ქართველი ჟურნალისტები აფგან მუხტარლის მხარდასაჭერად - შეხვედრა აშშ-ის ელჩთან და პროტესტი პარლამენტში
გაზიარება
გაზიარება
აფგან მუხტარლის მხარდასაჭერად ქართველმა ჟურნალისტებმა პარლამენტში აქცია გამართეს. მათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას თავზე პოლიეთილენის პარკები ჩამოიცვეს, ხელში კი პლაკატები დაიკავეს წარწერით: “არ შეგრჩებათ”, “თავისუფლება აფგან მუხტარლის”.
ამ ფორმით მათ მოითხოვეს პასუხი აზერბაიჯანელი კოლეგის საქართველოდან გაუჩინარების გამო. როგორც მუხტარლიმ განაცხადა, ის გამტაცებლებმა თავზე ტომარაჩამოცმული მიიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე.
სხდომაზე დასწრება ჟურნალისტებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვედრის სურვილის შესახებ აცნობეს. მათგან კი პასუხი ვერ მიიღეს. სოფო კილაძემ პროტესტის შემდეგ განაცხადა, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უარი არ უთქვამს, ის საქართველოში არ იმყოფებოდა. ამასთან, გამოძიებას რამდენიმე კვირა სჭირდება.
გარდა საპროტესტო აქციისა, დღეს 6 ივნისს ქართველი ჟურნალისტები საქართველოში ამერიკის ელჩს იან კელის შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა კვლავ აფგან მუხტარლის საქმე იყო. ჟურნალისტებმა ელჩს აუხსნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა ამ საქმეში. იან კელიმ აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდებიან ამ საქმეს და მხარს უჭერენ საქართველოში მედიისა და სიტყვის თავისუფლებას.
ჟურნალისტი აფგან მუხტარლი აზერბაიჯანიდან 2014 წელს გაემგზავრა. ის აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ხშირად განიცდიდა სხვადასხვა სახის ზეწოლას. მისი რამდენიმე სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში კომუნიკაციის პროცესშია. ბოლო დროს ის თანამშრომლობდა საერთაშორისო მედიასა და ორგანიზაციებთან – IWPR და Meydan.tv
მუხტარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩნარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანელი სამართალდამცავების ხელში იყო. თავად მუხტარლის თქმით, ის საქართველოდან ადგილობრივი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა გაიტაცეს, ტომარა ჩამოაცვეს და აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს გადასცეს. მუხტარლის აზერბაიჯანის სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით. მუხტარლის თქმით, მას საზღვარზე 10 ათასი ევრო ჩაუდეს.