ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 11 ადამიანი, რაც აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 24 საათში.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების რაოდენობით კვლავ აჭარა დაწინაურდა, სადაც 342 შემთხვევაა გამოვლენილი. თბილისში კორონავირუსით ინფიცირების 277 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დანარჩენ რეგიონებში შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
იმერეთი – 198;
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 22;
გურია – 11;
შიდა ქართლი -12;
ქვემო ქართლი – 3;
მცხეთა-მთიანეთი – 10;
კახეთი – 7;
სამცხე-ჯავახეთი – 3;
რაჭა-ლეჩხუმი – 2;
მარინა ენდელაძის თქმით, 70-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებისა და ბაგა-ბაღების პერსონალის, მათ შორის პედაგოგების შერჩევითი ტესტირება, ქვეყნის მასშტაბით მომავალი კვირიდან დაიწყება.
როგორც ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, განათლების სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვლევის მეთოდოლოგიაზე უკვე შეჯერებულია.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 15 327-ს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 7 613 ადამიანი, გარდაცვლილი – 124, კარანტინის რეჟიმში – 5 721, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.