საშიში ადამიანები
მათ დაკითხვას უწყობენ, აპატიმრებენ, ემუქრებიან (პირადადაც, და მათ ახლობლებსაც); ბევრ მათგანს კი ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ზეწოლა კი არა, “უკანონო ქმედებების აღსაკვეთად მიღებული ზომებია.”
ჟურნალისტები გვიყვებიან:
ორჰან მამედოვი ამბობს, რომ იმ სტატიების გამო, რომლებიც მან Meydan TV-სთვის დაწერა, მიმდინარე წლის ივნისში მამამისი სამსახურიდან გაათავისუფლეს. “თავიდან რამდენჯერმე გაგვაფრთხილეს, შემდეგ კი, როდესაც ჩემმა დამ გადაწყვიტა, ერთ-ერთ ადგილობრივ ინსტიტუტში მუშაობა დაეწყო და საბუთები მიიტანა, ინსტიტუტის ადმინისტრაციამ უარი უთხრა, და მიზეზად მისი ჩემთან ნათესაური კავშირი დაასახელა. ახლახან ჩემს ნათესავებს, რომლებიც სხვა ქალაქში ცხოვრობენ და წლებია, მათთან ურთიერთობა არ გვაქვს, სახლში მიაკითხეს და “გააფრთხილეს”.
დამოუკიდებელი ჟურნალისტი აითენ ფარხადოვა: “ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარმა სამმართველომ რომ დამაკავა, ამის შესახებ ჩემმა ოჯახმა შეიტყო ერთი სახელმწიფო უწყების მუშაკისგან, რომელმაც ბიძაჩემს დაურეკა. ყველანაირად ვცდილობდი, ჩემიანები არ შემეწუხებინა, ახლა კი მთელი ოჯახი მსაყვედურობს, – ნუთუ სხვა სამსახურს ვერ იშოვი, ეს ყველაფერი რაში გჭირდებაო.”
აითენი იძულებული გახდა, Meydan TV-სთან ურთიერთობა გაეწყვიტა. “საერთოდ დავანებე თავი ჟურნალისტიკას. აზერბაიჯანში ჟურნალისტად მუშაობა დანაშაულის ტოლფასია. მიჭირს ამაზე საუბარი. რამდენი საინტერესო თემაა, და რამდენ ადამიანს სჭირდება დახმარება, მე კი ვერაფერს ვწერ, რადგან მუშაობის დაწყება და ჩემი დაპატიმრება ერთი იქნება.”
ჯავიდ აბდულაევი დაკითხვის შესახებ ჰყვება: “დამირეკეს და მითხრეს, რომ მედიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა გახსნილი და ადგილზე უნდა მივსულიყავი. გაირკვა, რომ მინგეჩაურის საქმესთან დაკავშირებით მიბარებდნენ. (მინგეჩაურის მკვიდრი პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, რასაც მინგეჩაურელებისა და პოლიციის დაპირისპირება მოჰყვა.)
ბევრი შეკითხვა დამისვეს Meydan TV-ს შესახებაც. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ბინა, რომელსაც კიევში ვქირაობდი, გაჩხრიკეს და კამერა და კომპიუტერი წაიღეს. არავის აუხსნია ჩემთვის, თუ რაში იყო საქმე.”
შეკითხვაზე “როგორ აპირებთ თქვენი თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვას” – Meydan TV-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჰაბიბ მუნთეზირი პასუხობს: “რამდენადაც შეგვიძლია, ვცდილობთ, სამართლებრივი თვალსაზრისით დავიცვათ ჩვენი თანამშრომლები. თითოეული მათგანს ადვოკატი დავუქირავეთ უფლებების დასაცავად. ჯერჯერობით სხვას ვერაფერს ვიღონებთ.”
ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება ორჰან მამედმაც გამოთქვა: პირადად მე Meydan TV-სგან არაფერს ველოდები. ისინი არ არიან ისეთი ძლიერები, რომ დაგვეხმარონ. ალბათ ხელისუფლება მათ გაძლიერების საშუალებას არც მისცემდა. მათ მხოლოდ იმიტომ ვეხმარები, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა საბოლოოდ არ ჩაკლან.”
• Meydan TV — ყოველკვირეული ონლაინტელევიზიაა, რომელიც ცდილობს, “პოლიტიკის, ეკონომიკის, საზოგადოებრივ და კულტურის თემებზე თავისუფალი დისკუსიებისთვის დამოუკიდებელი პლატფორმა შექმნას.” მისი დამფუძნებელი ემინ მილი ცნობილი საზოგადო მოღვაწეა, რომელსაც ორწელიწადნახევრის ვადით პატიმრობა მიესაჯა (ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა Amnesty International, მიიჩნევენ, რომ მილის პატიმრობას პოლიტიკური მოტივი აქვს). ამჟამად მილი ევროპაში ცხოვრობს.