უწყვეტი კავშირი
– ალო, ინდირა, როგორ ხართ? რა ამბებია თქვენკენ?
– გაგვითოვდა. თქვენ ხომ ხართ კარგად?
– ჩვენ რა გვიშავს?! ბავშვები როგორ არიან?
– კარგი, კარგი, ნუღარ იხარჯები. მოკითხვა ყველას, ბავშვებს აკოცე.
ეველინა ყურმილს დებს. ფურცელს, რომელზეც სატელეფონო ნომრები აქვს ჩამოწერილი, ოთხად კეცავს და თაროზე შემოდებულ ერთ-ერთ წიგნში ინახავს.
“ამ ფურცლის დაკარგვა არ შეიძლება. ამ ნომრებზე ჩემებს ვუკავშირდები. ჩემი მშობლების და და-ძმების ამბებს ასე ვგებულობ,”- მეუბნება ის.
ეველინა გობუზოვი მაღალი, გამხდარი ქალია. თაფლისფერი თვალები აქვს. თმასაც დაახლოებით ამ ფრად იღებავს. მიწაზე მუშაობისგან ხელები გაუხეშებული აქვს. ყოველდღიური შრომა და დარდი სახეზეც ეტყობა – ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, შუბლზე ღარები აქვს და თვალის გარშემო ნაოჭები, რომლებიც მის სახეს ნაღვლიან იერს აძლევს.
ეველინას 43 წელი რამდენიმე დღის წინ შეუსრულდა. მერვე წელია, დაბადების დღეს მშობლიური სოფლიდან მოშორებით აღნიშნავს. ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად, სკრის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს.
“ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, რომ ორი ოჯახი მყავს. ერთი, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა და მეორე, რომელმაც სიცოცხლის გაგრძელების ძალა მომცა,” – ამბობს და მიხსნის, რომ პირველში მშობლებს და და-ძმებს გულისხმობს. ისინი ახლაც სათიხარში ცხოვრობენ.
სათიხარი ერთ-ერთი ის სოფელია, რომელზე კონტროლიც ქართულმა მხარემ 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგა. სოფელი, სადაც 35 წელი ცხოვრობდა, ეველინამ ომის შემდეგ მეუღლესთან და შვილებთან ერთად დატოვა.
“რადგან ჩემი მეუღლე ქართველი იყო, შეგვეშინდა ომის შემდეგ სოფელში დარჩენა. აქეთ წამოვედით. ჩემი დედმამიშვილები და მშობლები კი იქ დარჩნენ. თავიდან მეგონა, რომ რამდენიმე დღით ვშორდებოდით ერთმანეთს. ხო ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ახლაც ვერ ვეგუები, ახლაც მჯერა, რომ ეს დაშორება დროებითია. მას შემდეგ მთელი ჩემი ცხოვრება მონატრებაა. სულ ჩემები მენატრება,”- მეუბნება ეველინა.
სკრის დევნილთა ჩასახლება საქართველოს რუკაზე 2009 წელს გაჩნდა. აქ 200-მდე დევნილი ცხოვრობს. რვა წლის წინათ, აქ მათთვის 89 კოტეჯი აშენდა. თავდაპირველად ყველა კოტეჯი ერთნაირი იყო, რძისფერი კედლებით და შინდისფერი სახურავით. ახლა ზოგიერთ კოტეჯს რამდენიმე ოთახი აქვს მიშენებული, ზოგიერთ ეზოში ავტოფარეხია ჩადგმული, აქა-იქ გადაღებილ კოტეჯებსაც შენიშნავთ.
ერთი ოთახი საკუთარ კოტეჯს ეველინას ოჯახმაც მიამატა, თუმცა სახლში მაინც ვიწროდ არიან – სამ ოთახს ცოლ-ქმარი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად იყოფს.
ოჯახის არც ერთი წევრი დასაქმებული არ არის. გაზაფხულზე და შემოდგომით ისინი მეზობლებს მიწის დამუშავებასა და მოსავლის აღებაში ეხმარებიან, რისთვისაც გასამჯელოს იღებენ. ყოველთვიურად, ოჯახი სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილ ფულად დახმარებასაც იღებს, ჯამში – 360 ლარს.
არ არსებობს სტატისტიკა, რამდენი შერეული ქართულ-ოსური ოჯახია, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანი თანაცხოვრების შემდეგ, ასეთი ძალიან ბევრია.
“ძალიან მეცოდება. სულ თავისიანებზე დარდობს. სულ ტელეფონს ამოწმებს, ხომ არ გამოირთო, ვაითუ, ჩემებმა დარეკონო. როცა ტელეფონი რეკავს, წამოხტება, ალბათ ჩემები რეკავენო,” – გვეუბნება ჯემალ ოქროპირიძე, ეველინას მეუღლე.
ეველინას რვა დედმამიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე ხშირად ინდირა და ემა ურეკავენ. როგორც ეველინა მეუბნება, ისინი ერთმანეთს ძირითადად ქართულად ესაუბრებიან.
“ერთი ძმა ომის დროს დავკარგეთ. ეს ამბავიც ტელეფონით გამაგებინეს. ჩვენ უკვე აქეთ ვიყავით გადმოსულები, მაგრამ რა გამაჩერებდა. მაინც გადავედი იქითა მხარეს, ჩემი საცოდავი ძმა დავიტირე. უკან წითელი ჯვრის დახმარებით დავბრუნდი. მაშინ ვნახე დანგრეული და დამწვარი სახლები, უბედური ხალხი. ჩვენი კოხტა სოფელი, რომელიც დავტოვე, ძველებური აღარ იყო. მას მერე იქეთ აღარ ვყოფილვარ. სიზმარში ხშირად ვდგავარ ჩემი სახლის ჭიშკართან, დედას ველაპარაკები, და-ძმებს ვეხუტები,” – ამბობს ეველინა და ცრემლებს კაბის სახელოთი იწმენდს.
საუბარში მისი 21 წლის შვილი ნათია ერთვება. ის დედას ეხვევა და ხელზე ეფერება:
“არ იფიქროთ, რომ მას მერე იქით გადასვლა არ უცდია. სამი წლის წინაც გადავიდა, მაგრამ დაიჭირეს. ორი დღე ცხინვალის იზოლატორში იყო, ძალიან ვინერვიულეთ. სანამ ჩემმა დეიდებმა გამოსასყიდი თანხა არ გადაიხადეს, არ უშვებდნენ. არადა, ვეუბნებოდით, არ წახვიდეო,” – ჰყვება ნათია.
ეველინასაც ეღიმება, შვილს მხარზე თავს ადებს და ეუბნება, – შენც ასე მოიქცეოდი, შენი და-ძმები რომ გენატრებოდესო.
“ნეტა, ინტერნეტი მაინც იყოს, უფრო შეიმსუბუქებდი მონატრებას, – ამშვიდებს დედას ნათია, – ინტენეტით დღეს იმის გაგებაც შეიძლება, შენს საყვარელ ადამიანს დილით რა ეცვა და საუზმეზე რა მიირთვა. აგერ მე, უამრავი მეგობარი მყავს facebook-ში შენი მოგვარე. ბევრს პირადად არც კი ვიცნობ, მაგრამ მათი ამბები ზედმიწევნით ვიცი.”
ეველინა დედმამიშვილებიდან მხოლოდ დას – ემას ნახულობს, ისიც წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე. ემას ქმარი ქართველია და მისი ოჯახი კახეთში ცხოვრობს. მიყვება, რომ კახეთში წასვლა ნამდვილი დღესასწაულია. ყურძნის კრეფას რომ მორჩებიან, ნათესავები ერთ დიდ მაგიდას მიუსხდებიან ხოლმე.
ქართულ კერძებთან ერთად, სუფრაზე ყოველთვის არის ოსური ხაბიზგინები. როცა ნათესავების დღეგრძელობის დრო მოდის, კახეთიდან ზარი სოფელ სათიხარში შედის.
ეველინა მობილურს იღებს და ემას ნომერს კრეფს. დის ხმა რომ ესმის, სახე ეცვლება, თვალები უცინის. ერთმანეთი რომ მოიკითხეს, ყურმილს მე მაწოდებს.
“მთელი წელი ველოდები იმ დღეს, ეველინა რომ ჩამოდის. დავსხდებით ხოლმე და მთელი ღამე ვლაპარაკობთ. ბავშვობას ვიხსენებთ, იმ დროს, როდესაც ქართველები და ოსები ერთმანეთის მეგობრები ვიყავით; ვიხსენებთ ჩვენს სოფელს, ჩვენს მონატრებულ მშობლებს და და-ძმას,”- მეუბნება ემა.
ქართველებსა და ოსებს შორის გაჩენილი უფსკრული მისი პირადი უბედურებაა. ამბობს, რომ ამქვეყნად ერთი სურვილის ასრულება რომ შეეძლოს, ამ ორ ხალხს ერთმანეთს შეარიგებდა.
“მე ოსი ვარ, ქართველი ქმარი მყავს და ქართველი შვილები. ჩემს დასაც. მე და ჩემი ქმარი, წლებია, სიყვარულში ვცხოვრობთ და მიუხედავად ყველაფრისა, ერთად დავრჩით. ქმრის ნათესავებთანაც კარგი ურთერთობა მაქვს, მათაც ვუყვარვარ. არასდროს არაფერი ცუდი არ მიგვრძვნია მათგან იმის გამო, რომ ოსი ვარ. განა ჩემი ოჯახი არ არის იმის მაგალითი, რომ ქართველებს და ოსებს ერთმანეთის სიყვარული შეუძლიათ?! გაიხედეთ გარშემო, აქ ლამის ყოველი მეორე ოჯახი შერეულია და მათ ყველას ახლაც აქვთ ურთიერთობა იქეთ მხარეს დარჩენილ ნათესავებთან,” – მპასუხობს ემა, სატელეფონო საუბრის დასასრულს.
ეველინა ყურმილს დებს და ამბობს:
“დევნილობის შემდეგ ტელეფონი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ნივთად იქცა. შენი ახლობლების ხმა რომ არ გენატრება, ეს უკვე დიდი შეღავათია.”
ეველინას პატარა სახლში, ტელეფონს საგანგებო ადგილი აქვს მიჩენილი. მაგიდის ერთ-ერთ კუთხეში, სქელკანიან წიგნზეა შემოდებული და ყველა ოჯახის წევრმა იცის, რომ როცა გამოიყენებენ, თავის ადგილას უნდა დააბრუნონ.
საუბარს ვასრულებთ. ხმის ჩამწერ პროგრამას, რომელიც ტელეფონში მაქვს ჩატვირთული ვთიშავ და თან ჩემს მასპინძელს ღიმილით ვუდასტურებ, რომ ტელეფონი მართლაც საჭირო გამოგონებაა.
ევას კოტეჯი ჩასახლების ბოლოში დგას. საავტომობილო გზამდე ფეხით მივდივარ. ჩანთაში ტელეფონი მიდევს, რომლითაც ის ხმები მომაქვს, სატელეფონო ზარებით შენახულ და შენარჩუნებულ ურთიერთობაზე რომ ჰყვებიან.
ჩემგან რამდენიმე კილომეტრში რუსი სამხედროების მიერ, ადმინისტრაციული საზღვრის მონიშვნის მიზნით, გავლებული მავთულხლართია.