11 სექტემბერი დიდ ეკრანზე
2001 წლის 11 სექტემბერს სამი ათასი ადამიანი დაიღუპა. ამ დღეს შეიცვალა არა მხოლოდ მათი ახლობლების, არამედ თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრება, გადაფასდა მანამდე არსებული შეხედულებები და ახალ რეალობას დაუდო სათავე. როგორც წესი, მსგავსი მასშტაბის მოვლენებს რეზონანსი არა მხოლოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ ხელოვნებაშიც მოჰყვება: წერენ სიმღერებს, ლიტერატურულ ნაწარმოებებს, იღებენ ფილმებს.
მომხდარის ჯერ ფურცელზე, შემდეგ კი ფირზე გადატანა იმ წამიდან დაიწყეს, როგორც კი ტყუპი შენობების ადგილას გაჩენილი უფორმო ორმოდან უკანასკნელი ცხედარი ამოასვენეს. 11 სექტემბრის თემაზე გადაღებული პირველი ფილმები ძირითადად მხოლოდ პირადი განწყობის დაფიქსირების, მომხდარის ფაქტობრივი აღწერისა და გარდაცვლილთა მიმართ პატივისცემის გამოხატვის სურვილი აღმოჩნდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მსგავსი მასშტაბის მოვლენის გაანალიზებას გაცილების დიდი დრო სჭირდება.
ბრიტანელი სტივენ დალდრისთვის ეს დრო ათ წელიწადს გაგრძელდა და 2011 წელს დრამა „ძალიან ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ (Extremely Loud and Incredibly Close) გადაიღო. ფილმში არც აფეთქების ხმა ისმის, არც განწირულთა კივილი. მაყურებელი მხოლოდ ერთ-ერთი ტყუპის ნანგრევებში მომწვდეული მამის ხმას ისმენს, რომელიც უკანასკნელად ცდილობს შვილთან დაკავშირებას, მის ბოლო ზარს კი მეორე ტყუპის ჩამონგრევის ხმა ახშობს.
გაცილებით მიწიერია 2006 წელს ოლივერ სტოუნის მიერ გადაღებული „მსოფლიო სავაჭრო ცენტრი“ (World Trade Center) ნიკოლას კეიჯით მთავარ როლში. აქ ყველაფერი ამერიკული კინოს ტრადიციებით ვითარდება: პოლიციელები აფეთქების შედეგად დაზარალებული ადამიანების გადასარჩენად ტყუპების ნანგრევებში შედიან, თუმცა რამდენიმე საათის განმავლობაში ჩამოქცეული კედლების ტყვეობაში ექცევიან, რასაც ცხოვრებაზე, ოჯახზე, პოლიტიკასა და მომავალზე საუბრები მოჰყვება. პოლიციელებს გადაარჩენენ, თუმცა ნანგრევებიდან ისინი სრულიად სხვა ადამიანები გამოდიან, მათი ადრინდელი აზროვნება, ოცნებები და მოლოდინი ტყუპებივით გაცამტვერდა.
კადრი ფილმიდან World Trade Center
გადაფასებისა და ადამიანების ტრანსფორმაციის მაგალითს გვთავაზობს იმავე წელს გამოსული „რეისი 93“ (Flight 93), რეჟისორი პიტერ მარკლი. ფილმის მოქმედების უდიდესი ნაწილი ცაში, რეისის შესრულებისას ხდება. ფილმი ნამდვილ მოვლენებს ეფუძნება: United Airlines-ის 93-ე რეისის თვითმფრინავი იმ საჰაერო ლაინერებს შორის იყო, რომლებიც 11 სექტემბრის დილას ტერორისტებმა გაიტაცეს. სავარაუდოდ, სწორედ ის უნდა გაფრენილიყო ვაშინგტონის მიმართულებით და თეთრი სახლი ან კაპიტოლიუმის შენობა გაენადგურებინა. მიიჩნევა, რომ ტერორისტების გეგმა სწორედ 93-ე რეისის მგზავრების მიერ გამოჩენილმა ინიციატივამ ჩაშალა, რადგან ეს ერთადერთი თვითმფრინავი აღმოჩნდა, რომელსაც ტერორისტების სამიზნემდე არ მიუღწევია და დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამბობენ, რომ „რეისი 93-ის“ სცენარის დიდი ნაწილი თვითმფრინავის შავი ყუთის მასალებზე დაყრდნობითაა შექმნილი, თუმცა ფილმი, ნებისმიერ შემთხვევაში, საკმაოდ ემოციურია.
საინტერესოა, რომ 93-ე რეისის ისტორია კიდევ ერთი ფილმს დაედო საფუძვლად. ეს გახლავთ პოლ გრინგრასის United 93, რომელიც გაცილებით კარგი ხარისხის გახლავთ და უკეთესი კრიტიკაც ერგო. გრინგრასი სცენარზე უშუალოდ 93-ე რეისის მგზავრების ოჯახის წევრების მონაწილეობით მუშაობდა, ცდილობდა გაეთვალისწინებინა ყველა დეტალი, მათი ჩაცმის სტილისა და საყვარელი კერძის ჩათვლით. საბოლოოდ ფილმი იმდენად რეალისტური გამოვიდა, რომ პრემიერის შემდეგ საზოგადოება ტელევიზიით მისი ანონსების გაშვების აკრძალვას მოითხოვდა, მანჰეტენის რამდენიმე კინოთეატრში კი ფილმი გაქირავებიდან მოხსნეს.
