9 დაბრკოლება, რომელსაც კავკასიელი ქალები კარიერულ გზაზე აწყდებიან
პროფესიების დაყოფა სქესის მიხედვით
არსებობს ქალური და მამაკაცური პროფესიები: მასწავლებელი, მაღაზიის გამყიდველი, მომღერალი ან მოცეკვავე – ქალურ პროფესიებად მიაჩნიათ. პროგრამისტი, მკვლევარი, მათემატიკოსი, პოლიტიკოსი კი ქალებისთვის შეუფერებელი პროფესიებია. ამ აზრს კავკასიელი გოგონები ბავშვობიდანვე ეჩვევიან.
ადრეული დედობა
ადრეული დედობა დღემდე იმის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რჩება, რომ გოგონების ნაწილი საშუალო სკოლას არ ამთავრებს. ხშირად სკოლას ქორწინებისთანავე ანებებენ თავს. ქორწინება 18, 17 და, ზოგჯერ 16 წლის ასაკში დღემდე ფართოდ არის გავრცელებული კავკასიაში.
ქალი სახლში უნდა იჯდეს
დღეს ბუნებაში ისევ არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც ურყევად სწამთ, რომ ქორწინების შემდეგ ქალმა თავის უწინდელი საქმიანობა უნდა დაივიწყოს – თუნდაც კოსმოსის ათვისებით ყოფილიყო დაკავებული და ბოლოსდაბოლოს საქმით დაკავდეს; მაგალითად, წინდები გარეცხოს.
ორმაგი დატვირთვა
სხვათა შორის, წინდების რეცხვის წესი არც არავის მოუშლია ისეთი ქალებისთვისაც, რომლებიც მუშაობენ. თუნდაც დედაქალაქის მკვიდრი, პროგრესული და თქვენი საქმის ბრწყინვალე სპეციალისტი ქალი იყოთ, კავკასიის ქვეყნებში საოჯახო საქმეების 80 პროცენტზე მეტს ისევ დასაქმებული ქალები ასრულებენ. სამწუხაროდ, ქალების ნახევარზე მეტი თანახმაა ასეთ პირობებზე.
რას იტყვის ხალხი
თუ კავკასიელი გოგონა ხარ და კარიერის აწყობას ცდილობ, უმჯობესია, უფროსიც გოგონა გყავდეს; რადგან ასეთ შემთხვევაში, ქმარს, მამას ან ძმას ნაკლები შეკითხვები გაუჩნდებათ, როდესაც ხელმძღვანელობასთან ერთად მივლინებაში გაემგზავრები, ანდა სამსახურში გვიანობამდე მოგიწევს დარჩენა. ოღონდ, თან გაითვალისწინეთ, რომ კავკასიაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალები დღესაც ძალიან ცოტაა.
სექსუალური შევიწროება
შესაძლოა, მამას ან ქმარს პარანოია სულაც არ სჭირთ და ქალის სამსახურში წასვლას არაფერი აბრკოლებს. თუმცა, შესაძლოა, მას უკვე სამუშაო ადგილზე ელოდებოდეს საფრთხე. ჰარასმენთი (ანუ სექსუალური ნიშნით შევიწროება) ჩვეულებრივი, გავრცელებული ამბავია და ყოველთვის ადვილად ამოსაცნობიც არ არის. ანუ, თუ ეს უშუალოდ ფიზიკური ზეწოლით არ ვლინდება და ‘მხოლოდ’ უადგილო კომპლიმენტებით და ვნებიანი მზერით შემოიფარგლება, საზოგადოებრივი მორალი ამაში გასაკიცხს ვერაფერს დაინახავს.
დაბალი ხელფასი
ხშირად “ჩიტი ბრდღვნად არც ღირს”. ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ერთი და იგივე სამუშაოსთვის ქალები მამაკაცებზე 25-30 პროცენტით ნაკლებ გასამრჯელოს იღებენ.
საქსტატის თანახმად, საქართველოში კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი თვეში 1472 ლარია, ხოლო ქალების მიერ მიღებული ხელფასი ამაზე 494 ლარით ნაკლებია და 978 ლარს შეადგენს. შესაბამისად, სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ქალები დღეს საშუალოდ უფრო დაბალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობენ, ვიდრე – კაცები.
საბავშვო ბაღები
თუ ფიქრობთ, რომ სამსახურს დაიწყებთ და შვილს საბავშვო ბაღში მიიყვანთ, ესეგი თქვენ გაგიმართლად. იმიტომ, რომ კავკასიაში შვილების საბავშვო ბაღში მიყვანა მხოლოდ დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს შეუძლიათ. ზოგიერთ პროვინციაში საბავშვო ბაღები საერთოდ არც არის.
გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მიხედვით, საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, საქართველოში დაახლოებით, 14 ათასი ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ვერ დადის. დიდ ქალაქებში პრობელმაა, ასევე სახელმწიფო ბაღებში ადგილების ნაკლებობა.
არათანაბარი შრომითი პირობები
თუ ბავშვს ელოდებით და სამსახურიც გაქვთ, მზად იყავით იმისთვის, რომ შრომის კოდექსი თქვენ მხარეს არ არის. საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით, თქვენი დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა და ანაზღაურება მთლიანად თქვენი დამსაქმებლის სინდისსა და მის პირად გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ზოგ დამსაქმებელს ჩვევად აქვს ხელფასიდან, დედის ან შვილის ავადმყოფობის გამო, გაცდენილი დღეების ანაზღაურების დაქვითვაც.