ცხოვრება სიძულვილის გარემოში. რას ჰყვებიან ლგბტ ადამიანების მშობლები
საქართველოში ლგბტ ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ. ისინი ამბობენ, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მუქარა, დისკრიმინაცია მათი ყოველდღიურობაა.
რთულ მდგომარეობაში არიან მშობლებიც – შვილების ორიენტაციის გამო გარშემომყოფები ხშირად მათაც „პასუხს სთხოვენ“.
* სტატია პირველად გამოქვეყნდა: 16.05.2019
„ყოველი ქვიარ–შვილის დაბადებასთან ერთად იბადება ქვიარ–მშობელი“
„შვილისთვის მიეხედა, კაცის ნაცვლად ქალაჩუნას რომ ზრდიდა“, „რომ სცოდნოდა ასეთი იყო, აბორტს გაიკეთებდა“, „პიდარასტის დედაა“, – ეს იმ რეპლიკების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ემზო კვარაცხელიას დედას საზოგადოებისგან ყოველდღე ესმის.
ხალხი ქეთო ბენიძეს ვერ პატიობს, რომ მისი შვილი გეია და დედას ის უყვარს, მეგობრობს მასთან, მხარს უჭერს.
______________________________________________________________________________
• ეკლესია, რომელმაც ტრანსგენდერი ადამიანები შეიფარა. ვიდეო
• აივ ინფიცირებული ადამიანების დისკრიმინაცია სომხეთში – სწორედ ექიმებისგან
• ჰომოსექსუალობა თურქეთში: მინისტრი იურისტების წინააღმდეგ
______________________________________________________________________________
ემზო უკვე ერთი წელია საქართველოში აღარ ცხოვრობს. ის ბელგიაში გადავიდა, ცხოვრება ნულიდან დაიწყო და თავის დამკვიდრებას ყოველდღიურად ცდილობს. რადგან შორსაა, ჰომოფობიურად განწყობილი საზოგადოება ტალახს დედას ესვრის. სწორედ ამიტომ, ემზო ცდილობს საჯაროობისგან დაიცვას და მის გამოცდილებაზე თვითონ საუბრობს.
„ჩემს ყველა საჯარო გამოსვლას, ტრადიციულად მოჰყვება (დედასთან) ნათესავების და ახლობლების ზარები. ერთი შეხედვით კეთილისმსურველები, ჩემი ღრმა რწმენით, აბსოლუტურად გააზრებულად მავნებლურ რჩევას აძლევენ, რომ იქნებ ვიმკურნალო, ან თუ მკურნალობა არ მინდა, ჩუმად მაინც ვიყო და საკუთარი თავი თუ არ მეცოდება, ახლობლები შევიცოდო.
ეუბნებიან, გვრცხვენია და არ გვინდა ასე ხშირად ვხედავდეთ მის საჯარო გამოსვლებსო“, – ამბობს ემზო.
ზოგი მიიჩნევს, რომ მისი ორიენტაცია დედის ბრალია – მათი აზრით, მშობლების სითბო აკლდა ან მამა „სათანადოდ ვერ იდგა ოჯახში“.
ემზო კვარაცხელია 24 წლის იყო, როცა მშობლებს ორიენტაციის შესახებ უთხრა. შეგუებას დრო და ბევრი სირთულის გავლა დასჭირდა.
ამბობს, რომ ამ პერიოდში ყველაზე მარტოსული იყო – პირველად იგრძნო როგორი რთული და წარმოუდგენელია ცხოვრება დედის გარეშე.
თუმცა არ დანებდა და გააგრძელა მშობლებთან საუბარი.
ამბობს, რომ გაუმართლა და მათი სიყვარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ფიქრი იმაზე, რას იტყვის ხალხი. ბელგიაში წასვლამდე მამამ უთხრა – „შენი ცხოვრებაა და როგორც გინდა ისე იცხოვრე, ჩემი შვილი ხარ და ამას არაფერი შეცვლის“.
თავად მუქარას და შეურაცხყოფას მიეჩვია, მაგრამ დღემდე დედის მისამართით ნასროლ ტალახს ვერ ეგუება.
„ვბრაზდები და სიმწრისგან ვიხრჩობი, როცა დედაჩემს უამრავი სიბინძურის ატანა უწევს ჩემ გამო. მიზანმიმართულად გულს ტკენენ, აბრაზებენ, სიძულვილს აფრქვევენ.
ზუსტად ვიცი, როგორ მძიმედ გადის სამსახურიდან სახლამდე მისასვლელ უსაშველოდ გრძელ ქუჩას, როგორ მოათრევს პურთან ერთად სიძულვილით სავსე მზერებს, როგორ უჭირს ჩემი ლანძღვის მოსმენა“, – ამბობს ემზო.
37 წლის თამილა გაწერელიას შვილი ტრანსგენდერია. ის სკოლის მოსწავლეა. დედამ მისი გენდერული იდენტობის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ფსიქოლოგს მიმართა. ამის მიზეზი, მისი თქმით, შვილის განსხვავებული ქცევა იყო.
სპეციალისტის დახმარებით მან გააცნობიერა, რომ მია ისეთი არ არის, როგორც უმრავლესობა და ამის გამო, შეიძლება, დაჩაგრონ. დედა ცდილობს შვილი მაქსიმალურად დაიცვას ამისგან.
„ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ყველა ერთნაირი ვერ იქნება“, – ამბობს ის.
ჰყვება, რომ ხშირად ეკითხებიან, რატომ იქცევა მისი შვილი „გოგოსავით“, რატომ არ არის მის მიმართ დედა უფრო მკაცრი და სახლიდან რატომ არ აგდებს. ცდილობს უპასუხოდ არავინ დატოვოს და ყველას აუხსნას, რომ მისი შვილი „ავადმყოფი“ არ არის.
„მინდა იყოს სრულფასოვანი მოქალაქე. მე როგორი დისკომფორტიც არ უნდა მექმნებოდეს, ვცდილობ რომ ბავშვი იყოს კარგად“, – აღნიშნავს ის.
“ჩვენ თავიდანვე თანამოაზრეები და თანამებრძოლები ვიყავით”, – ამბობს ნანა ფანცულაია, მარიამ გაგოშაშვილის დედა. არ ახსოვს, პირველად როდის გაიგო, რომ მისი შვილი ლესბოსელია.
შვილთან სექსუალობაზე ხშირად საუბრობდა და ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები იშვიათად ჰქონიათ.
ის და მარიამი ნამდვილი მეგობრები არიან და ამაზე გავლენას ისიც ვერ ახდენს, რომ მისი შვილი საქართველოში აღარ ცხოვრობს.
„უბრალოდ არ მესმის, რატომ უნდა აკონტროლო და შეზღუდო ადამიანი, რომელიც ასე ძალიან გიყვარს. მარიამს თავისი ცხოვრება აქვს, მე პატივს ვცემ ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, მომწონს, როგორც აკეთებს და საერთოდ, როგორც ცხოვრობს. ის ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ქალია, სრულიად შემდგარი და დამოუკიდებელი.
საკუთარი თავისთვის მაშინაც კი არ მიმიცია უფლება მის პირად ცხოვრებაში ჩავრეულიყავი, როცა პატარა იყო. ახლა – მით უფრო“, – ამბობს ნანა ფანცულაია.
მისი შვილი იხსენებს, რომ 2013 წლის 17 მაისს, როცა ჰომოფობიის გასაპროტესტებლად გამოსული მშვიდობიან მოქალაქეები სასულიერო პირებმა და მრევლმა დაარბიეს, დედა მის გვერდით იდგა.
ნანა იმ მიკროავტობუსში იყო, რომელსაც მარიამი და მისი პარტნიორი სხვა აქტივისტებთან ერთად აფარებდნენ თავს.
