20 წელია, ბამბის ნაყინის სუნი აღარ დგას
სამწუხაროა, რომ ქალაქი ოჩამჩირე აფხაზეთის განვითარების გეგმის მიღმა დარჩა, რადგან ის ქალაქადაც მშვენიერია და კურორტადაც.
პლაჟი
ქალაქში შესვლამდე ჩემი ყურადღება უდაბურ ნაპირზე, განმარტოებით მოთევზავე ადამიანმა მიიპყრო. მანქანიდან გადავედი და მისკენ გავემართე. ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ მეთევზე ქალი იყო.
– გამარჯობა, თევზს ყიდით?
– არა, რა უნდა აქ თევზს! უბრალოდ ვზივარ – შეიძლება ითქვას, დროს ვკლავ.
ლიუდმილა ზღვაზე სათევზაოდ კი არა, სევდის გასაქარვებლად დადის. სექტემბერში მან მეუღლე დამარხა და სახლში მარტო ყოფნა არ შეუძლია. ამიტომ მიდის ხოლმე ზღვის ნაპირთან და ანკესით ხელში ზის. ლიუდმილა ამბობს, რომ რუსულ პენსიას იღებს და ეს ყოფნის.
-ზაფხულში ბევრი ტურისტია პლაჟზე?
– რა უნდათ აქ ტურისტებს! ძროხების გარდა, ამ პლაჟზე არავინ დადის.
არცაა გასაკვირი. აქაური პლაჟები, რბილად რომ ვთქვათ, სავალალო მდგომარეობაშია. საშინლად გამოიყურება სანაპირო ზოლი. არც სუვენირებისა და ნაყინის ჯიხურები დგას, არც სიცილი ისმის, და არც მუსიკის ჰანგები ატკბობს სმენას. უკვე ოცი წელია, რაც აქ ბამბის ნაყინის სუნი აღარ ტრიალებს და მომაკვდინებელი სიჩუმეა გამეფებული.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი არ არის, პლაჟზე მაინც ბევრი ნაგავი ყრია. უამრავი ორმო და ქვიშანარევი ქვის გორაკებია გარშემო. როგორც ჩანს ოდესღაც რაღაც სამუშაოები დაიწყეს, მაგრამ საქმის დასრულება გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ფული არ არის
ოჩამჩირის რაიონის ხელმძღვანელის ხრიპს ჯოპუას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში ფული არ არის, რაიონის მესვეურები მცდელობას არ დააკლებენ, რომ ქალაქის მდგომარეობა გააუმჯობესონ. ‘2015 წელს ჩვენთან 4 ათასმა ადამიანმა დაისვენა. ექსკურსიებით ქალაქს სულ 20 ათასი ადამიანი ესტუმრა. თუმცა, აქედან რაიონის ბიუჯეტში არაფერი შესულა,’ – თქვა ჯოპუამ.
ერთი სიტყვით, აქაურ პლაჟზე ყოველთვის მოიძებნება ადგილი, ოჩამჩირის გზებზე კი კიდევ დიდხანს არ შეიქმნება საცობები. ასე რომ, აქაური ზღვის ჰაერი სუფთაა. აქ ჩამოსასვლელად ტაქსის დაქირავება ჯობს, თუმცა ოჩამჩირისკენ ავტობუსებიც დადიან. შესაძლებელია სოხუმში ტაქსის მძღოლს მოურიგდეთ, და 1,5 ათას რუბლად (დაახლოებით $20) პირდაპირ სასტუმრომდე ჩაგიყვანთ; გნებავთ, ავტობუსით ისარგებლეთ.
ჯერ კიდევ 20 წლის წინათ დამსვენებლებს აი, ეს სარკინიგზო სადგური ხვდებოდა.
ოჩამჩირის სადგური ფსოუ-ენგურის ხაზზე მდებარეობს და საკვანძო პუნქტს წარმოადგენს. აქედან რკინიგზის ერთი განშტოება ტყუარჩელისკენ მიემართება. ამჟამად სამგზავრო მატარებლები არ მუშაობენ. აღნიშნული ხაზი მხოლოდ იმისთვის გამოიყენება, რომ ტყვარჩელში მოპოვებული ქვანახშირი ზღვამდე ჩავიდეს, რომ შემდეგ გემებზე გადატვირთონ.
რკინიგზის ხაზის სოხუმი-ოჩამჩირის მონაკვეთი ჯერ კიდევ 2008 წელს აღადგინეს რუსმა სამხედრო რკინიგზელებმა, მაგრამ სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა მაინც არ აღდგა. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, სადგურზე დღემდე მუშაობს რკინიგზის მორიგე და მისი კაბინეტი დაკავებულია. სხვა ყველაფერი კი მიტოვებულია.
კაფეები და სასადილოები
ჩემი ყურადღება ადმინისტრაციის შენობის მოპირდაპირე მხარეს მდებარე მომცრო სასადილომ მიიპყრო. სასადილოს რომ მივუახლოვდი, ამ პატარა დაწესებულების მფლობელი დავინახე, რომელმაც დაიძახა: ‘კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! მაგრამ, შუქი არ გვაქვს.’
არც ისე კარგი დასაწყისის მიუხედავად, მაინც შევედი იმ იმედით, რომ რამეს მოვახერხებდი, და სიურპრიზებიც დაიწყო.
-ვარენიკები გვაქვს, სუპი, პიურე, ‘სალიანკა’ და ქათმის ხორცი თეთრ სოუსში – თითქმის საცივი.
