უკბილო ხუმრობები
“იცით, გუშინ ჰილარი კლინტონს საზიზღარი ქალი ვუწოდე,”- განაცხადა ხუთშაბათს საღამოს დონალდ ტრამპმა სასტუმრო “უოლდორფ-ასტორიაში” ალფრედ სმიტის სახელობის ფონდის მიერ გამართულ ვახშამზე გამოსვლისას.
ჰილარი კლინტონმა, რომელიც იმავე მაგიდასთან იჯდა და ტრამპისგან მხოლოდ ნიუ-იორკის კარდინალი ტიმოთი დოლანი აშორებდა, თავი დახარა, მისი სახე არფერს გამოხატავდა.
“მაგრამ ყველაფერი შედარებითია, – გააგრძელა ტრამპმა, – გამუდმებით ჰილარის რატრატის სმენამ, როზი ო’ დონელის მიმართ გაცილებით დადებითად განმაწყო.”
ამ სიტყვებზე ტრამპმა ხმას დაუწია და კვნესაზე გადავიდა: “როზი თითქმის შევიყვარე.”
კლინტონს გაეცინა, დანარჩენებიც აჰყვნენ, თუმცა ბოლომდე დარწმუნებულები არ იყვნენ, ეს ყველაფერი რით დასრულდებოდა, და დასრულდებოდა თუ არა მშვიდობიანად. არ დასრულდა. ძნელი სათქმელია, რა მომენტში მოახერხა ტრმპმა, აუდიტორიისთვის ისეთი განცდა შეექმნა, თითქოს ყველა ტალახში ამოთხვარეს. მაგრამ ამას როგორც კი მიაღწია, ტალახს უკვე აღარ იშურებდა.
ალფრედ სმიტის ფონდი, კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო პროექტებისთვის შემოწირულობათა შეგროვების მიზნით, ასეთ ვახშამს ყოველწლიურად მართავს. იგულისხმება, რომ ამ სივრცეში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ყველაზე მძვინვარე დაპირისპირების წლებშიც კი ამ ორი მთავარი პარტიის კანდიდატებმა ერთმანეთს უნდა გაუღიმონ, მათი მომხრეები კი ერთმანეთს ეხუმრონ.
აი, მახვილსიტყვაობის ერთი მაგალითი, რის უფლებაც გუშინ ტრამპმა თავს მისცა: “ჰილარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანების მოტყუება – ილაპარაკოს ერთი საჯარო პოლიტიკაში, და აკეთოს სრულიად განსხვავებული რამ პირად ცხოვრებაში.” იგულისხმებოდა “ვიკილიქსის” მასალები.
“აი, მაგალითად, – გააგრძელა ტრამპმა, – დღეს საჯარო გამოსვლის დროს ცდილობს, თავი ისე მოგვაჩვენოს, ვითომ კათოლიკები სულაც არ ძულს.” უნდა ითქვას, რომ აქ ტრამპმა წითელი ხაზი გადაკვეთა.
მისი ხუმრობა იმ წერილის შინაარსის დამახინჯებულად გადმოცემის მცდელობა იყო, რომელიც ელექტრონული ფოსტით გააგზავნა კლინტონის თანაშემწემ, თავად კათოლიკე ჯენიფერ პალმიერიმ, რომელშიც ის კათოლიციზმს “სოციალური თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად მისაღებ და პოლიტიკურად კონსერვატიულ რელიაგიას” უწოდებს. ტრამპის ინტერპრეტაციით, ეს ნიშნავდა, რომ იქ, სადაც ბევრმა კათოლიკემ მოიყარა თავი, იმყოფება რელიგიური ფანატიკოსი კლინტონი, რომელიც კათოლიკური რწმენის მოწინააღმდეგეა.
სკოლის ხულიგანის ინსტინქტის კარნახით, ტრამპი არამარტო კლინტონის მასხრად აგდებას შეეცადა, არამედ დამსწრეების შერცხვენაც სურდა, კლინტონთან სიახლოვის გამო. მას თქვენ არც კი უყვარხართო, – მათთვის ამის თქმა უნდოდა.
მაგრამ ეს ნომერი არ გაუვიდა: ტრამპს დასრულებულიც არ ჰქონდა თავისი ხუმრობა, რომ დარბაზში აღშფოთებული გუგუნი გაისმა. “არ ვიცი, ჰილარი, ვისით არიან უკმაყოფილოები – ჩემით თუ თქვენით,”- თქვა ტრამპმა, რომელსაც ეტყობა დაავიწყდა, რომ საკუთარ წინსაარჩევნო მიტინგზე არ იმყოფებოდა, სადაც ადამიანები მზად იყვნენ საპასუხოდ დაეყვირათ: “მოსვი ერთი ეგ!” – “ამბობენ, რომ გუშინ ჩვენ პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე მწვავე დებატები გავმართეთ. ტრამპმა ჩაიცინა: არ ვიცი, უნდა ვიამაყო, თუ მეწყინოს ეს ამბავი.”
