უკრაინაში, ოდესის ოლქში კუჩურგანის წყალსაცავში, წყალქვეშ მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს მილი, რომლითაც როგორც ჩანს, მოლდოვიდან უკრაინაში სპირტის გატანა იგეგმებოდა. ამის შესახებ უკრაინული მედიაპორტალი “ჰრომადსკოე” იუწყება
მილად ის ანგარიშში იყო მოხსენიებული, მაგრამ რეალურად აღმოჩენილი იყო გრძელი შლანგი, 32-მილიმეტრიანი დიამეტრით, რომელიც მოლდოვის ნაპირიდან უკრაინამდე იყო გადაჭიმული.
“მისი მეშვეობით ბოროტგანმზრახველები, სავარაუდოდ, მოლდოვიდან უკრაინაში სპირტის უკანონოდ გატანას გეგმავდნენ“, – ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის შეტყობინებაში.
სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ მილი ახლახან არის გაყვანილი და ჯერ არავის გამოუყენებია, „რადგან შლანგს სპირტის დამახასიათებელი სუნი არ ასდიოდა“.
უკრაინელმა მესაზღვრეებმა კატარღის საშუალებით შლანგის მხოლოდ ერთი ნაწილი ამოიღეს – სახელმწიფო საზღვრის ხაზამდე. ამოღებული მილი 540 მეტრის სიგრძისაა.