შეიძლებოდა თუ არა ალექსანდრ აბაევის გადარჩენა?
7 ივლისს ცხინვალში სამხრეთი ოსეთის მცხოვრები, 30 წლის ალექსანდრ აბაევი გარდაიცვალა. მისმა დაღუპვამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია როგორც მის სამშობლოში, ისე საქართველოში.
სიცოცხლისა და სიკვდილის ისტორია
ალექსანდრ აბაევი სამხრეთ ოსეთში 2011 წლის მარტიდან ცხოვრობდა. იგი ტატუს ცნობილი ოსტატი იყო და ცხინვალში ტატუს სალონს ფლობდა. 2011 წლის ნოემბერში ელდა ტასოევაზე დაქორწინდა. ივლისში, მშობიარობამდე ტასოევას აივ ინფექცია დაუდგინდა. ბავშვი ინფიცირებული დაიბადა. 2012 წლის დეკემბერში ბავშვი დაავადდა. მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. იანვარში “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” (სამხრეთ ოსეთში მომუშავე ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციის) დახმარებით, დედა-შვილი თბილისში გაგზავნეს.
ბავშვის გადარჩენმა ვერ მოხერხდა. დასაფლავებიდან მცირე ხნის შემდეგ, 2013 წლის 3 მარტს, მეუღლის, ელდა ტასოევას განზრახ ინფიცირების ბრალდებით, ალექსანდრ აბაევი დააკავეს.
აბაევის ნათესავები კი დარწმუნებულები არიან, რომ ალექსანდრი მათმა ყოფილმა რძალმა ელდა ტასოევამ დააინფიცირა. მათი აზრით, გამოძიება და სასამართლო პროცესი კანონდარღვევით ჩატარდა. ალექსანდრ აბაევი კი 122-ე მუხლის მეორე ნაწილით გასამართლა და ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
2015 წელს აბაევი ამნისტიით გაათავისუფლეს. აივ ინფექციის გარდა, ალექსანდრს C ჰეპატიტისა და მწვავე ინფექციური ტუბერკულოზის დიაგნოზიც დაუსვეს. ვლადიკავკაზში მდებარე ტუბერკულოზის სამკურნალო საავადმყოფოში გავლილმა სამკურნალო კურსმა შედეგი არ გამოიღო და სამედიცინო დახმარებისათვის აბაევმა თბილისს მიმართა.
თბილისში ალექსანდრს ტუბერკულოზის მძიმე ფორმა მოურჩინეს, მაგრამ სხვა დაავადებების მკურნალობაზე უარი უთხრეს. ამის შემდეგ ალექსანდრ აბაევი ცხინვალში დაბრუნდა და იქვე გარდაიცვალა.
გამოხმაურება საქართველოში
ალექსანდრ აბაევის გარდაცვალების ამბავმა სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.
“ხალხს მაინც ნუ ატყუებენ იმით, რომ პროგრამებში ჩართავენ და მზრუნველობას გამოიჩენენ.”
“როგორ შეიძლებოდა მომაკვდავი ადამიანის ცხინვალში გაშვება იმის გამო, რომ საბუთები ვერ შეაგროვა? ასე გინდათ ურთიერთობების აღდგენა?”
“სულ რომ არ ჰქონოდა საბუთები, მაინც უნდა ემკურნალათ. ნუთუ პიარის შესახებაც არაფერი სმენიათ?!”
აღშფოთება განაპირობა იმან, რომ საქართველოში სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეებისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის სპეციალური პროგრამა მოქმედებს. მაგრამ აბაევმა ამ სერვისებით სარგებლობა ვერ შეძლო.
ჯერ კიდევ ვლადიკავკაზში ყოფნისას, 2015 წლის აგვისტოში, მან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრში გაგზავნა მიმართვა, რომელშიც თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღწერა და მკურნალობა ითხოვა. სამინისტრომ მხოლოდ დიაგნოსტიკური გამოკვლევები დააფინანსა (111 ლარი ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებათა ცენტრს გადაუხადა, 355 ლარი – “ავერსის” კლინიკას, 1355 ლარი კი ინფექციურ საავადმყოფოს).
რაც შეეხება უშუალოდ მკურნალობას, აღმოჩნდა, რომ აბაევი სამკურნალო პროგრამებს ვერ გამოიყენებდა, რადგან აღნიშნული პროექტები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე იმ პირებისთვის მოქმედებს, ვისაც ნეიტრალური პასპორტი მაინც აქვს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის მოადგილის, ქეთევან ციხელაშილის თქმით, 2015 წელს აფხაზეთში 366486,23 ლარის ღირებულების მედიკამენტები (იმუნიზაციისათვის საჭირო წამლები დიაბეტისა და ტუბერკულოზის სამკურნალოდ საჭირო ფარმაკოლოგიური საშუალებები) გაიგზავნა. უწყების მიერ წარმოდგენილ ანგარიშში სამხრეთ ოსეთში გაგზავნილ წამლებთან დაკავშირებული მონაცემები არ არის.
2015 წელს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის აპარატს, მკურნალობის დაწყების საქმეში შუამდგომლობის თხოვნით, 1537-მა ადამიანმა მიმართა (891 პაციენტი აფხაზეთიდან იყო, 646 – ცხინვალიდან) სამინისტროს ინფორმაციით, ამ ადამიანების მკურნალობას 4 267 512 ლარი მოხმარდა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას კონფლიქტის ზონებში მცხოვრები იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც С ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაში არიან ჩართულები.
აბაევის მიმართვის საპასუხოდ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულმა ცენტრმა გამოგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობისთვის (ასევე ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მისაღებად) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი, ან ე.წ. “ნეიტრალური მოწმობა” უნდა ჰქონდეს.
ნეიტრალური პირადობის მოწმობისათვის ალექსანდრ აბაევმა იუსტიციის სამინისტროს მიმართა, და უარი მიიღო. პასუხში აღნიშნული იყო, რომ განცხადების განხილვისას ნეიტრალური მოწმობის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი დადგინდა.
ქართული კანონმდებლობის მიხედვით, პირის მიერ ნეიტრალური პირადობის მოწმობის მიღება რთულდება, თუკი: ა)მოქალაქე იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ; ბ)პირი ყალბ, ან ვადაგადასულ დოკუმენტებს წარადგენს გ) მოქალაქე არ იდენტიფიცირდება აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის შესაბამისი სტრუქტურების მიერ; დ) სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პირისთვის ნეიტრალური პირადობის მოწმობის გადაცემას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
ალექსანდრ აბაევის მიმართვის შესაბამის პასუხში არ იყო აღნიშნული, თუ რა მიზეზით ეთქვა მას უარი. შედეგად, საქართველოში მან მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მიიღო “ღუდუშაურის კლინიკაში” და ტუბერკულოზის ინფექციური ფორმის მკურნალობა ჩაუტარდა (რომელიც უცხოელებსაც უტარდებათ ხოლმე).
როდესაც აბაევი ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებების ეროვნული ცენტრიდან გამოწერეს, ამ ორგანიაციის ხელმძღვანელმა, ზაზა ავალიანმა გამოცემა “ლიბერალისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პაციენტს დაავადების მწვავე ინფექციური ფორმის ლიკვიდაცია ჩაუტარდა. აბაევის დეიდამ, მარინა ბეპიევამ, რომელიც თბილისში ცხოვრობს, იმავე გამომცემლობას განუცხადა, რომ აბაევი მაინც მძიმე მდგომარეობაში იყო, კლინიკები კი მის მიღებაზე უარს აცხადებდნენ.
აბაევი მრავალპროფილიან კლინიკა “რედიშში” გადაიყვანეს, სადაც იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. აბაევი კიდევ ერთხელ შეეცადა, ნეიტრალური მოწმობა მიეღო, მაგრამ ფიზიკური მდგომარეობის გამო, საჭირო დოკუმენტების შეგროვება ვეღარ შეძლო.
გამოხმაურება სამხრეთ ოსეთში
სამხრეთ ოსეთში ალექსანდრ აბაევის სიკვდილზე რეაგირება მხოლოდ მისმა ნათესავებმა და უფლებადამცველებმა მოახდინეს.
ზარა ბეპიევა – ალექსანდრ აბაევის დედა: “ჩემი ვაჟის სიკვდილი გამოწვეულია იმით, რომ სათანადოდ არ უმკურნალეს ცხინვალის 1-ელ გამოსასწორებელ კოლონიაში, სადაც ის სასჯელს იხდიდა იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია.”
ირინა იანოვსკაია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ჟურნალისტები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი:
“პირველ რიგში, იმის გარკვევა გვსურდა, თუ რამდენად იყო მსჯავრდებული აბაევი უზრუნველყოფილი ისეთი დაავადებების მკურნალობით, როგორიცაა აივ ინფექცია, C ჰეპატიტი და ტუბერკულოზი. ჩვენი ჩარევის შემდეგ წამლებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა დაჩქარდა, მაგრამ აშკარა გახდა, რომ ასეთი სერიოზული დაავადებების დროს მედიკამენტოზური მკურნალობა საკმარისი არ არის.”
სერიოზული მკურნალობა მხოლოდ საზღვარგარეთ იყო შესაძლებელი, რაც შეუძლებელი ჩანდა, რადგან რესპუბლიკას რუსეთის ფედერაციასთან პატიმრების საზღვარზე კონვოირების ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული. სამწუხაროდ, სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ აბაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ფლობდა, უარი უთხრა აბაევს ვადამდელ გათავისუფლებაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დიდ სამამულო ომში მოპოვებული გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით ამნისტია გამოცხადდა, რომელიც აბაევსაც ეხებოდა, თუმცა ავადმყოფი აბაევის გათავისუფლება არავის უფიქრია და ის იძულებული გახდა, სამხრეთი ოსეთის გენერერალური პროკურორისთვის მიემართა.
სამხრეთი ოსეთის ხელისუფლება არ მიესალმება რესპუბლიკის მოქალაქეების საქართველოში მკურნალობას იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმის გადაუდებელი ჩარევა საჭირო არ არის. ის ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ დადიან, ცდილობენ, საკუთარ ვოიაჟებზე ნაკლებად ისაუბრონ. ისინი, ვისაც ოჯახში ავადმყოფი ჰყავს, გაგებით ეკიდებიან მათ, ვინც სამკურნალოდ საზღვარგარეთ მიემგზავრება, ხოლო ისინი, ვისაც ოჯახშიც სამედიცინო პრობლემები არ აქვს, ზოგჯერ, კიცხავენ კიდეც მათ, ვინც სამკურნალოდ თბილისში ჩადის.
ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც ანონიმურ რესპოდენტად დარჩენა ისურვა: “ზოგჯერ განსაკუთრებული სიტუაციები იქმნება და თუკი ასეთ შემთხვევებში ჩვენი საავადმყოფო ასკვნის, რომ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა არ შეუძლია, პაციენტის ნათესავების თხოვნით, ჯანდაცვის სამინისტრო მაშინვე უკავშირდება საგარეო საქმეთა სამინისტროს და, “წითელი ჯვრის” ტექნიკური დახმარებით, პაციენტი საქართველოში მიჰყავთ.”
გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებს საქართველოში ვაგზავნით, მაგრამ ნათესავების თხონით, და არა ქართული პროგრამის ფარგლებში. ჩვენ ექიმები ვართ, და არა პოლიტიკოსები. ჰიპოკრატეს ფიცი არავის გაუუქმებია. საქართველოში ჩვენს ავადმყოფებს სასწრაფო პროფესიონალური დახმარებისთვის ვაგზავნით, რადგან მძიმე ავადმყოფის ვლადიკავკაზში გაგზავნას დიდი დრო სჭირდება და არც გზაა ყოველთვის სანდო. ვლადიკავკაზისკენ მიმავალ გზაზე არსებობს იმის საფრთხე, რომ ავადმყოფმა დანიშნულების ადგილს საერთოდ ვერ მიაღწიოს. ვრცელდება ხმები, რომ ზოგიერთი ადამიანი საქართველოში დამოუკიდებლად ჩადის სამკურნალოდ, მაგრამ ეს მხოლოდ ჭორებია.
ცხინვალის საქალაქო პოლიკლინიკაში შიდსთან დაკავშირებული მიმართვა არ არის რეგისტრირებული. როგორც წესი, მსგავს პრობლემებს სამხრეთი ოსეთის საზღვრებს გარეთ, ვლადიკავკაზში მდებარე შიდსის ცენტრში განიხილავენ. C ჰეპატიტის დიაგნოზით 200-ზე მეტი ადამინია აღრიცხვაზე.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნდა: 19.07.2016