სომხეთში ყოფილი ჩინოვნიკები ხეების ჭრისთვის დააკავეს
ფოტო: გორ აიზაკ ოგანესიანი
ტყეების შენარჩუნებისთვის ბრძოლის ფარგლებში, სომხეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – დაკავებულები არიან ბუნების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ინსპექციის ყოფილი თანამშრომლები და იმ დაწესებულებებისა და უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც, ქრთამის სანაცვლოდ, ხეების უკანონო ჭრის მოცულობას არ აღნუსხავდნენ, და ასევე მწვანე ზონებისთვის მიყენებული ზიანის შესახებ მონაცემებს აყალბებდნენ.
ხეების არალეგალურად ჭრის შემთხვევათა უმეტესობა წელს ლორის ოლქშია დაფიქსირებული. ოლქის პროკურორის არსენ მარტიროსიანის თქმით, დარეგისტრირებულია 86 შემთხვევა, მათ შორის 69-ზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ყველა ამ საქმიდან სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი დაახლოებით 45 მილიონი დრამით (თითქმის 95 ათასი დოლარით) არის შეფასებული.
“ ხეების უკანონოდ ჭრის თითოეულ ფაქტზე გამოძიების საგნად უნდა იქცეს პსუხისმგებელ პირთა ქმედებების მართლზომიერება – მეტყევეების, ზედამხედველების, ინჟინრების, დირექტორების მოადილეებისა და დირექტორების, ასევე ბუნების დაცვის ინსპექციის შესაბამისი თანამშრომლების მოქმედებებში გამოვლენილი დარღვევები“, – განაცხადა არსენ მარტიროსიანმა.
ეკოლოგები კანონდამრღვევთა წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებას დადებითად აფასებენ, თუმცა ეს ზომები ტყეების გაჩეხვის წინააღმდეგ საბრძოლველად არასაკმარისად მიაჩნიათ.
JAMnews-სთან საუბრისას ეკოლოგმა აპრეს ზოგრაბიანმა თქვა, რომ ეს დაკავებები აუცილებელია ხეების გაჩეხვის აღსაკვეთად, მაგრამ ეს მხოლოდ „კოსმეტიკური“ ზომებია, რადგან არ ისჯებიან ისინი, ვინც შექმნილ ვითარებაზე მართლა პასუხისმგებელია.
„ტყეები მრავალი წლის განმავლობაში იჩეხებოდა. ამას ერთ დღეში ვერ გადააჩვევ მათ, ვინც ამით ოჯახს არჩენს. მთავარი დამნაშავე, ვინც ამაზე პასუხი უნდა აგოს – ქვეყნის პრეზიდენტია, მაგრამ საკუთარ თავს ხომ არ დააპატიმრებს?“, – ამბობს აპრეს ზოგრაბიანი.
ეკოლოგების თქმით, ხეებს ჭრიან როგორც სახლების გასათბობად, ისე მათი გაყიდვის და ნედლეულად გამოყენების მიზნით.
„ეს არის დიდი ბიზნესი, რომელშიც სოფლის მაცხოვრებლებს არანაირი როლი არ აქვთ. სოფლის მაცხოვრებელმა შეიძლება ერთი-ორჯერ მოჭრას ხე, რათა გათბობის პრობლემა გადაჭრას, მაგრამ ბიზნესი ადგილობრივი და სხვა ხელისუფლების ხელშია და ეს მომგებიანი ბიზნესია, რადგან ხე-ტყე ძვირი ღირს“, – მიაჩნია ეკოლოგს.
ბუნების დაცვის მინისტრი არცვიკ მინასიანი ირწმუნება, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ხეების უკანონო ჩეხვას მხარს უჭრს და ახალისებს, პასუხი უნდა აგონ და დაისაჯონ მათი თანამდებობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის მიუხედავად.
„არავინ ზღუდავს ადამიანების უფლებას, რომ საკუთარი სახლი გაათბონ, მაგრამ უკანონო გზით შემოსავლის მიღება, და ამის ცხოვრების ნორმად ქცევის მცდელობა დაუშვებელია. ამგვარი მხილებები ისევ გაგრძელდება. ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ბუნებრივი რესურსები საზოგადოების კუთვნილებაა. თუ ვინმე ამბობს, რომ ტყის გაჩეხვა და განადგურება შეიძლება, ჩვენ ამას წინ უნდა აღვუდგეთ და ვუთხრათ: არა, ტყე ყველას ეკუთვნის!“, – განაცხადა მინისტრმა.