158 ახალი შემთხვევა. იზრდება გეოგრაფიაც - ვირუსი უკვე მთელ საქართველოშია
გაზიარება
გაზიარება
ბოლო ერთი კვირაა საქართველოში კორონავირუსის ახალ შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად ახალ რეკორდულ მაჩვენებელ აღწევს.
12 სექტემბერს კორონავირუსის 158 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, რაც თითქმის ორჯერ მეტია წინა დღეს გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით (11 სექტემბერს 87 ახალი შემთხვევა იყო).
გაფართოვდა გეოგრაფიაც. თუკი მანამდე ვირუსი ერთ ან ორ რეგიონში იყო ლოკალიზებული, ამჯერად თითქმის მთელი საქართველო მოიცვა – კახეთის გარდა. კახეთი ისევ “მწვანე ზონად” რჩება.
158 დადასტურებული შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 80 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა. პაციენტების მატების გამო რეგიონში კიდევ ორ კლინიკა დაამატეს, სადაც ინფიცირებულების მიღება მოხდება.
28 შემთხვევა სამეგრელოში დაფიქსირდა და მათი უმეტესობა ენგურჰესის ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტებია. 19 – იმერეთში, 6 გურიაში და 18 თბილისში.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, მიუხედავად ასეთი ზრდისა, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი პანიკის საფუძველს არ იძლევა.
“გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მყისიერი, სწრაფი, თანაზომადი ქმედებები განხორციელდა მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის მიერ, ძალიან სწრაფად მოხდა ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება და მათი გამოკვლევა, ამიტომ შედარებით წყნარად ვიყოთ, არ არის ეს პანიკის საფუძველი, “- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამასთან, ქვეყანაში უკვე მოქმედებს ახალი რეგულაციები. მათ შორის, დიდ ქალაქებში პირველ ოქტომბრამდე გადაიდო სასწავლო პროცესი როგორც სკოლებსა და ბაღებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში.