ფანატიკოსებს ყინული სჭირდებათ
დოკუმენტური ფილმის ‘იშვიათი სახეობა’ თრილერი ქართველ ჰოკეისტებზე. ფილმი ‘გოუ ჯგუფისა’ და ესტონური კომპანია Corela Film-ის ერთობლივი ნამუშევარია.
გუშინ სტამბოლში ლამის სენსაცია მოხდა – საქართველოს ნაკრებს შეეძლო მესამე დივიზიონის მსოფლიო პირველობა მოეგო და უფრო მაღალ დივიზიონში გადასულიყო. ამისათვის ქართველ ჰოკეისტებს ჰონგკონგის გუნდი დიდი ანგარიშით უნდა დაემარცხებინათ, სამხრეთაფრიკელ ჰოკეისტებს კი – მასპინძელი თურქეთის ნაკრები.
საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ გაართვა თავი ამოცანას და გაიმარჯვა ანგარიშით 14:3, მაგრამ მაღალ დივიზიონში გადასვლა თურქეთსაც სურდა და სამხრეთაფრიკელი ჰოკეისტები დაამარცხა. მიუხედავად ტურნირის მოსამზადებელ ეტაპზე არსებული უმძიმესი პრობლემებისა, საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.
სპორტულ საქართველოს დიდხანს ემახსოვრება ეს შეხვედრა – მესამე დივიზიონის მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო მატჩი, რომელიც 31 მარტს, საქართველოსა და თუქეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართა.
პირველი პერიოდი ქართველმა ჰოკეისტებმა მოიგეს ანგარიშით 1:0. უფრო შთამბეჭდავი გამარჯვების მოპოვებაც შეეძლოთ, მაგრამ ქართველებმა სამი საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან.
ამის შემდეგ ტურნირის მასპინძლებმა, რომლებიც ფიზიკურად უკეთესად იყვნენ მომზადებულები, ინიციატივა ხელში ჩაიგდეს. უნდა აღინიშნოს მსაჯის ფაქტორიც, რომელიც, როგორც ყველა ტურნირზე, საეჭვო სიტუაციებში ცალსახად მასპინძლებისთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს იღებდა, რამაც თამაშის ბედი გადაწყვიტა.
მე, ჰოკეის სტაჟიან გულშემატკივარს, ძალიან გამიკვირდა, რომ თამაშის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე ქართველმა ჰოკეისტებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. ტაბლოზე 4:4 აღინიშნა. თუმცა, იქვე სულელური შეცდომა დაუშვეს დაცვაში და თურქეთის გუნდმა ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. სულ მასპინძლებმა 5 თამაში მოიგეს.
საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელსაც ვარჯიშისათვის ნორმალური პირობები არ აქვს და ენთუზიასტებითა და, შეიძლება ითქვას, ფანატიკოსებითაა დაკომპლექტებული. ამ გუნდს არც ისე ბევრი დამხმარე ჰყავს. და მაინც… ამ ნაკრებს მაინც შეეძლო, მოეგო ტურნირი და უფრო მაღალ დივიზიონში გადასულიყო.
ეს რომ მომხდარიყო, გუშინ, ტურნირის ბოლო დღეს, სამხრეთაფრიკულ გუნდს თურქები მცირე ანგარიშით უნდა დაემარცხებინა, საქართველოს ნაკრებს კი დიდი ანგარიშით უნდა მოეგო ჰონგკონგთან მატჩი.
ქართულმა გუნდმა თავისი ამოცანა შეასრულა და ჰონგკონგი დაამარცხა ანგარიშით 14:3, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც ქართველი გულშემატკივარი ისურვებდა – თავისი მატჩი თურქეთმაც მოიგო.
და მაინც – საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა – მეორე!!! ვინ იფიქრებდა!
ორი წლის წინათ ქართველების გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და ყველა მატჩი წააგო, რაც ნამდვილად მოსალოდნელი იყო. იმ პერიოდში საქართველოს ნაკრების მიღწევად არა მოგებული თამაშები, არამედ გატანილი შაიბები ითვლებოდა. მთელი ტურნირის განმავლობაში ქართველებმა სულ რამდენიმე შაიბა შეაგდეს.
გასულ 2015 წელს საქართველოს ნაკრებმა პირველ გამარჯვებებს მიაღწია და საბოლოოდ სატურნირო ცხრილის შუაში დაიმკვიდრა ადგილი. თამაშის ხარისხით საქართველოს ნაკრები ოდნავ აღემატებოდა აუტსაიდერებს, მაგრამ, სატურნირო ცხრილში მასზე მაღლა მდგომ გუნდებთან შედარებით, ბევრად უარესად თამაშობდა.
თურქეთში გამართული ეს ტურნირი გამორჩეულია. თურქეთთან განცდილი სამწუხარო მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. ამ ბალკანურმა ქვეყანამ ქართული ჰოკეის ისტორიაში მტკიცედ დაიმკვიდრა თავი. გასულ წელს სწორედ ამ ქვეყნის გუნდთან მოიპოვა საქართველომ პირველი გამარჯვება. ამჯერად კი, თურქეთში, ბოსნელების ნაკრები იყო პირველი გუნდი, რომელსაც საქართველომ დიდი ანგარიშით (8:0) მოუგო. ჩვენი ჰოკეისტებისთვის ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც მათ ‘მშრალი ანგარიშით’ მოიგეს.
ძალიან მალე ქართველებმა კიდევ ერთ მატჩში გაიმარჯვეს ‘მშრალად.’ 4 აპრილს მათ დაამარცხეს ლუქსემბურგის ნაკრები, რომელიც ამ დივიზიონისთვის საკმაოდ ნორმალურ გუნდად ითვლება. ლუქსემბურგის ნაკრებმა შარშანდელ ჩემპიონატზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. საქართველომ ეს გუნდი დაამარცხა ანგარიშით 5:0.
ლუქსემბურგთან და ბოსნიასთან გამართულ მატჩებს შორის კი საქართველომ, ჩემი აზრით, თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
გასულ წელს სამხრეთ აფრიკის ნაკრები მეორე დივიზიონში თამაშობდა. აფრიკელებს ზედა დივიზიონში ადგილის დაბრუნება ძალიან სურდათ. უნდა ვაღიარო, რომ პირველი პერიოდის შემდეგ თითქმის აღარ მქონდა იმის იმედი, რომ შეხვედრა სასურველი შედეგით დასრულდებოდა. საქართველო აგებდა ანგარიშით 2:4; და არამხოლოდ ანგარიშით. ფიზიკურ მომზადებაში, სიჩქარესა და მანევრულობაში აფრიკელები ჩვენს სპორტსმენებს ბევრად აღემატებოდნენ.
მაგრამ მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრების მეტამორფოზა მოხდა. რა სიტყვით მიმართა მწვრთნელმა მოთამაშეებს და რა მოხდა გასახდელში, ჯერჯერობით მხოლოდ ჰოკეისტებმა იციან.
‘ქამბექი’ სპორტში ადვილი საქმე არაა, ჰოკეის შემთხვევაში კი, ამ თამაშის სპეციფიკიდან გამომდინარე, ორმაგად უფრო რთულია. ქართველმა ჰოკეისტებმა ეს მოახერხეს. მათ თამაში შემოატრიალეს და დიდი წვალებით გაიმარჯვეს ძლიერ გუნდთან ანგარიშით 6:5!
გუნდს უფრო მაღალ დივიზიონში გადასვლის თეორიული შანსი ჰქონდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ალბათ უკეთესიც კია, ასე რომ მოხდა.
