სომხეთის სამი რესპუბლიკა ერთ საუკუნეში
28 მაისს სომხეთში რესპუბლიკის დღეს აღნიშნავენ. ამ დღესასწაულს ხალხში ხშირად პირველი რესპუბლიკის დღეს ეძახიან.
1918 წლის 28 მაისს გამოცხადებული სომხეთის რესპუბლიკა “პირველ რესპუბლიკად” ითვლება. შესაბამისად, საბჭოთა სომხეთს მეორე რესპუბლიკა დაერქვა, ამჟამინდელი სომხეთის რესპუბლიკა კი, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წლის რეფერენდუმის საფუძველზე გამოაცხადა, რიგით მესამე გახდა.
• საქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. ფოტორეპორტაჟი
• რა გააკეთეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ, როდესაც 100 წლის წინათ დამოუკიდებლები გახდნენ?
სომხეთის პირველი რესპუბლიკა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შედეგად შეიქმნა. იგი ომების დროს იშვა, “გაიზარდა” და მისი არსებობა ამავე პირობებში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებით შეწყდა.
დამოუკიდებლობის შესახებ სასიხარულო ამბავი შეკრებილებს მთავრობის შენობის აივნიდან აცნობა სახელმწიფო და საზოგადოებრივმა მოღვაწემ, არამ მანუკიანმა.
“ახალ ვითარებაში, რომელიც ამიერკავკასიის პოლიტიკური კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა, სომხეთის ეროვნული საბჭო თავს უმაღლეს და ერთადერთ ხელისუფლებად აღიარებს სომხეთის ოლქებში”. ამ განცხადებით, რომელიც 1918 წლის 28 მაისს ტფილისში წაიკითხეს, ხოლო რამდენიმე დღეში ერევანშიც გაისმა, რეალურად, სომხეთის პირველი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა.
თურქეთთან მებრძოლი სომხეთი იმდენად პატარა იყო (მისი ფართობი 10 ათას კვადრატულ მეტრს არ აჭარბებდა), რომ ბევრი მას არარატის რესპუბლიკას, ან ერევნის რესპუბლიკას უწოდებდა. თუმცა, 2,5-წლიანი არსებობის განმავლობაში ამ სახელმწიფომ შეძლო იმ ტერიტორიების ნაწილის დაბრუნება, რომლებიც მეფის რუსეთის შემადგენლობაში სომხურად იყო მიჩნეული. მისი ტერიტორია ქალაქ ოლთისიდან (რომელიც თანამედროვე თურქეთში, არზრუმის პროვინციაში მდებარეობს) მეღრიმდე გადაიჭიმა.
ხელისუფლება ყველა საშუალებით ეწინააღმდეგებოდა საზღვარგარეთიდან სომხეთზე განხორციელებულ ზეწოლას და, ამავდროულად, ცდილობდა, ეზრუნა “მემკვიდრეობით მიღებულ” ასობით ათას ობოლზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ ოსმალურ თურქეთში განხორციელებულ გენოციდს.
ათასობით ლტოლვილის დაცვაში დიდი წვლილი მიუძღვის სამხედრო მოღვაწე ანდრანიკ ოზანიანს, რომელიც პირველი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში ერთდროულად იბრძოდა კიდეც, მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა და თან, იმასაც ცდილობდა, რომ ათობით ათასი დევნილს გასძღოლოდა და მათი უსაფრთხოება უზრუნველეყო.
იმ პერიოდში უსაზღვრო სიღატაკე სუფევდა. პირველი რესპუბლიკის მეორე პრემიერ-მინისტრი, რომელიც მანამდე 7 წლის განმავლობაში ტფილისის მერი იყო, ხშირად ოფიციალურ მიღებებზე მისასვლელად საჭირო ტანსაცმელს ხელისუფლების სხვა წევრებს სთხოვდა.
უკანასკნელი პრემიერმინისტრი კი ერთხელ სამსახურში ვერ წავიდა იმის გამო, რომ ერთადერთი შარვალი მოჰპარეს. მისი ცოლი იძულებული გახდა, რომ ეს ამბავი მთავრობისთვის ეცნობებინა.
სომხეთის გასაბჭოების შემდეგ სომხური დიასპორები მაინც აგრძელებდნენ 28 მაისის აღნიშვნას. სომხურ სათვისტომოებს, ძირითადად, ოსმალეთის იმპერიიდან დევნილი ადამიანები და მათი შთამომავლები წარმოდგენდნენ. თუმცა, გასაბჭოების შემდეგ მათ რიგებს სომხეთიდან გადახვეწილი ემიგრანტებიც შეუერთდნენ.
ყველა ფოტო გადაღებულია პარტია “სომხეთის რევოლუციური ფედერაცია – დაშნაკცუთიუნის” ისტორიის მუზეუმში
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს