ძიძები შობადობას გაზრდიან
პროექტმა ‘სომხეთის რესპუბლიკის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ეროვნული პროგრამა 2016-2018 წლებისათვის’ იმედი ჩაუსახა დეკრეტში მყოფ იმ ახალგაზრდა დედებს, რომლებსაც ბავშვის დაბადების შემდეგ ძველ სამუშაო ადგილებზე დაბრუნება სურთ.ისინი ეროვნული პროგრამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში ავრცელებენ; ჩინოვნიკები კი მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ პროექტია, და ჯერჯერობით საკითხავია, მართლაც განხორციელდება თუ არა ის.
ამ დოკუმენტის პოპულარობა მისმა პუნქტებმა განაპირობა, რომლებიც რადიოსადგურ ‘სპუტნიკ არმენიას’ ეთერში შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს დემოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვანიკ ბაბაჯანიანმა ჩამოთვალა:
1. ძიძის მომსახურების ანაზღაურებისათვის საჭირო თანხის (რომელიც სომხეთში მინიმალურ ხელფასის ოდენობას – 55 ათას დრამს, ანუ 115 დოლარს არ აჭარბებს) გამოყოფა იმ ქალებისთვის, რომლებსაც შვილის გაჩენის შემდეგ მუშაობა სურთ;
2. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის სუბსიდირება 22 წლამდე ასაკის იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ორსულად არიან, ან მცირე ხნის წინ გააჩინეს შვილები;
3. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მოსამზადებელი ეტაპის სუბსიდირება 24 წლამდე ასაკის იმ ქალებისთვის, რომლებმაც, ადრეული მშობიარობის გამო, უმაღლესი განათლების მიღება ვერ მოასწრეს, მაგრამ სწავლის სურვილი აქვთ;
4. თავად დამსაქმებელთა დაწესებულებების ბაზებზე პროფესიული სწავლებისა და გადამზადების უზრუნველყოფა 30 წლამდე ასაკის იმ ქალებისთვის, რომლებსაც შვილები ჰყავთ და მუშაობა სურთ, ხოლო შრომით ბაზარზე მათზე მოთხოვნა არ არის, რადგან მანამდე არასდროს უმუშავიათ.
პროექტის საბოლოო მიზანზე – შობადობის ზრდაზე – ათწლეულებია, მსჯელობენ,თუმცა – უშედეგოდ! გაერო–ს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი წარმომადგენელი, გარიკ აირაპეტიანი ჯერ კიდევ ორი წლის წინათ აღნიშნავდა:
“დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტისას ყურადღება იმაზე კი არ უნდა გამახვილდეს,თითქოს ჩვენი მიზანია შობადობის ზრდა, არამედ ისეთი გარემოს შექმნა უნდა შევძლოთ, რომელიც ადამიანებს ბევრი შვილის ყოლას მოანდომებს. და აი, სწორედ ახლა დაიწყო ამ მიმართულებით ყურადღების გამახვილება”.
გაერო–ს მოსახლეობის ფონდის სომხური წარმომადგენლობის მიერ ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა, რომ საშუალოსტატისტიკურ ოჯახში ორ შვილზე მეტს არ აჩენენ.ბევრი მხოლოდ ერთი შვილის ყოლას ამჯობინებს,თუმცა,მიაჩნიათ, რომ იდეალურ შემთხვევაში – სამი უნდა ჰყავდეთ.
ექსპერტების აზრით, ბავშვის გაჩენის შემდეგ მშობლებისთვის გადაცემული ერთჯერადი თანხა (ასეთი შემწეობის გაცემა გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, სომხეთშიც) არცთუ ეფექტურად მოქმედებს.ახალგაზრდა მშობლები, რომლებსაც მომავალი ბუნდოვნად ესახებათ, თავს ბავშვის გაჩენის უფლებას ვერ აძლევენ. სხვა საქმე იქნებოდა ხანგრძლივი, სტაბილური დახმარება, თუკი მას ბავშვის გაჩენიდან თუნდაც ხუთ წლამდე აღმოუჩენდნენ მის მშობლებს.
დემოგრაფიების საკითხების საერთაშორისო ექსპერტის რალფ ჰაკერტის თქმით, მაკედონიაში ყოველი მესამე შვილის გაჩენის შემდეგ სახელმწიფო მშობლებს ათი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 150 დოლარს უხდის. ექსპერტის რჩევით, შობადობის გაზრდის მსურველი სომხეთიც ასეთ გზას უნდა დაადგეს – ახალგაზრდა ოჯახებს ხანგრძლივი და ყოველმხრივი დახმარება გაუწიოს.
სომხეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს სომხეთში 41000 ადამიანი დაიბადა და 28 000 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, მოსახლეობის დემოგრაფიული სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებელი 1,4-ია; არადა, უბრალო თვითაღწარმოებისთვის ეს მონაცემი 2,1-ს უნდა უდრიდეს.
ექსპერტ რალფ ჰაკერტის აზრით, შობადობის დაბალი დონე სომხეთში უმუშევრობითა და მიგრაციითაა გამოწვეული. შესაბამისად, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, პირველ რიგში,საჭიროა უმუშევრობის შემცირება და ცხოვრების დონის ამაღლება.
თქმა ადვილია,ნათქვამის შესრულება კი – რთული.შობადობის დონის გასაზრდელად საფრანგეთის ხელისუფლება ყოველწლიურად ათობით პროექტს ახორციელებს, რომლებსაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3,5 პროცენტი ხმარდება.
სომხეთში ამ სფეროში მსხვილი ფინანსური დაბანდების იმედი არავის აქვს,მაგრამ შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროში მიაჩნიათ,რომ ეროვნული პროგრამის საშუალებით,რომელშიც საკითხისადმი ახლებური მიდგომაა წარმოდგენილი,დემოგრაფიული პრობლემა ნაწილობრივ მაინც გადაწყდება; პროგრამის ამუშავებიდან ორ–სამ წელიწადში კი თვალსაჩინო შედეგებსაც ელიან.
გამოქვეყნდა 2016 წლის 30 მარტს