ფარული კადრების სკანდალი გრძელდება
ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი, სექსუალური შინაარსის კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე ვიდეოა, რომელიც პირადი ცხოვრების კადრებს ასახავს და youtube-ზე საჯარო სივრცეში აიტვირთა.
14 მარტს გამოქვეყნებულ კადრებში პირების სახეები დაფარულია. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც მასალის ავტორი მოქმედ პოლიტიკოსებს მუქარის შემცველი მესიჯით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ შესახებ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებას გააგრძელებს.
‘წადით პოლიტიკიდან და არ დაიდება კადრები, თუ არადა და იხილავთ შემდეგ სერიებს’, – იმუქრება ვიდეოს ავტორი.
მომხდარის გამო, საქართველოში ორი მთავარი ინტერნეტპროვაიდერის “სილქნეტისა და “კავკასუსის აბონენტებს youtube-ზე წვდომა შეეზღუდათ.
პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი პირველი ვიდეოკადრები 11 მარტს, პარასკევს ასევე youtube-ზე გავრცელდა და youtube-ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო. კადრებზე კონკრეტული პირების იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი. პარალელურად კადრების უკეთ ტირაჟირებისთვის მედიის წარმომადგენლებს სოციალური ქსელის გაურკვევლი ანგარიშებიდან ინტერნეტბმულები დაეგზავნათ.
გავრცელებიდან ერთ საათში ვიდეო youtube-ზე დაიბლოკა.
გამოძიება პირად კონტროლზე ჰყავთ აყვანილი შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს, მთავარი პროკურორს ირაკლი შოთაძეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოთხ დღეზე მეტი გავიდა, ამ დრომდე გამოძებას რაიმე კონკრეტული შედეგი არ დაუდევს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შესაბამის სტრუქრტურებს სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. როგორც გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, ამ საქმის გამოძიება საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.
მომხდარს სასწრაფოდ გამოეხმაურა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. თამარ ქალდანმა საგამოძიებო ორგანოებს არა მხოლოდ ჩანაწერის ინტერნეტ სივრცეში გავრცელების, არამედ მისი წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენაც მოსთხოვა.
პარლამენტის თავმჯდომარე კი ამ ფაქტს მთელი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ მორალურ ტერორისტულ აქტად აფასებს. უსუფაშვილმა სამართალდამცავებს, გამოძიებაში ტექნიკური დახმარების მიზნით, საერთაშორისო ანტიტერორისტული უწყებების ჩართვისაკენ და ფულადი ჯილდოს დაწესებისკენაც მოუწოდა.
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს ოპოზიცია. “თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას აზრით, ასეთი სახის მასალებთან წვდომა მხოლოდ ხელისუფლების გარკვეული წრეებისთვის არის შესაძლებელი.
„ლოგიკურად,მხოლოდ ხელისუფლებას აქვს შეღწევა ასეთ მასალასთან, ეს მასალა არ იყო განადგურებული, მასალა დევს სპეცსამსახურებში. ასევე შეიძლება იყოს ეს ძველი ხელისუფლების მიერ ტირაჟირებული, მაგრამ მე დღეს აბსოლუტურად მგონია შინაგანად, რომ იმ მოვლენების განვითარებით, რაც ხდებოდა განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში, მაძლევს საფუძველს ვივარაუდო, რომ ხელისუფლების გარკვეული შტოდან მოდის ეს თავდასხმა,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ხელისუფლებას ადანაშაულებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქარაძეც. ბაქარაძის თქმით, მსგავსი ფაქტების თავიდან აცილება იმ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლით შეიძლება, რომელიც ამ სიბინძურის და ტერორის ჩამდენთა მფარველობითაა დაკავებული.
ხელისუფლების მიერ აღნიშნული კადრების გავრცელებას კატეგორიულად უარყოფს ირაკლი სესიაშვილი და ბრალს ნაციონალურ მოძრაობის მთავრობის წარმომადგენლებს სდებს. „ყველამ კარგად ვიცით, ვისი პოლიტიკური მრწამსი იყო ამ სახით მმართველობა. ვინც შეუკვეთა თავის დროზე ასეთი ვიდეოჩანაწერების გაკეთება, მოამზადა, შეინახა, გამოიყენა და გაავრცელა. თუ ვინმეს უნდა, რომ უბრალოდ ხელისუფლებისკენ ქვები ისროლოს – ეს ის მიზანია, რაც ამოძრავებდა ფირის გამავრცელებელს. მე ვხედავ უკვე გარკვეულ, პოლიტიკურ, მიზანმიმართულ კამპანიას. ვინც ამ კამპანიაში ვერ დაინახავს, რეალურად ვინ იყო დამნაშავე და პასუხისმგებელი, ჩავთვლი, რომ ისინი არიან მართულები და ამ კამპანიის ნაწილი’, – განაცხადა სესიაშვილმა.
ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დაგმეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმაც, რომლებმაც მსგავსი ფაქტების დაუსჯელობა გააკრიტიკეს და სამართალდამცავებს ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდეს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ დრომდე თვალთვალთან დაკავშირებული დანაშაულის არც ერთი ფაქტი არ გამოძიებულა და არავინ დასჯილა.
კადრების გავრცელებას მწვავე რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელებში. თითქმის არც ერთ ფეისბუკ მომხმარებელს აღნიშნული ვიდეო თავის გვერდზე არ გაუზიარებია. ფესბუკზევე დაიგეგმა საპრპტესტო აქცია, რომელიც პირველი კადრების გავრცელებიდან რამდენიმე საათში სახელმწიფო კანცელარიასთან გაიმართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.ტრანსფარანტებზე, რომლებიც მათ კანცელარიასთან მიიტანეს, ეწერა:
“ტუალეტშიც გადამიღე!
“სექსი არ არის დანაშაული!
“პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია!
საზოგადოებრივი მოძრაობა „ეს შენ გეხება“, რომელიც რამდენიმე წლის წინ უკანონო თვალთვალის წინააღმდეგ გამოდიოდა, ახლა ახალ კამპანიას იწყებს. კამპანია, წინა წლებთან შედარებით, უფრო მასშტაბური იქნება და მასში მონაწილეობას არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლების უფრო დიდ ნაწილი მიიღებს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, საკითხი არ ეხება მხოლოდ პოლიტიკოსებს და საჯარო პირებს. ამ პრობლემის წინაშე შეიძლება ნებისმიერი მოქალაქე აღმოჩნდეს.კამპანიის ფარგლებში პირველი საპროტესტო აქცია 19 მარტს არის დაგეგმილი.
JAMnews შეეცადა, გაერკვია, რას ფიქრობენ ადამიანები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე და ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას:
გამოყენებულია ‘ნეტგაზეთის’ ფოტოები