რუსეთი ყირიმში სამხედრო ტექნიკას უყრის თავს, და ცდილობს, ნახევარკუნძული სამხედრო ბაზად აქციოს. ამის შესახებ კიევში გამართულ უსაფრთხოების XI ფორუმზე უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა.
„ნახევარკუნძულზე განლაგებულია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის მძლავრი სარაკეტო სისტემები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში შეუძლიათ თვითმფრინავების ჩამოგდება… ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსი აგრესორი ყირიმში მძლავრ სამხედრო პოტენციალს არამხოლოდ იმისთვის ამზადებს, რომ თავისი იქ ყოფნა დაიცვას“, – თქვა მან.
მისი მონაცემებით, ყირიმში რუსეთის ფედერაციის 30 ათასამდე ჯარისკაცია კონცენტრირებული.
„იქ (ყირიმში) ძალიან მძლავრი სამხედრო პოტენციალია თავმოყრილი. ოცდამეორე სამხედრო კორპუსი შავი ზღვის ფლოტის სხვა ქვედანაყოფებთან ერთად და რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალთა დივიზიების ჯარისკაცების რაოდენობა 30 ათას ადამიანს შეადგენს“, – განაცხადა ტურჩინოვმა.
ტურჩინოვმა ასევე განაცხადა, რომ მომავალ კვირას ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო, აშშ-ს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ანალოგიური სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს.