ქართულენოვანი ფეისბუკის მომხმარებლებმა გადაწყვიტეს ორიგინალური ფორმით გამოხატონ რეაქცია სირიის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე.
ისინი ერთმანეთს მოუწოდებენ აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს ფეისბუკ-გვერდზე შესვლას და მის პოსტზე haha-ემოციის გამოხატვას. ამ მოწოდებებმა ერთგვარი ფლეშმობის სახე მიიღო.
დაურ კოვე თავის პოსტში აფხაზ ხალხს ულოცავს სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებას.
“ყველას გილოცავთ! ამაზე მშვენიერ საჩუქარს აფხაზეთის დამოუკიდებლობის 25 წლისთავისთვის ვერ მივიღებდით,” – წერს დე-ფაქტო მინისტრი.
ქართველი ფეისბუკ-მომხმარებლები მოუწოდებენ ერთმანეთს, კოვეს პოსტზე აგრესიული კომენტარებისგან თავი შეიკავონ და ორიგინალური ფლეშმობით გამოხატონ პოზიცია:
“გახსენით და Haha რეაქცია გამოხატეთ”
“არ გალანძღოთ, არ გაბრაზდეთ, უბრალოდ ჰაჰა დაუწერეთ!”
“ქართველებო შედით დაუჰაჰავეთ აშკარად ვჯობნით უკვე 3200 ჰაჰა აქვს”
“ამაზე კაი საჩუქარი სხვა ვერაფერი მოუფიქრეთ თქვენს თავს “დამოუკიდებლობის დღეზე”? დიქტატორი ასადის მხარდაჭერა, რომელიც საკუთარ მოსახლეობას წამლავს, მაგარი საამაყოა?!”
“აფხაზებს ჰყავთ “საგარეო საქმეთა მინისტრი” დაურ კოვე. სტატუსი დაწერა, სირიამ გვაღიარა და გავბრწყინდითო. შეესია ქართული ფბ და უჰაჰავებს. “ჰაჰ”-ების რაოდენობა ლაიქებს და გულებს ჭარბობს. შედით და დაუჰაჰავეთ!” – წერენ ქართველი ფეისბუკმომხმარებლები.