სომხური ოცნება
ჩვენი პირველი გმირი ერევნის გარეუბანში, ნორკის მასივში შეგვხვდა.
11 წლის ბიჭი იყო, რომელიც ეზოში თამაშობდა, გასართობს ეძებდა. ცდილობდა, შინ მისვლამდე დრო რაც შეიძლებოდა გაეწელა. დიდხანს არ დასჭირვებია ხვეწნა.
ბიჭმა ასეთი წერილი დაწერა:
‘გამარჯობა, ძვირფასო თოვლის პაპა! შეიძლება, ცოტა ძვირიან საჩუქარს ვითხოვ. მინდა,გორგოლაჭებიანი ფეხსაცმელები მაჩუქოთ. თუ მოახერხებთ, იქნებ 31 დეკემბერს, ღამით მომიტანოთ ჩემი საჩუქარი.’
ვიქსანიანი ერიკი, 11 წლის
სვეტლანა მეგობრებთან ერთად კომიტასოვის ბაღში ზამთრის მზით ტკბებოდა. ვიდრე მისი მეგობრები ჩურჩულებდნენ, ჩუმად იცინოდნენ და ღიღინებდნენ კიდეც, სვეტლანამ დაწერა:
‘ჩემო ძვირფასო და საყვარელო თოვლის პაპა, სულმოუთქმელად გელოდები, იმიტომ, რომ ვიცი, ამქვეყნად ნამდვილად არსებობ. ძალიან მინდა, რომ მაჩუქო სიხარული, ბედნიერება და ყველაზე უბრალო, კარგი ადამიანური გრძნობები და განცდები, ფული, სამსახური და მშვიდობა ოჯახში. და კიდევ _ მინდა, ხშირად მოდიოდე ჩემთან, რომ რაც შეიძლება სწრაფად ამიხდეს ოცნებები!’
კიზირიანი სვეტლანა, 21 წლის, სტუდენტი
ანაითს ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შევხვდით, სადაც ის, ჩვეულებრივ, საკუთარი ხელით მოქსოვილ ნივთებს ყიდის ხოლმე.
აი, რა მისწერა მან თოვლის ბაბუას:
‘ძვირფასო თოვლის პაპა, ამ ახალ წელს პირველ რიგში მშვიდობას გთხოვ! ეს უბრალო სიტყვა არაა, რომელსაც საბჭოთა ეპოქაში ყასიდად ამბობდნენ ხოლმე. მოხუცი კაცი ხარ და ალბათ გახსოვს, როგორ იმეორებდნენ ხოლმე ტელევიზორში ფრაზას, _ „მშვიდობა მსოფლიოს!“ მინდა, რომ ეს წელი ყველა ჩემი ახლობლისთვის ბედნიერი იყოს! ყველა ბავშვს უდარდელ ბავშვობას ვუსურვებ! პირადად ჩემთვის კი წარმატებას გთხოვ და, რაც მთავარია _ ახალ ბინას!’
ანაით დავთიანი, 48 წლის
პაპა ინძანესი მარტიროს სარიანის სკვერში შეგვხვდა,სადაც მხატვრები საკუთარ ქმნილებებს ყიდიან. თავის ტილოსთან იდგა და მეგობარ მხატვრებს ესაუბრებოდა.
ჩვენმა თხოვნამ ძალიან გაახალისა და ასეთი წერილი დაწერა:
‘ძვირფასო თოვლის ბაბუა, გთხოვ 18-29 წლის ცოლს, რომელსაც ყავისფერი თვალები და თეთრი კანი ექნება. 250 000 დოლარიც უნდა ჰქონდეს და კეთილმოწყობილი სამოთახიანი ბინაც (ჯაკუზით); კიდევ „ჰამერის“ მარკის ავტომობილი. მერე რა, რომ 80 წლის ვარ! სასურველი სასიძო ვარ, გარანტიას გაძლევ’.
ინძანეს კირაკოსიანი, 80 წლის, სომხეთის დამსახურებული მხატვარი
ჩვენმა გმირებმა გვთხოვეს, მათი წერილები დანიშნულების ადგილას დროულად მიგვეტანა, რომ მათი სურვილები რაც შეიძლება სწრაფად ასრულებულიყო.