრ-ში დაიწყო მღელვარება.
1989 წლის 9 ნოემბერს გამოცხადდა გფრ-ის ვიზებთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების მინიმუმამდე დაყვანის შესახებ. ამავე დღეს, ათასობით აღმოსავლეთგერმანელი გაემართა ბერლინის კედლისკენ. მესაზღვრეებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ გასვლის ახალი წესების შესახებ და შეეცადნენ შეკრებილების დაშლას. თუმცა, მალე იძულებულები გახდნენ, უკან დაეხიათ და გასასვლელები გაეხსნათ.
ასე გაიხსნა ბერლინის კედელი.
ამის შემდეგ, გერმანიის გაერთიანება სწრაფი ტემპებით წავიდა.
1990 წლის მარტში, გდრ-მა გფრ-სთან ხელი მოაწერა ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ შეთანხმებას.
1990 წლის ივლისში, საბჭოთა კავშირის ლიდერი, მიხაილ გორბაჩოვი დათანხმდა გაერთიანებული გერმანიის ნატოში შესვლას. მაშინვე განისაზღვრა საბჭოთა ჯარების გდრ-ის ტერიტორიიდან გასვლის თარიღიც.
გერმანია ოფიციალურად 1990 წლის 3 ოქტომბერს გაერთიანდა.
„მეორე კატეგორიის“ ადამიანები – რატომ აღმოჩნდა დასავლური და აღმოსავლური მენტალიტეტის გაერთიანება ძალიან რთული
თავდაპირველად ჩანდა, რომ გდრ ადვილად შეერწყა დასავლეთ გერმანიას, იქცა რა გფრ-ის ახალ, მეექვსე ფედერაციულ მიწად.
თუმცა, მალე გაირკვა, რომ გაერთიანება საზოგადოების დონეზე – გაცილებით უფრო რთული პროცესია.
აღმოსავლეთ გერმანიაში ცხოვრების დონე საგრძნობლად გაიზარდა – მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1990 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე აღმოსავლეთ გერმანიაში შეადგენდა 9 700 დოლარს, 2019 წელს კი მან თითქმის 34 000 დოლარს მიაღწია. თუმცა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის მცხოვრებთა შემოსავლებს შორის სხვაობა დღესაც ძალიან დიდია.
აღმოსავლეთ გერმანიაში დიდ იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ დასავლეთგერმანელები იკავებენ ბიზნესსა და ხელისუფლებაში ხელმძღვანელი პოზიციების აბსოლუტურ უმრავლესობას.
გერმანიის გაერთიანების შემდეგ აღმოსავლეთიდან დასავლეთში სამუდამოდ გადასახლდა თითქმის 2 მილიონი ადამიანი.
„თქვენ სეირნობთ აღმოსავლეთგერმანულ ქალაქებში და ყველაფერი კარგად გამოიყურება, – ამბობს Financial Times-თან ინტერვიუში მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი, ფრანკ რიხტერი, – მთელი ეს წლები ჩვენ ვაახლებდით ფასადებს. მაგრამ თუკი ამ ფასადების მიღმა შევიხედავთ, დავინახავთ, რომ დიდი იმედები და ილუზიები, რომელიც ადამიანებს ჰქონდათ, დაიკარგა. ხალხი მიმოიხედავს და ხედავს: მათი შვილები წავიდნენ და არ დაბრუნდებიან; მათი შვილიშვილები წავიდნენ და არ დაბრუნდებიან“.
2019 წლის ზაფხულში ჩატარებული გამოკითხვისას გაირკვა, რომ გერმანიის აღმოსავლეთ მიწების მცხოვრებთა 47% თავის თავს პირველ რიგში აღმოსავლეთ გერმანელად მიიჩნევს. ანუ რეგიონული იდენტობა მათთვის ეროვნულზე, საერთოგერმანულზე უფრო მნიშვნელოვნად რჩება.
