25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება
25 თებერვალს, 98 წელი გავიდა წითელი არმიის მიერ თბილისის აღებიდან და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან.
წითელი არმია საქართველოში 1921 წლის 15 თებერვალს შემოიჭრა. 25 თებერვალს, მძიმე ბრძოლების შემდეგ, მე-11 არმია თბილისში შემოვიდა და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება გამოცხადდა. თუმცაკი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის „მენშევიკური“ ხელისუფლება წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებდა და დედაქალაქის დაცემის შემდეგ, ქვეყანა მხოლოდ 17 მარტს დატოვა. ამ მომენტიდან არსებობა შეწყვიტა საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ, რომელმაც არასრული სამი წელი იარსება.
• რა გააკეთეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ, როდესაც 100 წლის წინათ დამოუკიდებლები გახდნენ?
25 თებერვლის, როგორც ტრაგიკული თარიღის აღნიშვნა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1991 წელს დაიწყო. 1921 წელს დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად ღონისძიებები დღეს ტრადიციულად გაიმართება თბილისში და ასევე, დედაქალაქის შემოგარენში – კოჯორსა და ტაბახმელაში, სადაც ყველაზე მძიმე ბრძოლები გაიმართა თბილისის დასაცავად, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი იუნკრები და სამხედრო სასწავლებლის კადეტები.
საქართველოს პირველი რესპუბლიკა
საბჭოთა ხელისუფლებას, რომელიც რუსეთში 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დამყარდა, გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსები და ინტელექტუალური წრეები არ აღიარებდნენ.
უკვე 1917 წლის 19 ნოემბერს თბილისში პირველი ეროვნული ყრილობა გაიმართა, სადაც ეროვნული საბჭო აირჩიეს, უფრო სწორად, პრაქტიკულად, ხელისუფლება.
დაახლოებით ნახევარ წელიწადში – 1918 წლის 26 მაისს – შეიმუშავეს და მიიღეს დამოუკიდებლობის აქტი. ასე შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
იმის შესახებ, თუ როგორი იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკა, შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.