ქართველ რეპერებს კლუბური ნარკოტიკისთვის უვადო პატიმრობა ემუქრებათ. რეპერები ამბობენ, რომ კლიპის გამო ისჯებიან
გაზიარება
გაზიარება
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ქართული რეპ-დუეტის Birja Mafias-ს წევრებს, შესაძლოა, უვადო პატიმრობა მიუსაჯონ.
21 წლის გიორგი ქებურია და 28 წლის მიშკა მგალობლიშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნარკოტირების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 6 ივნისს დააკავეს.
თუმცა, დაკავებულების ახლობლები ამბობენ, რომ მგალობლიშვილს და ქებურიას ნარკოტიკები სამართალდამცავებმა ჩაუდეს და სინამდვილეში მათი დაკავების მიზეზი ჯგუფის მუსიკალური კლიპი გახდა, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანს ყელზე ძაღლის ყელსაბამი აქვს მობმული და პირში ძვალი უდევს.
სამართალდამცავთა თქმით, დაკავებულებს ქებურიას და მგალობლიშვილს 2,3 და 1,5 გრამი კლუბური ნარკოტიკი MDMA ჰქონდათ.
დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ. სასამართლოზე მან თქვეს, რომ ნარკოტიკი არ ჰქონიათ და დაკავებას ვიდეოკლიპს უკავშირებენ.
მგალობლიშვილის თქმით, დაკავების დროს მას აგინებდნენ და ეკითხებოდნენ, მართლა ის იყო თუ არა აღნიშნული ვიდეოკლიპის ავტორი.
“მითხრეს, რომ ვიღაც ძალიან გააღიზიანე და ასე იმიტომ გექცევით, რომ ჭკუა ისწავლოო.შემდეგ ავედით რაღაც კაბინეტში, სადაც დამხვდნენ გინებით, რომ “ვისაც არ უყვარს პოლიციელები” და ა.შ.” – განაცხადა მგალობლიშვილმა სასამართლოზე.
გიორგი ქებურია ამბობს, რომ დაკავებისას სამართალდამცავებმა მასთანაც ახსენეს კლიპი:
“რა გემღერებოდა, თოვლის ბაბუებზე იმღერეო, ასე მითხრეს,” – ამბობს ქებურია.
მუხლი, რომლითაც რეპერები არიან დაკავებული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
იმ ფაქტს, რომ ვიდეოკლიპი სამართალდამცავებს არ მოეწონათ, რეპერების ოჯახის წევრებიც ადასტურებენ. როგორც მგალობლიშვილის ცოლი ერიკა კოუპლენდი ჰყვება, რამდენიმე დღით ადრე, კლიპის Youtube-იდან წაშლა რეპერებს თავდაპირველად ვიდეოს შემკვეთმა, გასართობმა ვებ-გვერდმა Adjaranet-მა მოსთხოვა.
“მიშკას Adjaranet-იდან დაურეკეს და უთხრეს, რომ პრობლემები შეექმნებოდა, ამიტომ კლიპის წაშლა ურჩიეს,”- ამბობს კოუპლენდი “ნეტგაზეთთან”.
რეპერების დაკავებას ფეისბუკზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არაჰუმანური ნარკოპოლიტიკაა, რომელიც ხელისუფლება ოპონენტებთან ბრძოლის იარაღად იყენებს, სახეზეა აშკარა ცენზურა,ფიქრობენ ფეისბუკმომხმარებლები, რომლებმაც ონლაინ რეჟიმში საპროტესტო აქცია-კონცერტი დაგეგმეს ვაკის პარკში.
ასევე შეიქმნა ონლაინ-პეტიცია რეპერების გათავისუფლების მოთხოვნით.