ფლაგმანი ბრუნდება
გაზეთი “აინა” ბრუნდება! ეს ამბავი პირველი იყო დღის წესრიგში, ვიდრე სტამბოლის ტრაგედია დატრიალდებოდა.
გაზეთი “აინა” [ქართულად “სარკე”] 1990 წლიდან იყო ჩვენს გვერდით და როდესაც დაიხურა, ბაქოელებს უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლათ – ცხოვრების ჩვეულ წესში რაღაც შეიცვალა. “აინა-სარკე” თითქოს მარადიული უნდა ყოფილიყო.
გაზეთი ყოველდღიურად “შემოკლებული” ფორმით გამოიცემოდა – მიმდინარე ახალი ამბების მიმოხილვა იბეჭდებოდა. შაბათს კი გამოდიოდა “მსუქანი” ნომერი – ანალიტიკური სტატიებით, ჰოროსკოპით, ბოლოსწინა გვერდზე გამოქვეყნებული მოთხრობით და კროსვორდით. შუადღეს ამ გაზეთს უკვე ვეღარ იშოვიდით – მთელ ტირაჟი რამდენიმე საათში იყიდებოდა. 90-იანი წლების შუახანებში გაზეთი ასიათასიანი ტირაჟით იბეჭდებოდა.
როდესაც 2014 წელს “აინა-სარკე” ფინანსური მიზეზებით დაიხურა, სხვა გამომცემლობისა და მედიაორგანიზაციების ჟურნალისტებმა მომხდარი უკანასკნელი დამოუკიდებელი გაზეთის აღსასრულად აღიქვეს. მანამდე, მცირე ხნით ადრე “სარკეს” ერთ-ერთი ჟურნალისტი, რაუფ მირკადიროვი დააკავეს, რომელსაც მოგვიანებით, სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით, ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
24 წლის განმავლობაში “აინა-სარკე” ერთგვარ სკოლად იქცა, რომელმაც ჟურნალისტების მთელი თაობა გაზარდა. გაზეთი ფრთხილად ლავირებდა “ძლიერთა ამა ქვეყნისათა” შორის და ბოლომდე ინარჩუნებდა საკუთარ, ყველასგან დამოუკიდებელ – აზერბაიჯანული პრესის საერთო ფონზე – ძალიან თავისუფალ სარედაქციო პოლიტიკას.
გაზეთ “აინა-სარკეს” ყოფილმა და ამჟამინდელმა მთავარმა რედაქტორმა, ელჩინ შიხლიმ განაცხადა, რომ ჯერჯერობით გაზეთი მხოლოდ ayna.az-ზე ბლოგის სახით იქნება, და მისთვის მხოლოდ მესვეტეები დაწერენ.
ელჩინ შიხლი. ფოტო: ayna.az
“ამ ამბის გავრცელებით გამოწვეულ რეაქციას თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიღაცებს ეს დააინტერესებს. ავტორები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს, ჩვენთვის წერონ, ჩემი მეგობრები არიან – თანამოაზრეები, რომლებთანაც, მცირე უთანხმოებების მიუხედავად, ყოველთვის ვახერხებ საერთო ენის გამონახვას.”
ელჩინ შიხლი მიიჩნევს, რომ მკითხველს გამოცდილი პროფესიონალების დაწერილი და ერთად თავმოყრილი სტატიები უდავოდ დააიტერესებს. “ეს იმას არ ნიშავს, რომ სხვებს არ შეუძლიათ ჩვენთან სტატიების გამოქვეყნება. ვნახოთ, თუკი წრე გაფართოვდება და წერის მსურველები გამოჩნდებიან, ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, მივიღებთ.”
თუმცა, ვისაც “სარკესთვის” უნდა წერა, ჰონორარის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. გაზეთს არც დახურვის დროს ჰქონია ფული, და არც ახლა აქვს, მაგრამ ადამიანები მაინც მზად არიან, იმუშაონ.
გულუ მაგერამლი, მედიაექსპერტი:
“როდესაც მედიარესურსების ახალი ამბები საზოგადოებას არ აკმაყოფილებს, როდესაც მიკერძოებულობა სუფევს, არ არის დაცული ბალანსი და საზოგადოება ნორმალურ ინფორმაციას ვერ იღებს, საზოგადოებას ყურადღება ცალკეული ადამიანების სტატიებზე გადააქვს. ასეთი პრაქტიკა არსებობს ევროპასა და რუსეთში.
გულუ მაგერამლი. ფოტო: sputnik.az
ყველას, ვინც აქ დაწერს, გარკვეული ჟურნალისტური გამოცდილება აქვს – ისინი, ვისაც ელიტური აუდიტორია ენდობა. გარდა ამისა, პროექტს ხელმძღვანელობს ეროვნულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი პოზიციის მქონე ადამიანი. სწორედ ასე აღიქვამენ მას მის ირგვლივ თავმოყრილი ავტორებიც. როგორც ვიცი, ტელეპროექტის გაკეთებაც იგეგმება.”
ნიჯათ მელიქოვი, გაზეთ “სარკეს” პოლიტიკის განყოფილების ყოფილი გამგე:
“ის, რომ გაზეთი “აინა” მხოლოდ ელექტრონული ფორმატით “გამოქვეყნდება”, გაზეთ “აინა-სარკეს” დამფუძნებლის, ელჩინ შიხლის გადაწყვეტილებაა. ყველა შემთხვევაში, შეფი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და გამოცდილი ჟურნალისტია პოსტსაბჭოთა სივრცეში და მისი მიზნები და განზრახვები ჩეში ეჭვს არ იწვევს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ნწორი ნაბიჯები გადაიდგმება.”
ნიჯათ მელიქოვი
გამოქვეყნდა 30.06.2016