საბოლოოდ გადაწყვიტა ეამაყა. და არცთუ ცუდად დაიწყო – თვითგამანადგურებელი ხუმრობით “საკუთარი ლამაზი ხელების” შესახებ, რომლებიც თითების მოძრაობით წარმოაჩინა აუდიტორიის წინაშე. თუმცა, – აგრძელებდა ორატორი, – მათ ღვთის ხელის მაგვარი ძალა არ შესწევთ, რადგან “ღმერთს ვერავინ გაუწევს კონკურენციას – ხომ ასეა?”.(ეს იყო მინიშნება იმაზე, რომ წმინდა პატრიკის ტაძარი მე-5 ავენიუზე ტრამპ-ტაუერის მეზობლად მდებარეობს.)
ტრამპი შეეცადა ღონისძიების სულისკვეთებას აჰყოლოდა და თქვა: “მაგიდასთან დაჯდომამდე, ჰილარი შემთხვევით დამეჯახა და ძალიან ცივილიზებულად მომიბოდიშა”. აქ კლინტონს გაეცინა, ტრამპმა კი გააგრძელა: “მე კი ძალიან თავაზიანად ვუპასუხე, რომ ამაზე მას შემდეგ ვილაპარაკებთ, როდესაც პრეზიდენტი გავხდები.”
და როდესაც მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მხრიდან მის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე ხუმრობდა, ტრამპი მთლიანობაში წესიერების ფარგლებს არ ცდებოდა. “მტკიცებულება გნებავთ? მიშელ ობამა გამოდის სიტყვით და ყველა აღფრთოვანებულია. დიდებული სიტყვაა. მიშელი არაჩვეულებრივია. მაგრამ როდესაც ჩემი ცოლი, მელანია გამოდის იგივე სიტყვით, მას თავს ესხმიან. ეს არ მესმის.”
სამაგიეროდ, მელანიამ გაიგო ყველაფერი. ქმრის ამ ხუმრობის შემდეგ ის სიამოვნებისგან გაიფურჩქნა, რადგან საზოგადოებამ ყურადღება მასზე გადაიტანა. “ხშირად უხეშადაც ექცევიან. უჰ, დღეს, მგონი, სახლში მომხვდება. კარდინალო, გთხოვთ, იქნებ თქვენ დაელაპარაკოთ.”
შეიმჩნევა, რომ ტრამპის ყველაზე წარმატებული თვითგამანადგურებელი ხუმრობები არა თავად მისკენ, არამედ მისი ცოლისკენაა მიმართული.
შემდეგ ის მაგიდის ცენტრში მჯდომი სხვა ქალის შეურაცხყოფაზე გადავიდა.
“ჰილარი იმდენად კორუმპირებულია, რომ ის უორტერგრეიტის გამოძიების კომისიიდან გააგდეს, – თქვა ტრამპმა, – რამდენად კორუმპირებული უნდა იყო, რომ უოტერგრეიტის გამოძიების კომისიიდან გაგაგდონ?”
ნამდვილი ხუმრობა ყოველთვის მრავალშრიანია, და ეს ერთადერთია, რითაც ის ტრამპის ტყუილებს წააგავს. ჩვენს მიერ შემოწმებული ფაქტებით, კლინტონი არასდროს გაუგდიათ უორტერგრეიტის გამოძიების კომისიიდან, სადაც ის ახალგაზრდა იურისტად მუშაობდა, და მით უმეტეს – კორუფციის გამო.
ტრამპს გულუბრყვილოდ მიაჩნია, რომ ძალიან კორუმპირებული უნდა იყო – სასაცილოდ კორუმპირებული – უორტერგრეიტის გამოძიების კომისიიდან რომ გაგაგდონ. ან იქნებ მას ჰგონია, რომ 1972-ში გამოძიების ამ კომისიამ შეამტვრია დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინა, და არა რიჩარდ ნიქსონის მიერ მიგზავნილმა აგენტებმა. ან შესაძლოა, ტრმაპი ფიქრობს, რომ იურისტების ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც რესპუბლიკელი პრეზიდენტისთვის ვადის შემცირებას ცდილობს – ქურდების ხროვაა.
მიღებულია, რომ რაღაც მომენტში გამომსვლელები სერიოზულ საკითხებზე ან თვითანალიზზე უნდა გადავიდნენ. ბოლოსდაბოლოს ეს საქველმოქმედო საღამო ალფრედ სმიტის ხსოვნას ეძღვნება – 20-იანი წლების ნიუ-იორკის გუბერნატორს და პირველ კათოლიკეს, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი პარტიის სახელით პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.
