სომხეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სოფლის მოსახლეობას სახელმწიფო წელს დიზელით დაეხმარება. ამის მიზეზია დიზელზე მომატებული ფასები, რის გამოც ხელისუფლებამ სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო – სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს სოფლის მოსახლეობის ხარჯების ნაწილს.
გადაწყვეტილება სოფლის მოსახლეობის მხარდასაჭერად დიზელის საწვავის ფასის ზრდის გათვალისწინებით იქნა მიღებული.
კონკრეტულად რა დახმარებაზეა საუბარი და რაიმდენად შეუმსუბუქებს ის გლეზებს საწვავზე გაზრდილ დანახარჯს, ჯერჯერობით უცნობია.
დიზელის საწვავზე სააქციზო გადასახადი 35 000 დრამიდან (72$) 13 000 დრამამდე (27$) შემცირდა, თუმცა ამოქმედდა ახალი რეგულაციები, რამაც სომხეთში დიზელის საწვავი 15 %-ით გააძვირა – 2018 წლის 1 იანვრიდან, საგადასახადო ცვლილებების თანახმად, დიზელი დღგ-ს რეგულირების სფეროში შევიდა.
რადგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ძირითადად დიზელის საწვავზე მუშაობს, ფასების ზრდა, პირველ რიგში, სოფლის მოსახლეობას დაარტყამს. დაზარალდებიან ტვირთის გადამზიდავებიც. დიზელის საწვავის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ გაძვირება არ შეიძლება არ აისახოს პროდუქციის ფასებზე.
„სოფლის მოსახლეობისთვის ხარჯები დღევანდელი ფასებით 1 ჰექტარზე 20-40 ათასი დრამით (40-80$) გაიზარდა, ამასთან, ჩვენი ფერმერები ერთ ტომარა აზოტის სასუქში 6-7 ათას დრამს იხდიან (12-14$), რუსები კი 3 ათას დრამს (6$)“, – აღნიშნა აგრარულ და სოფლის მეურნეობის ასოციაციის თავმჯდომარემ გრაჩ ბერბერიანმა.
ფერმერებისთვის ძვირი დაჯდება პროდუქტის ქალაქში ჩატანაც. ეს ყველაფერი ერთად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ფასების ზრდას გამოიწვევს.
სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ მირუმიანმა განაცხადა, რომ დიზელის საწვავზე დამატებითი ღირებულების გადასახადის დაწესება ნორმალური მოვლენაა. მისი თქმით, სომხეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც დიზელის საწვავი დღგ-ს არ ექვემდებარებოდა.
ეკონომისტებს კი მიმიაჩნიათ, რომ ხელისუფლება არასაკმარისს აკეთებს ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად:
„მთავრობა ვალდებულია შეგვატყობინოს, რა ნაბიჯებს დგამს, ფასების ზრდა რომ შეაჩეროს. სინამდვილეში ფასის ზრდის გავლენა არც ისეთი დიდია, უბრალოდ ტენდენციებია არასწორად წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მკაფიოდ განახორციელოს თავისი ფუნქციები რეგულირებისა და კონტროლის მიმართულებით“, – აღნიშნა ეკონომისტმა ტატულ მანასერიანმა.