ის მცირე სხვაობა, რაც უმდაბლესი მესამე დივიზიონის ოსტატობასა და მეორე დივიზიონის სათამაშო კლასს შორის არსებობს, ილუზორულია. რეალურად, ეს სხვაობა დიდია და იმის პერსპექტივა, რომ მაღალ დივიზიონში გადასვლის შემდეგ გუნდი ყველა თამაშს წააგებს, საკმაოდ რეალურია. ეს კი ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური დარტყმაა, რომელმაც არაერთი სპორტსმენის კარიერა შეიწირა.
ჩემი აზრით, უმჯობესია, რომ ქართველმა ჰოკეისტებმა მესამე დივიზიონში კიდევ ერთი წელი დაჰყონ და გამობრძმედილებმა სცადონ უფრო მაღალი ადგილის დამკვიდრება. რა თქმა უნდა, ამის რეზერვი არსებობს.
კონკრეტულად ვინმეს გამოყოფა არ მინდოდა, რადგან ჰოკეი გუნდური თამაშია, სადაც მოგებაცა და წაგებაც საერთოა. თუმცა, რთულია თავის შეკავება. 47 წლის გოჩა ჯეირანაშვილს დღემდე ეროვნული ნაკრების ‘ჯერსი’ (მაისური) აცვია.
ჯეირანაშვილი ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებზე მოთამაშე ყველაზე ასაკოვანი ჰოკეიტია. ლეგენდარული ჩეხი სპორტსმენი, იარომირ იაგრი მასზე სამი წლით უმცროსია.
ჯეირანაშვილმა სრულიად დამსახურებულად მიიღო პრიზი ‘ჰოკეის ერთგულებისთვის’, რომელიც კანადური ‘ბილ მასტერონ ტროფის’ ერთგვარი ანალოგია და ყოველწლიურად სპორტის ამ სახეობის ერთგულ ათლეტებს გადაეცემათ. შექებას ყველა იმსახურებს, მაგრამ აღსანიშნავია ბორის კოჩკინი, რომელიც ტურნირის ბომბარდირი და ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი გახდა.
ტაქტიკური მრავალფეროვნება და თამაშის ცოდნა იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც დმიტრი აფანასიევის ხელმძვანელობით მომუშავე სამწვრთნელო შტაბმა გაწია. რა თქმა უნდა, მწვრთნელები სხვებზე უკეთ ხვდებიან, რომ მათმა მოთამაშეებმა საკუთარი პოტენციალი ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გამოავლინეს, და იციან, რაზე უნდა იმუშაონ.
ქართული ჰოკეის მთავარი შეკითხვა ასე ჟღერს – სად და როგორ ვივარჯიშოთ იმისთვის, რომ დავოსტატდეთ.
ყინულის არარსებობა ქართული ჰოკეის მთავარ პრობლემად რჩება. გასულ წლებთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ რთულია, ახლანდელ სიტუაციას მისაღები უწოდო.
ბიჭებს, რომლებსაც უმკაცრეს პირობებში შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ, სჭირდებათ ყინული, რომელზეც ნახევარი წლის განმავლობაში კვირაში სამჯერ მაინც ივარჯიშებენ. ეს აუცილებელი მინიმუმია, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ასეთი ფუფუნება არ აქვს.
არ მინდა იმის წარმოდგენა, რომ საქართველოში, სადაც სპორტს ყოველთვის სცემდნენ პატივს, ბიზნესმენებს შორის არ მოიძებნება რამდენიმე ისეთი ადამიანი, ვისაც კეთილი საქმის გაკეთება მოუნდება. ქართველმა ჰოკეისტებმა ხომ უკვე დაამტკიცეს, რომ გამარჯვება და წარმატებების მიღწევა შეუძლიათ. უნდა აღინიშნოს, რომ მაიცდამაინც დიდ თანხაზე არ არის ლაპარაკი.
ფოტო – გია ოგანეზიანის არქივიდან. ფოტოზე არიან: საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ტურნირის ბომბარდირი ბორის კოჩკინი და საქართველოს ნაკრების მცველი გია ოგანეზიანი
გამოქვეყნებულია: 07.04.2016