“ცეკვის, მხიარულებისა და სუფთა ჰაერის მოყვარულებო! ბაქოელებო და დედაქალაქის სტუმრებო!
გიწვევთ ბაქოს პირველ მასობრივ საცეკვაო OpenAir-ზე.
შეხვედრის ადგილი – მშვენიერი მოედანი ზღვისპირა ბულვარზე, თოჯინების თეატრის უკან. ყოველ შაბათს 19:00 საათზე! მიჰყევით მუსიკას და გუმანი არ მოგატყუებთ!”
ეს რაღაც პრინციპულად ახალი იყო. როგორც წესი, აზერბაიჯანში მხოლოდ სამგან შეიძლება ცეკვა – ქორწილში, ღამის კლუბში, ან ცეკვის სკოლაში. დისკოთეკები ჯერ კიდევ 90-იან წლებში გადაშენდა. ჩვენი საზოგადოება მასობრივ ღონისძიებებში თავისუფლად არც აქამდე იქცეოდა, და ამ მხრივ არც დღეს შეცვლილა რაიმე. ისეთი მოვლენები კი, როგორიცაა, მაგალითად, საცეკვაო ფლეშმობები, ერთგვარ, წინასწარ დადგმულ, კარგად ნავარჯიშებ მოქმედებას შეიცავს, რომელიც ზემდგომ ინსტანციებთანაა შეთანხმებული.
ღონისძიების ორგანიზატორი, საცეკვაო სკოლა Badi Kuba აპირებს, ყოველ შაბათს ჩაატაროს “მასობრივი საცეკვაო Open Air”. ვარაუდობენ, რომ ღონისძიებაზე სხვადასხვა საცეკვაო სტილი იქნება წარმოდგენილი. პირველ შაბათს სალსა იცეკვეს.
სულ რამდენიმე წყვილი ცეკვავდა – ძირითადად, საცეკვაო სკოლის მოსწავლეები. ალბათ არც უნდა გვგონებოდა, რომ ბაქოელები ამ ინიციატივას აიტაცებდნენ და ერთობლივად აცეკვდებოდნენ სალსაზე. აქაურ ადამიანს სალსას ცეკვა უნდა ასაწვლო მაინც. იმის იმედიღა რჩებოდა, რომ მომავალში უფრო მარტივ ცეკვას აირჩევდნენ და ღონისიება მართლაც მასობრივი გახდებოდა.
თუმცა, მომდევნო შაბათს მხოლოდ მაყურებელთა რაოდენობა გაიზარდა. სალსას გარდა, შეიძლებოდა ლეკურის ცეკვაც, მაგრამ საცეკვაო სკოლის მეგობრულმა კოლექტივმა ნაციონალური მუსიკის ფონზეც საკუთარი გამოსვლა დაიწყო, რომელშიც მაყურებლები არ ჩაერთვნენ და ვერც ჩაერთვებოდნენ. იცეკვეს მხოლოდ მაყურებელმა ბავშვებმა. ერთი სიტყვით, იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურდათ ენახათ, თუ როგორ ცეკვავენ სხვები, დიდი სიამოვნება მიიღეს.
მოგვიანებით, საღამოხანს ენთუზიასტების რაოდენობა გაიზარდა და საცეკვაო სკოლების რიგებს რამდენიმე “ჩვეულებრივი მოკვდავი” შეერია. თუმცა, ამ წარმოდგენას მასობრივ ღონისძიებამდე მაინც ბევრი აკლდა. რამდენიმე მოცეკვავე და მათ ირგვლივ შეკრებილი ხალხი თვითშემოქმედების კონცერტს უფრო ჰგავდა…
ამას, ბუნებრივია, ხელი არ შეუშალია ნიუსპორტალებისთვის, რომ ეს ღონისძიება აღეწერათ მასშტაბურ მოვლენად, რომელმაც მთელი ბულვარი მოიცვა.
ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ მომავალში მასტერკლასებს ჩაატარებენ და მუსიკის “ასორტიმენტს” გააფართოვებენ. რა გაეწყობა, იმედი ვიქონიოთ, რომ აზერბაიჯანული პუბლიკა ასეთი მორიდებული აღარ იქნება და ჰიპ-ჰოპის ჰანგების გაგონებაზე საცეკვაო მოედანზე გამოვა.