„ის ჩემი არა მხოლოდ დედაა, არამედ ერთ-ერთი უსაყვარლესი და უახლოესი მეგობარი. ნანა ყოველთვის მუშაობს საკუთარ თავზე. ყოველთვის იზრდება, როგორც პიროვნება, როგორც ფემინისტი აქტივისტი და როგორც ქვიარ მოძრაობის მოკავშირე.
ის ალბათ ერთ-ერთი პირველი მშობელია ჩემი თაობის აქტივისტებში, რომელსაც არ შეეშინდა ჩვენი ღიად მხარდაჭერა, რომელიც აქციებზე გამოვიდა და რომელსაც თვითონ მოუწია ზოგიერთ იმ პრობლემასთან შეჯახება, რაც თემის წევრებისთვის ყოველდღიური რეალობაა“, – ამბობს მარიამი.
ნანა ფანცულაია კი აღნიშნავს, რომ მშობლები, რომლებსაც უყვართ თავიანთი შვილები და ზრუნავენ მათზე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგებიან, რაც ლოგიკური და ბუნებრივია.
მისი თქმით, ისინი მზად უნდა იყვნენ, თვითონაც შეიცვალონ, რათა გამოწვევებს ღირსეულად შეხვდნენ და პრობლემები ადვილად დაძლიონ.
„სადღაც წავაწყდი ერთ ფრაზას, რომელიც მომეწონა: „ყოველი ქვიარ-შვილის დაბადებასთან ერთად იბადება ქვიარ-მშობელი“… და მეც ყველა მშობელს ვურჩევ, სერიოზულად დაფიქრდეს ამაზე“, – ამბობს ის.
ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს, ხმაურიანი განხილვების შემდეგ მიიღო, ნანასთვის კიდევ ერთი ბერკეტია მისი და მარიამის უფლებების დასაცავად.
თუმცა ამბობს, რომ როგორც ყველა კანონს საქართველოში, ამასაც აღსრულების პრობლემა აქვს და შესაბამისად, უცნობია, რამდენად ქმედითი იქნება ის.
„სიყვარული არის სიყვარული“
„სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან“, – სწორედ ამ სიტყვებს ამბობდა 2018 წლის 17 მაისს მშვიდობიან აქციაზე ნიქო გორგილაძე, როცა მას თავს დაესხნენ. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გასაპროტესტებლად მოქალაქეები მთავრობის კანცელარიასთან იყვნენ შეკრებილები და მათ აგრესორებისგან პოლიციის კორდონი ყოფდა, თუმცა თავდამსხმელმა შეღწევა მაინც მოახერხა და ნიქოს სწორედ იმ დროს დაარტყა, როცა სიტყვით გამოდიოდა.
ბიჭი პოლიციამ ადგილზე დააკავა, ის არასრულწლოვანია. დაზარალებულმა ბრალდებულის ციხეში ჩასმა არ ისურვა, მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დაკისრება მოითხოვა.
სასამართლომ თავდამსხმელს მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა შეუფარდა. ნიქო გორგილაძემ კი ქვეყანა დატოვა და საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. იმაზე, რაც საქართველოში გადახდა თავს, 17 მაისის შემდეგ არაერთხელ ისაუბრა.
ამჯერად თავს იკავებს, მით უფრო, რომ მის მიერ საჯაროდ მოთხრობილ სხვადასხვა ისტორიას ინტერნეტსივრცეში უმეტესად აგრესია და შეურაცხმყოფელი გამოხმაურებები მოჰყვება ხოლმე.
ნიქო არ არის ერთადერთი, ვინც საქართველოში არსებული ჰომოფობიური გარემოს გამო ქვეყანა დატოვა.