– ულუფები როგორი გაქვთ?
– შენ გეყოფა!
ოჩამჩირის კაფეებში საკმაოდ დაბალი ფასებია – ვარენიკების ერთი ულუფა და ჩაი მხოლოდ 90 რუბლი (დაახლოებით $1) დამიჯდა. სუპის დიდ ულუფას კიდევ უფრო იაფად, 80 რუბლად მიიღებთ, პიურე კოტლეტითა და გემრიელი საწებლით სულ რაღაც 70 რუბლი ღირს. გარდა ამისა, ღომსაც ამზადებენ, რომელიც წინასწარ უნდა შეუკვეთო. ჩინებული გემოსი და არომატის აჯიკას კი უფასოდ გაძლევენ.
აღმოჩნდა, რომ ოჩამჩირეში ბევრი კარგი ადგილია, სადაც იაფად, გემრიელად და ნოყიერად შეიძლება დანაყრება.
‘ეს ჯიხური ვიქირავე და გადავწყვიტე, პატარა სასადილო გამეხსნა. მე და ჩემი ცოლი ვმუშაობთ. თუკი საცხოვრებელი დაგჭირდებათ, შეგვიძლია, მოგაქირავოთ. როგორც წესი, ზაფხულში ერთი ადამიანისგან 250 რუბლს ვიღებთ ხოლმე. ცოტას ვაფასებ იმიტომ, რომ პირობები არ მაქვს. ფული რომ მქონდეს, მსოფლიოში საუკეთესო პირობები მექნებოდა!’- ამბობს ბესლანი.
‘მაგრამ მშვენივრად ვცხოვრობთ. აქ შიმშილით ნამდვილად არ მოკვდები. მე თვითონ მეურნეობა არ მაქვს, მაგრამ ძმა მყავს, რომელსაც უზარმაზარი ფერმა აქვს. როდესაც ხორცი მჭირდება, არც კი ვეკითხები, ისე მივდივარ მასთან და მომაქვს. სიმამართანაც ასე ვიქცევი და, როდესაც არ მაძლევს, ვეუბნები, რომ თავის ქალიშვილისთვის არაფერი არ უნდა დაენანოს. ჰოდა, ვცხოვრობთ ასე, კარგად.’
სასტუმროები და კერძო გამქირავებლები
დღის ორი საათი. გზისპირა მაღაზია, რომელშიც შემთხვევით შევედი. ხის ჩვეულებრივი ჯიხური. ჭერი ჩამოწოლილია და ზოგან უკვე ჩამოვარდნილიც კია, მაგრამ აქ არამხოლოდ სურსათს, არამედ სუვენირებსაც ყიდიან. აქვე იყიდება წამლებიც. თანაც, მედიკამენტების ფასი საკმაოდ მაღალია. მაგალითად, ასპირინი 30 რუბლი (დაახლოებით 50 ცენტი) ღირს.
გამყიდველმა გვითხრა, რომ სეზონზე ოთახს 450 რუბლად (დაახლოებით $7) აქირავებს, რაც, მისი თქმით, საშუალო ფასია ამ ქალაქისთვის, თუ, რა თქმა უნდა, სახლში ნორმალური პირობებია.
– როგორ ცხოვრობთ?- ვკითხე ჩვენს თანამგზავრს, ოჩამჩირელ მერაბს, რომელმაც გვთხოვა, რომ მანქანით ცენტრამდე მიგვეყვანა.
– კარგად ვცხოვრობთ, მაგრამ სახლებია დანგრეული.
– და რატომ არ აშენებენ?
-ერთხანს ცდილობდნენ და შემდეგ მიატოვეს. მაგრამ ახლა ხელისუფლებამ მესაკუთრეები აიძულა, რომ ნახევარი წლის განმავლობაში ყველა სახლი მოაწესრიგონ. სხვა შემთხვევაში, სახლებს ჩამოართმევენ.
მერაბმა გვითხრა, რომ ზაფხულში ქალაქში ცოტა დამსვენებელია, ზამთარში – მით უმეტეს. ჩემს შეკითხვაზე, თუ საერთოდ რით შოულობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები ფულს, მან უცნაური პასუხი გამცა: ‘ზაფხულში ტურიზმით, დამსვენებლებისთვის ბინების მიქირავებით და მათი ექსკურსიებზე ტარებით, ზამთარში კი ღვინოს ასხამენ, სვამენ და ისვენებენ.’
ოჩამჩირეში ორი კერძო სასტუმრო და ერთი სასტუმრო სახლია, რომელსაც ‘ხაჯიმბასთან’ ჰქვია. ერთ-ერთ სასტუმროში აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ამიტომ პირდაპირ მეორესკენ გავემართე – სახელად ‘სამშიტ 555’- ისკენ.
სტანდარტული ნომერი აქ 1250 რუბლი (დაახლოებით $20) ღირს, ‘ლუქსი’ შედარებით ძვირია და მისი ფასი სამი ათასი რუბლიდან (დაახლოებით $45) იწყება.
თუმცა, შიგნით შესვლა ვერ შევძელით. ეზოში სტაფორდის ჯიშის ორი ძაღლი დარბოდა და გზა დაცვის თანამშრომელმა გადაგვიღობა, რადგან იქაც რემონტი იწყებოდა. ‘ზაფხულში დავასრულებთ და მაშინ გვეწვიეთ’, – გვითხრა მან.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს