სუს-ი: "საოკუპაციო ძალები თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ"
გაზიარება
გაზიარება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა სამხრეთ ოსეთისკონფლიქტის ზონაში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.
როგორც სუს-ი აღნიშნავს, “საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს” გორის მუნიციპალიტეტში, ჩორჩანა-პერევის მონაკვეთზე, სოფელ გუგუტიანთკარში. მათ სოფელში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეების გავლება დაიწყეს.
თბილისი ამ პროცესს “პროვოკაციულ ქმედებებს” უწოდებს.
სუს-ის ცნობით, უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც კოფლიქტის ზონაში მონიტორინგს აწარმოებს.
ასევე მუშაობს “ცხელი ხაზიც”, რადგან ბორდერიზაციის პროცესის განახლების დროს ხშირია საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები, რომლებსაც ოსური მხარე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ედავება.
კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.
ის ადასტურებს, რომ რუსმა სამხედროებმა სამუშაოები თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაატარეს:
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ მოვლენებით რაც ხდება ადმინისტრაციულ ხაზთან, განსაკუთრებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათ შორის ჩორჩანასთან. როცა საოკუპაციო რეჟიმმა გადმოწია ხაზი თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა მექანიზმი უნდა იყოს ბოლომდე გამოყენებული, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომ ეს საკითხები მოგვარდეს. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება,” – განაცხადა რუდმა.
სუს-ი ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ 2019 წლის 29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები, რომლებსაც ქართული და ოსური მხარეები ესწრებოდნენ და კონფლიქტის ზონაში არსებულ ჰუმანიტარულ და ტექნიკურ პრობლემებს განიხილავდნენ.
შეხვედრები ოსური მხარის ინიციატივით შეჩერდა მას შემდეგ, რაც აგვისტოს ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოსური მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ წნელისის მახლობლად საპოლიციო პოსტი განათავსა.