2018 წლის დასაწყისიდან უკრაინაში ხუთი სამოქალაქო აქტივისტი დაიღუპა
გაზიარება
გაზიარება
ეკატერინა განძიუკი
ეკატერინა განძიუკი უკრაინის ქალაქ ხერსონში სახელმწიფო კორუფციის შემთხვევებს იკვლევდა. ის დროის მიხედვით უკანასკნელი უფლებადამცავი გახდა, რომელიც უკრაინაში დაიღუპა. და ეს უკრაინაში სამოქალაქო აქტივისტების დაღუპვის მეხუთე შემთხვევაა.
ეკატერინა განძიუკი 4 ნოემბერს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამი თვის წინათ უცნობმა მამაკაცმა მას გოგირდმჟავას კონცენტრირებული ხსნარი შეასხა, მას სხეულის 30 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა.
როგორც ტელეარხიCurrent time ჰყვება, ამ საქმეზე ექვსი ადამიანი დააკავეს. თუმცა, დამკვეთის ვინაობა არ დასახელებულა.
მხოლოდ 2018 წლის დასაწყისიდან პროფესიული საქმიანობის ნიადაგზე თავდასხმებისა და მკვლელობების მსხვერპლი 50-ზე არანაკლები აქტივისტი და უფლებადამცავი გახდა. არც ერთ ამ საქმეზე დამკვეთი არ დასახელებულა. ზოგიერთ შემთხვევაში კი შემსრულებელთა ვინაობაც უცნობი რჩება.
მანამდე თავდასხმის მსხვერპლი გახდა:
ირინა ნოზრდოვსკაია
ირინა ნოზრდოვსკაია 1 იანვარს კიევის მახლობლად გარდაცვლილი იპოვეს. ის მრავლობითი ნაჩხვლეტი ჭრილობით გარდაიცვალა.
ის თავისი დის, 26 წლის სვეტლანა საპატინსკაიას დაღუპვის საქმით იყო დაკავებული. 2015 წელს მას კიევის ოლქის სარაიონო სასამართლოს თავმჯდომარის ძმისშვილი დმიტრი როსოშანსკი მანქანით დაეჯახა. როგორც ექსპერტიზამ მოგვიანებით დაადგინა, როსოშანსკი მანქანას ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მართავდა.
ირინა ნოზრდოვსკაიას მკვლელობაში ოფიციალურ ეჭვმიტანილად როსოშანსკის მამა დასახელდა, ის დააპატიმრეს. მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს, სასამართლომ ამას გამამართლებელი განმარტება მოუძებნა. საბოლოოდ აქტივისტის სიკვდილის გამო პასუხი არავის უგია.
ნიკოლაი იარემა
2018 წლის მარტის ბოლოს კიევის ახლოს აქტივისტი-ეკოლოგი ნიკოლაი იარემა გარდაცვლილი იპოვეს. ის თანამოაზრეებთან ერთად სვატოშინის ტბის ტერიტორიის რეიდერული დაპყრობის წინააღმდეგ გამოდიოდა.
გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს, ეჭვმიტანილები არ დაუდგენიათ.
ნიკოლაი ბიჩკო
2018 წლის ივნისში ხარკოვის ოლქის დაბა ესხარში 23 წლის ანტიკორუფციული აქტივისტი ნიკოლაი ბიჩკო ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ეჭვმიტანილები ვერ იპოვეს.
ვიტალი ოლეშკო
2018 წლის ივლისში ბერდიანსკში, საკუთარი სახლის ეზოში მოკლეს საზოგადოებრივი აქტივისტი და დონბასის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი ვიტალი ოლეშკო. მკვლელობის მომენტში ცოლი და მეგობრები მის გვერდით იმყოფებოდნენ.
მოკლულის ნათესავები აცხადებენ, რომ ოლეშკოს მკვლელობა მასა და რეგიონულ დეპუტატსა და მსხვილ ბიზნესმენ ალექსანდრ პონომარიოვს შორის არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. მაგრამ მკვლელობის დამკვეთები აქამდე არ დაუკავებიათ.