სომხეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა 2016 წელს სომხეთში მომდარი თვითმკვლელობების შესახებ. 2015 წელთან შედარებით, მათი რიცხვი ორი შემთხვევით გაიზარდა, 2014 წელთან შედარებით კი – 42-ით.
სომხეთში დარეგისტრირებული 197 თვითმკვლელობიდან 160 მამაკცების მიერ არის ჩადენილი. გასულ წელს გაიზარდა თვითმკვლელი ქალების რიცხვიც.
სუიციდის 133 შემთხვევა თავის ჩამოხრჩობას უკავშირდება, 40 ადამიანი სიმაღლიდან გადახტა. შემთხვევების უმრავლესობა ერევანში მოხდა.
ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, შესაძლებელია სომხეთის საშუალოსტატისტიკური თვითმკვლელის პორტრეტის შედგენა. ეს არის 60 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელმაც გადაწყვიტა ერევანში, საკუთარ ბინაში ან კერძო სახლში თვის ჩამოხრჩობა.
Tert.am-თან საუბრისას ფსიქოლოგმა სამველ ხუდოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთში თვითმკვლელობების მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, რაც ადამიანებს შორის მჭიდრო მეგობრული და ნათესაური კავშირებით აიხსნება.
ამავდროულად, ქალაქებში თვითმკვლელობები უფრო ხშირად ხდება, ვიდრე სოფლებში, რადგან ქალაქებში ადამიანები უფრო იზოლირებულები არიან, და პიროვნებათაშორისი კავშირები არასაკმარისად მყარია.
ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ თვითმკვლელობის გადაწყვეტილება ერთ ან ორ დღეში არ მიიღება: როგორც წესი, ადამიანები ამ ნაბიჯზე ფიქრობენ და გეგმავენ.
თვითმკვლელობა ძირითადად მძიმე ემოციურ ფონზე, დეპრესიულ მდგომარეობაში ხდება. ადამიანები ამგვარად ცდილობენ პრობლემებისგან „გაქცევას“. სპეციალისტების მტკიცებით, ადამიანებს, რომლებიც ამ ნაბიჯს დგამენ, ფსიქოლოგიური აშლილობა აქვთ.
ექსპერტების აზრით, ქალები სიუციდს უფრო იშვიათად მიმართავენ, რადგან დედები ცდილობენ, შვილები ამგვარი განსაცდელისთვის არ გაიმეტონ. გარდა ამისა, ქალები, როგორც წესი, უფრო მეტ მოქნილობას იჩენენ და უფრო ადვილად პოულობენ რთული სიტუაციებიდან გამოსავალს.