ბაქოში გენდერული თანასწორუფლებიანობის დასაცავად არტ-ფესტივალი ტარდება
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანში თანამედროვე მსოფლიოში ქალის როლისადმი მიძღვნილი არტ-ფესტივალი ტარდება. პროგრამაშია: კინოჩვენებები, გამოფენები, განხილვები და ლიტერატურული საღამო. ფესტივალი 17-დან 27 სექტემბრამდე გრძელდება.
თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი“MAIDEN TOWER To Be a Woman“(„ქალწულის კოშკი“: ქალად ყოფნა) აზერბაიჯანში ევროპის კავშირის დელეგაციის მიერ, ევროპული ქვეყნების საელჩოებისა და ადგილობრივი პარტნიორების მიერ არის ორგანიზებული.
ქალწულის კოშკი, რომელიც ფესტივალის სახელწოდებად იქცა – ბაქოს ცენტრში მდებარე უძველესი კოშკი, ქალაქის სიმბოლოა.
ორგანიზატორებმა ეს ფესტივალი აზერბაიჯანელი ქალების მიერ საარჩევნო უფლების მიღების ასი წლისთავს დაამთხვიეს. „ფესტივალი აზერბაიჯანულ და მსოფლიო საზოგადოებაში ქალის როლის გაძლიერებას ასახავს“, – ამბობენ ორგანიზატორები.
ფესტივალში მონაწილეობენ მხატვრები, კულტურული აქტივისტები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სხვა ხელოვანი ადამიანები – გერმანიიდან არგენტინამდე; რასაკვირველია, ადგილობრივების ჩათვლით.
ფესტივალის პროგრამა
ფესტივალის პირველი ღონისძიებები ჯერ კიდევ მის ოფიციალურ გახსნამდე ჩატარდა.
17 სექტემბერს კინოთეატრში „ნიზამი“ უჩვენეს ბერძნული დოკუმენტური ფილმი „როდესაც პომიდორები ვაგნერს ხვდებიან“.
18 სექტემბერს ბაქოს გარეუბანში მდებარე ნახევრად დანგრეული კომბინატი ერთი დღით არტ-სივრცედ გადაიქცა. ახალგაზრდა მხატვრებმა შიდა კედლები გაბედული გრაფიტებით მოხატეს, სკულპტურულ საამქროში კი თანამედროვე მუსიკის კონცერტი მოეწყო.
ფესტივალის პროგრამაში წინ კიდევ ბევრი კინოჩვენებაა. მაგალითად:
[yes_list]
უნგრული დოკუმენტური ფილმი ქალზე, რომელმაც 10 წელიწადი ფაქტობრივად საკუთარი ოჯახის მონობაში გაატარა;
ჰოლანდიური დრამა ახალგაზრდა ბრიტანელ ქალზე, რომელიც ცდილობს, ცხოვრებას დაუბრუნდეს მას შემდეგ, რაც მას სახე მჟავით დაუმახინჯეს;
ბრაზილიაში პირველი ქალი-დიპლომატის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი;
[/yes_list]
ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ქვეყნის პოეტი ქალების ლექსების კითხვა, რამდენიმე განხილვა და გამოფენა.
ღონისძიებების უმეტესობაზე დასწრება უფასოა, მაგრამ ზოგიერთ ჩვენებაზე მხოლოდ მოსაწვევებით იქნება დაშვება; მაგალითად – ბერძენი და აზერბაიჯანელი მუსიკოსების ერთობლივ კონცერტზე.