სამშაბათს, 31 ოქტომბერს, ნიუ-იორკში მანჰეტენზე სატვირთოს მძღოლი ველოსიპედისთვის განკუთვნილ ბილიკზე გადავიდა და რამდენიმე კვარტალი გაიარა, გზადაგზა ველოსიპედისტებს ეჯახებოდა, ბოლოს კი სკოლის ავტობუსს შეასკდა. პოლიციელებმა ის დაჭრეს და დააკავეს. 8 ადამიანი გარდაიცვალა, 11 დაშავდა. დამნაშავეს თან პნევმატური იარაღი და პეინტბოლის სათამაშო ავტომატი ჰქონდა.
როგორც CNN-სპოლიციის მაღალი რანგის წყარომ აუწყა, ეჭვმიტანილს მანქანაში უპოვეს ინგლისურ ენაზე დაწერილი წერილი, რომელშიც ის აცხადებს, რომ ამ ქმედებას ისლამური სახელმწიფოს სახელით ახორციელებს.
გამოძიების ფედერალური ბიურო მომხდარს ტერაქტად აფასებს. ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, რომ ამ შეფასებას ეთანხმება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ, ტვიტერში დაწერა: „ეს ავადმყოფი და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანის მორიგი შეტევასავით გამოიყურება“.
პოლიციამ უკვე დაადგინა ეჭვმიტანილის ვინაობა. მას საიფულო საიპოვი ჰქვია, 29 წლისაა, წარმოშობით უზბეკია და 2010 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს.
ნიუ-იორკში გუშინ მომხდარი ტერაქტი წელს რიგით მეორეა, რომელსაც უზბეკეთის მოქალაქე ახორციელებს. აპრილში სტოკჰოლმის ცენტრში სატვირთო მანქანა ხალხში შეიჭრა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. მომხდარი ტერაქტად შეფასდა – საჭესთან უზბეკეთის მოქალაქე რახტამ აკილოვი იჯდა.