ფოთში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისას, სავარაუდო მძარცველი გასროლის შედეგად დაიღუპა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას ნინო ჟვანიას ქუჩაზე სამართალდამცველები მივიდნენ. ჯერჯერობით დაუდგენელი პირი კი ერთ-ერთ სამართალდამცველს თავს დაესხა. პოლიციელმა კი თავდაცვის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.
სავარაუდო მძარცველი თავის არეში მძიმედ დაიჭრა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამოძიება სამინისტროში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს. ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს.