2018 წლის ოლიმპიადაზე რუს სპორტსმენებს, შესაძლოა, ეროვნული ჰიმნის შესრულება აუკრძალონ
გაზიარება
გაზიარება
Reuters
2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა სამხრეთი კორეის ქალაქ პხენჩხანში 9-დან 25 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. თუ რა პირობებით მიიღებს რუსეთი მასში მონაწილეობას, ისევ უცნობია.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას განიხილავს, რადგან ამ ქვეყანაში, როგორც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადგინა, სპორტში დოპინგის გამოყენების სახელმწიფო სისტემა მოქმედებდა. The New York Times წყარომ გამოცემას უამბო, რომ ამჟამად ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა იმისკენ იხრება, რომ რუს სპორტსმენებს თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა და თავიანთი ეროვნული ჰიმნის შესრულება აუკრძალონ.
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ასევე განიხილება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, რუსი სპორტსმენები თამაშებში მხოლოდ ნეიტრალური დროშითა და ეროვნული სიმბოლიკის გარეშე ფორმებით მიიღებენ მონაწილეობას. როგორც ჩანს, ოლიმპიური კომიტეტი რუსეთისთვის ოლიმპიადაში მონაწილეობის სრულიად აკრძალვას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 28 ქვეყნის ანტიდოპინგურმა სააგენტოებმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ფხენჩხანის ოლიპიურ თამაშებზე რუსეთის არდაშვების თხოვნით ჯერ კიდევ სექტემბერში მიმართეს. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ სააგენტოები უარს არ იტყვიან, თუკი რუსი სპორტსმენები ნეიტრალური დროშით გამოვლენ.
2016 წელს რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების თაობაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტის რიჩარდ მაკლარენის მოხსენების ორი ნაწილი გამოქვეყნდა. ამ მოხსენებას შედეგად რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის ძალოსანთა და მძლეოსანთა ნაკრები გუნდების, ასევე მთელი პარაოლიმპიური გუნდის სრული არდაშვება მოჰყვა.