საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა ფიცი დადო. რუსეთს მან საქართველოს "მტრული მეზობელი" უწოდა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა ვაშინგტონში ფიცი დადო.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანის წარდგენის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული წლის სექტემბერში გააკეთა. 19 დეკემბერს კი სენატმა დეგნანის კანდიდატურა დაამტკიცა.
ფიცის დადების დროს წარმოთქმულ სიტყვაში დეგნანმა თქვა, რომ მისი მისია იქნება გაგრძელდეს ამერიკის თანამშრომლობა საქართველოსთან დემოკრატიის განვითარების, ვაჭრობის და უსაფრთხოების კუთხით.
• აქებს თუ აკრიტიკებს? რას ეუბნება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას?
• რატომ არის ამ დრომდე საქართველო აშშ-ს ელჩის გარეშე? სახიფათო პოლიტიკური გარიგების შესახებ
კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია.
საქართველოში ელჩად დანიშვნამდე კალიფორნიელ დიპლომატს მრჩეველი-დესპანის სტატუსი ჰქონდა და იგი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად მუშაობდა.
25 წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში კელი დეგნანი იტალიასა და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. იყო პოლიტიკური მრჩეველი ნატოში, აშშ-ის წარმომადგენლობაში; ასევე თურქეთში, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილე; ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელი.
კელი დეგნანი ასევე მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ პოლიტიკურ საკითხებში.
საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი ფილოსოფიის დოქტორია. აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში. ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებს.
თავის სიტყვაში მან რამდენჯერმე ახსენა რუსეთი და მას “საქართველოს “მტრული, აგრესიული მეზობელი” უწოდა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის:
“ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად – ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება”.
“მაშინ, როდესაც იმედის თვალით ვუყურებთ საქართველოს მომავალს, ღირს გავიხსენოთ საიდან დაიწყო საქართველომ და რამდენს მიაღწია ამ ქვეყანამ ომის, ოკუპაციის, ეკონომიკური ემბარგოებისა და მტრული, აგრესიული მეზობლის მიუხედავად,” – აღნიშნა დეგნანმა.
ელჩის თქმით, მართალია საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბიზნესის კეთების სიმარტივესა და კორუფციასთან ბრძოლის საქმეში, თუმცა ახლა აქცენტი “სისტემებისა და კანონების აღსრულებაზე, სამართლიანობასა და გამჭვირვალობაზე” უნდა გააკეთოს.
ელჩის შეფასებით, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება.
“წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია. მოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდასაჭერად,” – აღნიშნა დეგნანმა.
თავის სიტყვაში ელჩმა საქართველოს “შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორი” უწოდა.
მან განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და თქვა, რომ აშშ “ერთობლივი წვრთნებითა და სწავლებებით” აძლიერებს საქართველოს უნარს, დაიცვას საკუთარი საზღვრები.
დეგნანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ მტკიცე ერთგულებას გამოხატავს ” საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”.
ელჩის თქმით, გაგრძელდება აშშ-ის მხარდამჭერი პროგრამები, მათ შორის USAID-ის მისია, რომელიც “ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და მხარს უჭერს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას”.
ასევე გაღრმავდება თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში “საქართველოს აშშ-სა და ნატოს ძალებთან თავსებადობის დონის გასაზრდელად”.
“26 წლისა და რვა ქვეყანაში 12 მისიის შემდეგ, მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს მთელ მსოფლიოში ხალხთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ყველა ჩვენგანისთვის უკეთესი მომავლის შექმნის საქმეში,” – განაცხადა ელჩმა.
• ერთ წელზე მეტია, რაც აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავს. 2018 წლის აპრილიდან, მას შემდეგ რაც აშშ-ს ელჩს საქართველოში, იან კელის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, აშშ-ს საქართველოში ახალი ელჩი აღარ დაუნიშნავს.