ნოსტალგია გდრ-ის მიმართ და ნეონაციზმის პოპულარობა აღმოსავლეთ გერმანიაში
„1990-იანებშიც და მით უფრო შემდეგ, აღმოსავლეთ გერმანიაში ბევრი იყო ისეთი, ვისაც ცხოვრება საკუთარ ქვეყანაში სურდა – დემოკრატიულში, მაგრამ ცალკე“, – განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგმა როლანდ ფროიდენშტაინმა.
„ბევრი აღმოსავლეთგერმანელი დღეს ამბობს, რომ გდრ-ში იყო დიქტატურა, მაგრამ არა მკაცრი, რომ პირადი ცხოვრების დონეზე ადამიანები საკმაოდ თავისუფლად ცხოვრობდნენ, იყო სოციალური გარანტიები, უფასო საბავშვო ბაღები და ა.შ.
1990-იან წლებში, გფრ აღმოსავლეთგერმანელების საჭიროებისთვის გამოყოფდა დაახლოებით 70 მილიარდი ევროს ოდენობის თანხას წელიწადში და დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის მცხოვრებლები ამ დოტაციაზე განსხვავებულად ფიქრობენ:
დასვლეთგერმანელებს სწორედ ეს უზარმაზარი თანხები ახსოვთ, აღმოსავლეთელებს კი – უმუშევრობის 25-30%.
ეკონომიკური რეფორმების დროს ყველა წარმოება, სადაც 10-15 ადამიანზე მეტი მუშაობდა, გადაეცა სპეციალურ ჰოლდინგებს, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ მხოლოდ დასავლეთგერმანელები. ძალიან ბევრი კომპანია დაიხურა, როგორც არაკონკურენტუნარიანი. და ეს იყო შოკი, ფსიქოლოგიური დარტყმა ადამიანებისთვის, რომლებიც სოციალიზმში ცხოვრობდნენ და არასოდეს გაეგოთ მასობრივი გათავისუფლებების შესახებ.
პოლიტკორექტულობას, უმცირესობების უფლებების დაცვას, ღია საზღვრების იდეას – ბევრი აღმოსავლეთგერმანელი დღესაც ისე უყურებს, როგორც განსხვავებულს, სპეციფიკურად დასავლურს, მათთვის გარედან თავსმოხვეულს.
და სწორედ ამიტომ აღმოსავლეთ გერმანიაში გაცილებით პოპულარულები არიან მემარჯვენე რადიკალები: აღმოსავლეთში მათ ხმას აძლევს ამომრჩეველთა 20 და მეტი პროცენტი, დასავლეთში კი მათი რეიტინგი – 10-12%-ის ფარგლებშია.
აღმოსავლეთ გერმანიის ზოგიერთ ქალაქში არის ცალკეული რაიონები, სადაც არა თეთრი კანის ფერის მქონე ან ღიად გეი ადამიანებს ურჩევნიათ არ შევიდნენ, რათა საკუთარი თავი თავდასხმის რისკის ქვეშ არ დააყენონ. საბედნიეროდ, ასეთი რაიონები ბევრი არ არის.
მაგრამ, ამავე დროს, აღმოსავლეთში არის ძალიან ბევრი აქტიური ანტინაცისტური ორგანიზაცია.
მემარჯვენე რადიკალიზმი აღმოსავლეთ მიწებზე – ესეც, გარკვეულწილად, ყოფილი გდრ-ის მემკვიდრეობაა, პოლიტიკური კულტურა იმ ქვეყანაში ხომ ღრმად ავტორიტარული, ნაციონალისტური და „მაჩისტური“ იყო.
საერთო ჯამში, მემარჯვენე ექსტრემიზმი ამ დროისთვის გერმანიაში კონსტიტუციური წესრიგისთვის მთავარ პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს. საკითხავია, შეუძლია თუ არა ამ საფრთხეს კონტროლიდან გასვლა და გავრცელება ქვეყნის დასავლეთზე ისევე, როგორც აღმოსავლეთშია“.
ამ კლიპში, სახელწოდებით Deutschland (გერმანია), ჯგუფი Rammstein, სხვა საკითხებთან ერთად, გდრ-თან დაკავშირებულ ისტორიულ მომენტებზეც მოგვითხრობს: