საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც უფრო მეტი ტურისტია, ვიდრე მოსახლეობა
გაზიარება
გაზიარება
ბრიტანულმა გამოცემა ტელეგრაფმა, საქართველო იმ 51 ქვეყანას შორის დაასახელა, სადაც ტურისტების რაოდენობა ადგილობრივ მოსახლეობას აჭარბებს. საქართველო 37-ე ადგილზეა და აქ ერთ სულ მოსახლეზე 1.5 ტურისტი მოდის.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტელეგრაფი 2015 წლის სტატისტიკურ მონაცემებს დაეყრდო, როცა საქართველოს 5,9 მილიონი ადამიანი ესტუმრა. გასული 2016 წლის მონაცემებით კი 3.7 მილიონი ადამიანით დასახლებულ საქართველოში 6.3 მილიონამდე სტუმარი ჩამოვიდა.
ეს რიცხვი კიდევ უფრო გაზრდილია მიმდინარე წელს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საზღვარი 1.26 მილიონმა ვიზიტორმა გადაკვეთა, რაც წინა წლებთან შედარებით 11.4 პროცენტით მეტია. შესაბამისად, გაზრდილია ტურიზმის სექტორის შემოსავლებიც – 23 პროცენტით. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალმა უკვე 435 მილიონი ლარი შეადგინა.
2017 წლის დასაწყისში ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან შემოვიდა.