13 ფოტო ერთი აზერბაიჯანული სოფლიდან, სადაც ზამთარში ვერავინ მიდის
სოფელი ბუდუგი აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გუბადან 50 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში ასასვლელად ორი საათია საჭირო – ძველი “ნივა” (“საბჭოთა ჯიპი”) გაჭირვებით მოძრაობს მთის გზაზე.
ეს სოფელი, რომელიც სულ ცოტა, ხუთასი წლისაა, ამ სიმაღლეზე სწორედ იმიტომაა გაშენებული, რომ მომხდურებს აქ ამოსვლა გაჭირვებოდათ. ასე იცავდა მოსახლეობა თავს აგრესიული ფეოდალებისგან.
ცუდი სამანქანო გზა ქალაქთან კონტაქტს აფერხებს. გუბასთან იზოლაციაში ყოფნა ცივილიზაციასთან კავშირის გაწყვეტის ტოლფასია, იმიტომ რომ ადგილობრივები სამკურნალოდ და განათლების მისაღებად გუბაში ჩადიან. მეტიც, ბუდუგელები პროდუქტების შესაძენასაც კი ამ ქალაქს სტუმრობენ ხოლმე.
ზამთარში გზა ყინულით იფარება და მოძრაობა წყდება. ბუდუგელები ბედის ანაბარა რჩებიან და ძველებურად ცხოვრობონ – მთის მდინარის წყალს ხმარობენ და საკვებად სახლის რძეს, ყველსა და ზამთრისთვის მომარაგებულ კონსერვებს იყენებენ.
მეცხოველეობა აქ კვების უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს – ადამიანის სიმდიდრე განისაზღვრება იმით, თუ რამხელა ფარა ჰყავს. ბუდუგის თითოეული მოსახლე 30-40 სულ ცხვარს ფლობს. ამის გარეშე აქ უბრალოდ ვერავინ გაძლებს. წვრილფეხა საქონელს საუკუნეების წინ დადგენილი წესით ამრავლებენ – ზაფხულში ცხვარს მაღალ მთებში მიერეკებიან, ზამთარში კი ბარში ჩამოჰყავთ ხოლმე.
ავტომანქანა მაღალმთიანი სოფლის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი “ინსტრუმენტია”. ყველა, ვისაც მანქანა არ ჰყავს, თვეში ერთხელ ტაქსის ქირაობს, გუბაში ჩადის და სურსათის დიდ მარაგს ყიდულობს ხოლმე.
ბუდუგში მეზობელი სოფლებიდან ჩამოდიან და ადგილობრივებს ქვანახშირს, შაქარსა და ბენზინს სთავაზობენ, სანაცვლოდ კი აქაური კარაქი და ყველი მიაქვთ.
ამჟამად ბუდუგში 40 ოჯახი ცხოვრობს, ნატურალური მეურნეობის “დადებითი მხარეებით” დაღლილი მოსახლეობა (განსაკუთრებით კი ახალგაზრდები) გუბასა და სხვა ქალაქებში გადადის საცხოვრებლად.