4 მარტს, ლოს-ანჯელესის დოლბის თეატრში, ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის 90-ე ცერემონიის გამარჯვებულები გამოავლინა, იუწყებაCNN.
საუკეთესო ფილმი გახდა გილიერმო დელ ტოროს სურათი „წყლის ფორმა“, რომელიც საიდუმლო სამეცნიერო ლაბორატორიის დამლაგებლისა და საცდელი არსების სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. კინოაკადემიის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ბევრი ექსპერტისთვის, რომლებიც გამარჯვებას უწინასწარმეტველებდნენ ფილმს „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური“.
„წყლის ფორმამ“, მთავარი ჯილდოს გარდა, კიდევ სამ ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო გილიერმო დელ ტორო საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს.
„წყლის ფორმის“ რეჟისორი გილიერმო დელ ტორო. REUTERS/Mike Blake
„საუკეთესო უცხოენოვანის ფილმის“ კატეგორიაში გაიმარჯვა ჩილელი რეჟისორის ფილმმა „ფანტასტიკური ქალი“. ფილმი ბიზნესმენისა და ტრანსგენდერი ქალის ურთიერთობაზე გვიამბობს. ფილმში მთავარ როლს ტრანსგენდერი ქალი ასრულებს.
„ფანტასტიკური ქალის“ რეჟისორი სებასტიან ლელიო. REUTERS/Mike Blake
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გახდა „იკაროსი“, რომელიც ამერიკელმა ბრაიან ფოგელმა გადაიღო. ფილმი რუსულ სპორტში დოპინგის თემას ეხება. მათავარი გმირი – მოსკოვის ანტიდოპინგური სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგორი როდჩენკოვია.
ოსკარი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის გადაეცემა ბრაიან ფოგელს ფილმისთვის „იკაროსი“ REUTERS/Lucas Jackson
სამსახიობო სამუშაოსთვის ჯილდოები მიიღეს გარი ოლდმანმა („ბნელი დროება“) და ფრენსის მაკდორმანდმა („სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური“). მაკდორმანდისთვის ეს უკვე მეორე „ოსკარია“ – პირველი მან 21 წლის წინ მიიღო ფილმისთვის „ფარგო“.
გარი ოლდმანი, REUTERS/Danny Moloshok
ფრენსის მაკდორმანდი REUTERS/Mario Anzuoni
ცერემონიამ ისე ჩაიარა, რომ არ უხსენებიათ შარშანდელი სკანდალი, რომელიც გავლენიანი კინოპროდუსერის, ჰარვი ვაინშტაინის ირგვლივ ატყდა.
„გასაკიცხ საქციელს ვეღარ ავიტანთ. მსოფლიო გვიყურებს და ჩვენ სამაგალითოები უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ცერემონიის დასაწყისში წამყვანმა ჯიმი კიმელიმ