11 სექტემბრის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ გამოვიდა მრავალსეგმენტიანი „11 სექტემბერი“ (11’09’01), რომელიც სხვადასხვა რეჟისორის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან შედგება. რეალურად, ეს იყო პირველი ღირებული კინოგამოხმაურება, რომელმაც ერთი ქვეყნის ტრაგედია ყველა ერის, რელიგიის, კანის ფერისა და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანის ტრაგედიად აქცია.
ეს იყო მთელი მსოფლიოს მიერ გამოხატული სამძიმარი – ინდოეთი, ირანი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ეგვიპტე, იაპონია, საფრანგეთი, მექსიკა და ბოსნია-ჰერცოგოვინა კენ ლოუჩის, ამოს გიტაის, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს, კლოდ ლელუშის, სამირა მაჰმალბაფისა და სხვათა ფილმებით ანუგეშებდა მსოფლიოს უძლეველ სახელმწიფოს. მაგრამ 11 მცირემეტრაჟიანი ფილმიდან საუკეთესო მაინც შონ პენისაა: ნიუ იორკელი მოხუცი ბნელ და პატარა ბინაში ცხოვრობს. მოგონებების, გარდაცვლილი ცოლის კაბებისა და ქოთნის ყვავილის გარდა აღარაფერი გააჩნია, თუმცა ყვავილიც აღარ ხარობს – ნიუ იორკის ცათამბჯენებს შორის მოქცეული სახლის ფანჯარაში მრავალი წელია მზე აღარ ანათებს.
დრო გადის, ყვავილი კი ნელ-ნელა სულ უფრო ჭკნება, მაგრამ ერთ დილას ფანჯარაში მზის სხივები შემოიღვრება, მოხუცს ეღვიძება და ხედავს როგორ იფურჩქნება სინათლეს მონატრებული ყვავილი. მოხუცი ხარობს, გარდაცვლილ ცოლს სიხარულით უყვება სიახლეს, თუმცა მალევე აცნობიერებს, რომ ასეთი ბედნიერება მხოლოდ დიდი საფასურის გადახდის შედეგად შეიძლება მიიღო.
ერთხელ სანახავად ღირს მაიკლ ბაინდერის დრამა „გაბატონება“ (ზოგ თარგმანში „ცარიელი ქალაქი“, ორიგინალში Reign over me). ფილმი იმ მხრივაა საინტერესო, რომ მაყურებელი მხოლოდ 11 სექტემბრის ტრაგედიის მიერ დატოვებულ კვალს მიჰყვება. აქ წმინდა ადამიანური ისტორია გვხვდება. ტერაქტის შემდეგ ახლობლების გარეშე დარჩენილი ახალგაზრდა მამაკაცისა და ბედნიერი ოჯახის მქონე მეგობრის ურთიერთობა ზუსტად ის ამბავია, რომელიც ახლა უკვე ძალიან ბევრი ნიუ იორკელის ბიოგრაფიის ნაწილია – ტყუპი შენობების აფეთქების შემდეგ ცარიელი ადგილი ხომ მხოლოდ მანჰეტენზე არ გაჩენილა. დაახლოებით მსგავსი პათოსი აქვს ალენ კოლტერის ფილმს „გახსოვდე“ (Remember Me), თუმცა იმ განსხვავებით, რომ მისი გმირები 11 სექტემბერს კი არ გაურბიან, არამედ ნელ-ნელა უახლოვდებიან.
ბუნებრივია, რომ ასეთი მასშტაბის მოვლენა კინოდოკუმენტალისტების ყურადღების ქვეშაც მოექცა. კიდევ უფრო ბუნებრივია, რომ მისით მეამბოხე ხულიგანი მაიკლ მური დაინტერესდა და „ფარენჰეიტ 9/11“ (Fahrenheit 9/11) გადაიღო. ამერიკის ცხოვრების წესის, მისი მთავრობისა და პოლიტიკის მიმართ ცინიკური დამოკიდებულებით ცნობილი რეჟისორი მთავარ დარტყმას მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ უმცროსის მისამართით ახორციელებს, ადანაშაულებს, ბრალს სდებს, ერაყსა და ავღანეთში არსებული საომარი მოქმედებების გამო აკრიტიკებს, მეტიც, 11 სექტემბრის ტრაგედიის პასუხისმგებლობას პირდაპირ პრეზიდენტს აკისრებს.
ხოლო ის ფაქტი, რომ „ფარენჰეიტ 9/11“ დოკუმენტურ ფილმებს შორის შემოსავლების მხრივ დღემდე პირველ ადგილზეა და ჟანრისთვის რეკორდული რაოდენობის მაყურებელმა ნახა, უკვე მეტყველებს, რომ ადამიანებს სწორედ ასეთი მწარე, უხეში, პირდაპირი და მძიმედ შესაგუებელი სიმართლე უფრო სჭირდებათ და არა მსახიობების მიერ გათამაშებული ნამდვილი, თუმცა მაინც გამოგონილი ტრაგედიები.