სომეხი ჩარლი ჩაპლინი
ხელოვნება მხოლოდ მაშინ არის ‘ხელოვნება’, თუ ის ადამიანს კათარზისს განაცდევინებს. როდესაც მნახველს შინაგანად ისეთი რამ უგროვდება, რაც კვალს უტოვებს და შემდეგ ამას განიცდის. ხელოვნებამ ადამიანებში, გადატრიალება თუ არა, სრულყოფილებისკენ, მშვენიერებისკენ სწრაფვა მაინც უნდა გააღვივოს. რუსულ და უკრაინულ ფილმებს, რომლებშიც მე ვითამაშე, ისევ ვხედავ დიდ ეკრანებზე. კარგი ნამუშევრებია. მათ ავტორებს მართლაც ჰქონდათ სათქმელი.
მსახიობის პროფესიის ყველა სიკეთით დავტკბი – ცნობილი გავხდი და ღირსეულადაცდ დამაფასეს. ჩემს ოცნებებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ყოველთვის ვდილობ, ოცნებები ავისრულო. როგორც ათსართულიანი სახლი შენდება ეტაპობრივად, ასე სართულ-სართულ მივიწევ ზემოთ. არ ვიცი, რომელ სართულზე ვარ, მაგრამ წინ კიდევ მაქვს სართულები, რომლებსაც უნდა მივაღწიო. რამდენიმე იდეა მაქვს, მაგრამ სახალხო არტისტები, სხვა მსახიობებივით, ცრუმორწმუნეები ვართ. ამბობენ, – ბევრს თუ ილაპარაკებ, ოცნება არ ახდებაო.
მჯერა, რომ თუ ადამიანი რაიმე იდეას თავს მიუძღვნის, მიზანს აუცილებლად მიაღწევს. ჩემი გამოცდილებით, ადამიანს უბედურება შემთხვევით არ ემართება – ამას თავის მიზეზი აქვს და ყოველთვის რაიმე შეცდომის ან ცოდვის შედეგია. იქნებ განგება განსაცდელს იმიტომაც გვიგზავნის, რომ გამოგვცადოს მის ღირსეულად გადატანას თუ შევძლებთ. ამ მხრივ, ბედისწერის ნამდვილად მწამს. მთავარია, შენი შინაგანი ღმერთი ისე ცხოვრობდეს, რომ მერე არ ინანო.
ბედნიერება მხოლოდ კმაყოფილების შედეგად მოდის. ჩემს კმაყოფილებას რამდენიმე მიზეზი აქვს: სამსახური, ოჯახი… ახლახან ჩემს ოჯახს ახალი წევრი შეემატა – ჩემი შვილიშვილი.
სულაც არ მინდა ცხოვრების თავიდან დაწყება. თავიდან რომ შემეძლოს ცხოვრების დაწყება, არაფერს შევცვლიდი. ერთი და იგივეს ორჯერ განცდა კი ნამდვილად არ ღირს. ასეთ შემთხვევაში, ცხოვრება სიახლეს იქნებოდა მოკლებული.
ღმერთი ძალიან ბევრს გვაძლევს! ადამიანს უნდა შეეძლოს, რომ თავადაც დატკბეს იმით, რაც ღმერთმა უბოძა და სხვასაც მისცეს ამის საშუალება. საშინელებაა, როდესაც ადამიანი ვერ შედგება პიროვნებად, არტისტად, ქალად ან კაცად. წარმოუდგენელია ამაზე დიდი უბედურება. ზოგი ადამიანი ცხოვრობს, ყველაფერი აქვს, მაგრამ თან – არაფერი. უკმაყოფილო ადამიანი საშიშია. უკმაყოფილება ტყუილად არ ჩნდება. ადამიანი თავისი ბედის არქიტექტორია.
შესაძლებლობა მხოლოდ ორჯერ ან სამჯერ ეძლევა ადამიანს. მზად თუ არ დახვდი, შეიძლება შანსი სამუდამოდ გაუშვა ხელიდან და შემდეგ მთელი ცხოვრება ინანო. ჩემს სტუდენტებს ხშირად ვუმეორებ: ‘ყოველთვის მზად იყავით, რომ ერთხელაც კარი გაიღება და მიგიწვევენ.’