ნანა ფანცულაიას შვილი, მარიამ გაგოშაშვილი ჰყვება, რომ უკვე 6 წელია ამერიკაში ცხოვრობს და ისეთ ქალაქებში ყოფნა არჩია, სადაც ჰომოფობია შედარებით ნაკლებია – ნიუ იორკსა და სან ფრანცისკოში. მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ ჰომოფობიური რეპლიკები ქუჩაში იქაც წამოუძახებიათ, თუმცა საქართველოში მის გამოცდილებასთან შედარებით, ეს არაფერია.
„აქ ჩემთვის ქვა არავის უსვრია ქუჩაში, თმაში არავინ მწვდომია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სასმელი არავის შემოუსხამს ბარში, სილა არავის გაუწნია ღამის კლუბში, არავის უცდია ჩემზე სექსუალური ძალადობა ჩემი ორიენტაციის გაგებისას, მომსახურებაზე უარი არავის უთქვამს სასტუმროში ან კაფეში, არავის გავუგდივარ ნაქირავები ოფისიდან ან ბინიდან და არავის უცდია ჩემი მოკვლა საპროტესტო აქციის ან მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს. ეს გამოგონილი მაგალითები არ არის – საქართველოში ცხოვრების დროს თითოეული მაქვს ჩემს ტყავზე გამოცდილი, ზოგი არაერთხელ“, – ამბობს ის.
მარიამი აღნიშნავს, რომ ძალიან რთულია იყო ბედნიერი, კმაყოფილი, გახარებული, როცა შენ მიმართ ამდენი სიძულვილია. მისი თქმით, იყო ქვიარ ადამიანი საქართველოში, ნიშნავს ყოველდღიურ ბრძოლას.
საქართველოდან საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წავიდა 23 წლის მონიკა თიგიშვილიც. ის ტრანსგენდერი ქალია. ამბობს, რომ სამშობლოში მის ყოველ საჯარო გამოჩენას შეურაცხყოფა მოჰყვებოდა, დასცინოდნენ და ქილიკობდნენ. კაფეში შესვლისასაც კი ცხადად გრძნობდა, როგორი არასასურველი სტუმარი იყო.
„ერთადერთ გამოსავლად მივიჩნიე ის, რომ დამეტოვებინა საქართველო, რათა ვყოფილიყავი უსაფრთხოდ, დაცულად და რეალიზებული“, – ამბობს ის.
მონიკა აღნიშნავს, რომ რთულია ასეთ პირობებში ოჯახს მხარდაჭერა მოსთხოვო – მათ მიმართ აგრესია ამ მხარდაჭერის გარეშეც მაღალია.
მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებსა და ნათესავებს უთხრა, რომ ტრანსგენდერია, ნაწილმა მოითხოვა ამის შესახებ საჯაროდ არ ესაუბრა. გრძნობდა დის თანადგომას, დედას კი თავდაპირველად შეგუება გაუჭირდა.
შესაბამისი ლიტერატურის გაცნობის შემდეგ, ის მისი მხარდამჭერია და სურს, რომ მონიკა ბედნიერი იყოს. ამან უფრო გააძლიერა, გახადა დამოუკიდებელი.
დედა ცდილობს არ მოუყვეს, რას ეუბნებიან მასზე, თუმცა მონიკამ კარგად იცის რა რეალობაშიც ცხოვრობს ის.
„ლგბტ ადამიანებს დღეს საქართველოში არ გვეზეიმება“
„სახლში რაც უნდათ, ის აკეთონ“, – ამბობენ ხოლმე საქართველოში, ლგბტ ადამიანებზე საუბრისას. მოსახლების ნაწილი კი ამას არამხოლოდ ამბობს, მონაწილეობს კიდეც იმაში, რომ სექსუალურმა უმცირესობამ აზრის გამოხატვა და ქუჩაში თავისუფლად გადაადგილება ვერ შეძლოს.
ჯერ კიდევ 2012 წლის 17 მაისს, როცა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გასაპროტესტებლად თბილისის ცენტრალურ ქუჩაში რამდენიმე ადამიანი გამოვიდა, მათ თავს დაესხნენ და ძალადობრივი გზით დაარბიეს.