ტრამპზე შთაბეჭდილება მოახდინა თანხამ – ექვსმა მილიონმა (“…ნაღდით!”), რომელიც ამ საღამოს შეგროვდა. და გამოთქვა აზრი “ცხოვრების კულტურის” შესახებ, რასაც კარდინალმა დოლანმა, რომელიც სულ უფრო შეშფოთებული ჩანდა, შეძლო და ტაში დაუკრა. აპლოდისმენტები რომ მინელდა, კარდინალმა შუბლი ხელსახოცით შეიმშრალა. (მომდევნო დილას კარდინალმა ტელეარხ ენ-ბი-სის აცნობა, რომ ვახშმის წინ ტრამპმა და კლინტონმა ერთობლივ ლოცვაში მიიღეს მონაწილეობა)
რაღაც მომენტში ტრამპმა განაცხადა, რომ კლინტონი დანარჩენ დამსწრეებზე იშვიათად იცინის. სინამდვილეში კი, ის ზოგჯერ სხვებზე ხშირადაც იღიმებოდა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ტრამპი მას სერიოზულად აღარ აღელვებდა. იყო გამონაკლისებიც – მაგალითად ტრამპის გამოხდომა იმის თაობაზე, თუ როგორ ქურდავს კლინტონების წყვილი გაიტის – “როგორ იტაცებენ მთელ სოფლებს”. აქ კლინტონმა გამყინავი მზერისგან თავი ვერ შეიკავა.
კლინტონმა თავის გამოსვლაში იხუმრა, თუ როგორ დაეხმარა მას სოფლის დაპყრობა სახალისო სიტყვის დაწერაში. ზოგიერთი მისი ხუმრობა სასაცილო იყო, ან, როგორც ბარაკ ობამა იტყოდა, სავსებით სასაცილო. კლინტონმა, მაგალითად, გაიკვირვა, რომ ტრამპმა მას მიკროფონი დაუთმო: “ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე იოლად დათანხმდებოდა ხელისუფლების მშვიდობიან ცვლას.”
კლინტონმა თვითგანადგურებაც მოახერხა, მათ შორის ისიც ახსენა, რომ “მკაცრად იცავს ძილის რეჟიმს.”
“როგორც წესი, ასეთ გამოსვლებში მაღალ ჰონორარს ვიღებ ხოლმე”, – განაცხადა კლინტონმა, და დასძინა, რომ თითოეული იქ მყოფი ადამიანი ისე ძლიერ უყვარს, რომ სურს, ისინი საკუთარ კოლექციაში ჰყავდეს.”
იყო ასევე ერთგვარად თითიდან გამოწოვილი ხუმრობა იმაზე, რომ ტრამპი თავისუფლების ქანდაკებას ოთხიანს უწერს ან ხუთიანს, არადა, ჰილარი რიცხვებს შორის ორმოცდახუთს ამჯობინებს (ის აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი გახდება?). ამ დროს მელანია ტრამპმა მას ალმაცერად გადახედა.
კლინტონს არც მახვილის ჩაცემა დავიწყებია. მან საღამოზე დამსწრე რუდი ჯულიანიზე მიუთითა და თქვა, კარიერის დასაწყისში ის საგადსახადო დარღვევებს იძიებდა, მერე კი გადაწყვიტა: “რადგან ამ ბიჭების დამარცხება შეუძლებელია, ჯობს, ტელეარხ “ფოქსზე” მივალ და მათ გენიოსებად მოვიხსენიებო”. ჯულიანიმ მოიწყინა.
ტრამპის ჯანმრთელობაზე მსჯელობისას კლინტონმა თქვა:”დონალდი მართლაც ცხენივით ჯანმრთელია, თუმცა იმ ცხენივით, რომელსაც ვლადიმირ პუტინი დააჭენებს”. (მან ასევე თქვა, რომ ტრამპის გამოსვლები რუსულიდანაა “გადმოთარგმნილი”, რომ მას ტრამპის სიტყვა მოეწონა, და რომ “სიამოვნებით მოისმენს, როგორ იუარებს მაიკ პენსი, რომ ტრამპი მასთან ერთად გამოდიოდა”). ეს სამართლიანი იყო, თუმცა არცთუ სასიამოვნო მოსასმენი.
ტრამპსა და კლინტონს შორის განსხვავება განსაკუთრებით შესამჩნევი იყო, როდესაც ისინი ღონისძიების სულისკვეთების გაზიარებას ცდილობდნენ და ცოდვების მონანიებაზე ლაპარაკობდნენ.
კლინტონი ალფრედ სმიტზე ლაპარაკობდა და იმაზე, თუ რამდენად ფანატიკური ანტიკათოლიკური რეაქცია გამოიწვია ზოგიერთ წრეში მისი კანდიდატურის წამოყენებამ.
“შიშსა და უნდობლობაზე დაყრდნობილი თამაშის მცდელობა გვაიძულებს, ერთმანეთი “უცხოებად” აღვიქვათ. ამგვარი რიტორიკა ხელს გვიშლის დავინახოთ, მოვუსმინოთ და პატივი ვცეთ ერთმანეთს, გვიყვრდეს გარშემო მყოფები და საკუთარი თავი.”
თითქოს დარბაზში გარემო შეიცვალა, ზუსტად ისე, როგორც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ტრამპსა და მის იდეებს სულ უფრო მკვეთრი წინააღმდეგობა ხვდება.
“საზარელი საღამოა”, – თავისი გამოსვლის დასაწყისშივე თქვა ტრამპმა.
საზარელი იყო საპრეზიდენტო რბოლაც, რომელიც თითქმის დასრულდა.
გამოქვეყნებულია: 25.10.2016