სომხეთში კონტრაქტით მომსახურე სამხედროებს სიგარეტის ნაცვლად ფულს დაურიგებენ
გაზიარება
გაზიარება
23 თებერვალს მთვრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება მშვიდობიან დროში სამხედრო მოსამსახურეთა კვების რაციონიდან სიგარეტის ამოღების შესახებ. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს კონტრაქტით მომსახურე სამხედროებს. ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა რაციონიდან ამოღებული იქნება არამარტო სიგარეტი, არამედ ასანთიც.
სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვიგენ სარგსიანის თქმით, ჯარისკაცებს დღეში თითო კოლოფი სიგარეტი ურიგდებათ, რაც ბოლოდროინდელი გამოთვლების მიხედვით, მათ მოთხოვნებს არ შეესაბამება. ამიტომ, გადაწყდა, მოსამსხურეებს თანხა ხელზე მისცენ.
ვარაუდობენ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება არამწეველ სამხედრო მოსამსახურეებს მოწევისგან თავს შეაკავებინებს; ხოლო ვინც ეწევა, იმ მარკის სიგარეტის ყიდვას შეძლებს, რომელიც თავად ურჩევნია.
ამ პროექტის აუცილებლობა ნაკარნახევი იყო “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის ” მოთხოვნებით, რომლის რატიფიცირება სომხეთის ეროვნულმა საკრებულომ 2004 წლის 12 ოქტომბერს მოახდინა, და გამომდინარეობდა მოწევის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამიდან, ასევე – სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პროგრამიდან „ჯანმრთელი ჯარისკაცი უსიგარეტოდ“, რომლის მთავარი მიზანია – სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის დაცვა.