2013 წელს კი მოსახლეობამ იხილა ლგბტ ადამიანებთან საბრძოლველად ჭინჭრებით შეიარაღებული სასულიერო პირები და მღვდელი, რომელიც განსხვავებულ, უმცირესობაში მყოფ ადამიანებს „ტაბურეტით“ მისდევს.
მაშინ სახელმწიფომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ვერ დაიცვა – აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან მიკროავტობუსებით წაიყვანეს, თუმცა არც იქ ყოფნა აღმოჩნდა უსაფრთხო.
მომდევნო წელს ეკლესიამ, პატრიარქის ინიციატივით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ შერაცხა და ამის შემდეგ, მრევლი ყოველწლიურად მსვლელობებს მართავს. შესაბამისად, ჰომოფობიის გაპროტესტებაც კი, ლგბტ ადამიანებისთვის უფრო და უფრო რთული ხდება.
წელს კი, საქართველოში პირველად, ლგბტქ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი) პრაიდი გაიმართება. სოციალური თეატრი, საერთაშორისო კონფერენცია და ღირსების მარში – ეს იმ ღონისძიებების ჩამონათვალია, რომელი თბილისში 18-23 ივნისს, პრაიდის ფარგლებში გაიმართება.
„სიძულვილი და აგრესია არ არის პასუხი“, – ამბობს გიორგი თაბაგარი, რომელიც თბილისში დაგეგმილი ლგბტქ პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორია. მისი თქმით, ღონისძიება საზოგადოებისთვის იმართება, რათა მიმღებლობისა და თანასწორობისთვის ადამიანებმა უფრო მეტი გააკეთონ.
საქართველოში პირველი ლგბტქ პრაიდი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის, საზეიმო კარნავალის გარეშე ჩაივლის.
„ჩვენ არ გვეზეიმება დღეს საქართველოში. არ არის ის სიტუაცია, რომ საკარნავალო ტიპის მსვლელობა გაიმართოს. ჩვენი პრაიდი იქნება პოლიტიკური. გვინდა, რომ ვისაუბროთ იმ ჩაგვრებზე, იმ გამოწვევებზე და პრობლემებზე, რასაც ლგბტ ადამიანები აწყდებიან საქართველოში“, – ამბობს გიორგი თაბაგარი.
ის ხაზს უსვამს, რომ ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა მიგრაცია და ლგბტქ ადამიანები საქართველოს ხშირად ტოვებენ, რაც საგანგაშოა.
„ადამიანებს აღარ აქვთ იმედი, რომ სახელმწიფო დაიცავს, ეშინიათ ქუჩაში გასვლის“, – ამბობს გიორგი.
მის სიტყვებს საქართველოში ლგბტ ადამიანებზე მომხდარი არაერთი თავდასხმა ადასტურებს – შეურაცხყოფა, ცემა, მკვლელობა ორიენტაციის თუ გენდერული იდენტობის ნიშნით.
საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს ძალადობისგან სისხლის სამართლის კოდექსი იცავს. 2014 წლიდან კი სპეციალური კანონით იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის – ასაკით, ჯანმრთელობის მდგომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობით, სექსუალური ორიენტაციით, გენდერული იდენტობით, პროფესიით და სხვა.
კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კრძალავს დისკრიმინაციას როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში.
კანონი პარლამენტმა მართლმადიდებელი ეკლესიის პროტესტის ფონზე მიიღო. საპარლამენტო განხილვებს სასულიერო პირები ხშირად ესწრებოდნენ და პროცესში რამდენიმე მუხლი ჩასწორდა კიდეც.
ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საბოლოო ვარიანტი არაეფექტიანია. მიუხედავად ამისა, 2014 წლიდან დღემდე, არსებულ ვარიანტსაც კი აქტიურად ებრძვიან, მათ შორის, ჰომოფობიურად განწყობილი დეპუტატები.