სომხეთში ერთობლივი სომხურ-რუსული სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს
სომხეთის ტერიტორიაზე ერთობლივი სომხურ-რუსული სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამ წვრთნებში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 3 ათასი ჯარისკაცი, 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის – გამანადგურებელი МИГ-29, ვერტმფრენები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და უპილოტო საფრენი აპარატები. სომხეთში წვრთნები 15 აგვისტომდე გაგრძელდება.
ეს წვრთნები საქართველოში ნატოს ფართომასშტაბიანი წვრთნების ფონზე მიმდინარეობს. სამხედრო სწავლებაში, სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი -2018“ 13 ქვეყნის სამი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის – საქართველოდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ნორვეგიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან. სომხეთიდან ამ წვრთნებში ოთხი ოფიცერი მონაწილეობს.
რუსეთის ხელისუფლებამ უკვე მოასწრო წუხილი გამოეთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ წვრთნებში მისი მეზობელი ქვეყნები მონაწილეობენ. მოსკოვს მიაჩნია, რომ ეს წვრთნა რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა მარია ზახაროვამ ამის შესახებ საჯაროდაც კი განაცხადა:
„ვერ დავეთანხმებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას იმის თაობაზე, რომ ეს წვრთნები შავიზღვისპირა რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენაა მიმართული. სტაბილურობა და უსაფრთხოება – ეს არის კონსტრუქციული დიალოგი, და რა ვერტმფრენები და ტანკები. აშკარაა, რომ მათ ნამდვილ მიზანს, პირველ რიგში, სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და რუსეთზე ძალისმიერი ზეწოლის პროეცირება წარმოადგენს“.
პოლიტოლოგი სტეპან გრიგორიანი აღნიშნავს, რომ რუსეთს თავისი პარტნიორების ნატოსთან თანამშრომლობის მიმართ ტრადიციულად ეჭვიანი დამოკიდებულება აქვს:
„რუსეთი ნატოს მის წინააღმდეგ არსებულ საფრთხედ განიხილავს და ის მტკივნეულად განიცდის, როდესაც პოსტსაბჭოთა ქვეყნები მასთან თანამშრომლობენ, ან მისი წევრობისკენ მიისწრაფვიან. ეს არის საქართველო და უკრაინა. სომხეთი ყოველთვის მუშაობდა ნატოსთან. ჩვენი პროგრამები არასდროს ყოფილა ისეთი დიდი, რომ რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. მაგრამ რუსეთი ამ შემთხვევაშიც წუხილს გამოთქვამდა. ეს პირველ რიგში დიდ პოლიტიკას უკავშირდება. და სომხეთ-რუსეთის წვრთნები, შესაძლოა, ერთგვარი კომპენსაციური ეფექტი იყოს სომხეთის ხელისუფლების მხრიდან, რათა რუსეთი ძალიან არ განაწყენდეს“.
ამავდროულად ექსპერტს მიაჩნია, რომ სომხეთის ხელისუფლების მხრიდან ნატოს წვრთნებში მონაწილეობა სწორი გადაწყვეტილებაა:
„ეს წვრთნები ჩვენს სამხედრო, მედპერსონალსა და გამნაღმველ კონტიგენტსაც კარგ უნარ-ჩვევებს სძენს. ეს ხომ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა არ არის, რომ ვთქვათ, თითქოს სომხეთი ნატოს სტანდარტებზე გადადის. არა, ჩვენი სამხედროები მნიშვნელოვან უნარებს იძენენ. თანაც სომხეთს არ შუძლია, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან სრული იზოლირება მოახდინოს. მაგრამ ასეთ საკითხებზე უმჯობესია რუსეთთან მოილაპარაკონ, კი არ შეათანხმონ, არამედ სწორედაც რომ – მოილაპარაკონ.
სტეპან გრიგორიანი აღნიშნავს, რომ აქამდე სომხეთის ხელისუფლებას გამოსდიოდა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში სამხედრო თანამშრომლობა დაემყარებინა, და თან ნატოს პროგრამებზეც არ ეთქვა უარი:
„ეს პროგრამები კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობას ხელს არ უშლის. ნატოსთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ სამეცნიერო პროგრამებს, საგანგებო სიტუაციების პროგრამებს. პრინციპში, ამ პროგრამებში სამხედრო კომპონენტი მცირეა“.